სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ცნობილი კოცნის მთავარი გმირები აღმოაჩინეს

სოციალური ქსელების საუკუნეში ვანკუვერის გამოსვლების დროს, ერთ–ერთ კადრში მოხვედრილი წყვილის იდენტიფიკაციის დადგენა მხოლოდ დროის საკითხი იყო. მათი აღმოჩენა მოხერხდა და მსოფლიომ „ვნებიანი კოცნის“ მთავარი გმირებიც გაიცნო.

სურათის გადაღებიდან 24 საათის შემდეგ იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა, მათ შორის, „თბილისის ფორუმიდან“ აღებული ფოტო „დრონი.ჯი“–მაც გამოაქვეყნა. საზოგადოება გააოგნა და აღაფრთოვანა ახალგაზრდების ქმედებამ. მედიასაშუალებები, „the Toronto Star“ და „CBC“ ირწმუნებიან, რომ შეყვარებულები, ბარმენი სკოტ ჯონსი და კანადის ერთ–ერთი კოლეჯის სტუდენტი, ალექს ტომასი არიან. რომელიც სურათის გადაღებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაშავდა.

მედიასაშუალებები ირწმუნებიან, რომ წყვილი ერთმანეთს მას შემდეგ ხვდებოდა, რაც ჯონსი ვანკუვერში დასასვენებლად ჩავიდა. ისინი ერთმანეთს ჰოკეის ფინალზე შეხვდნენ, როცა კონიქსმა ბოსტონ ბრუინსი 4–0 დაამარცხა. ფინალის შემდეგ, ახალგაზრდებმა ერთმანეთი დაკარგეს, მაგრამ ვანკუვერის დემონსტრაციის დარბევამ ისინი ერთმანეთს შეახვედრა. საყოველთაოდ აღიარებული და ძალიან პოპულარული სურათი კი ფოტოგრაფმა, რიჩ ლამმა გადაიღო.

ძალიან საინტერესოა გზები და საშუალებები, რითიც თომასისა და ჯონსის ვინაობა დადგინდა. არავის გააკვირვებს ის ფაქტი, რომ ჟურნალისტებს წყვილის აღმოჩენაში Facebook დაეხმარა.

პირველად სკოტის დამ ამოიცნო თავისი ძმა ავსტრალიის მედიასაშუალებით გავრცელებულ ფოტოზე, ამის შემდეგ კი სკოტის მამამ, ბრეტ ჯონსმა საკუთარ სოციალური ქსელის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სურათზე მისი ვაჟი იყო გამოსახული.

ბრეტ ჯონსი: „ეს ჩემი ვაჟია, და იგი სიყვარულისთვის და არა ომისთვის იბრძვის!“

ფოტოს გავრცელებისა და წყვილის ვინაობის დადგენის შემდეგ, მსოფლიო მედიასაშუალებები დაინტერესდნენ ამ ისტორიით. ისინი აკითხავენ ტომასსა და ჯონსს და ეკითხებიან, თუ როგორ მოახერხეს ასეთი ვითარების შექმნა მაშინ, როცა მათ გარშემო ავტომობილები იწვოდა და შენობების ფანჯრები იმსხვრეოდა.

სავარაუდოა, რომ კოცნა არ იყო დადგმული, ეს იყო ვნებისა და სურვილის გამოძახილი მაშინ, როცა დაშავებული ტომასის დასახმარებლად ჯონსი მივიდა და მან გოგონა იცნო. ჯონსის მამა აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებს სხვებიც დაეხმარნენ, როცა დაშავებული ტომასი დაინახეს.

ბრეტ ჯონსის კომენტარი საფუძველს აკარგვინებს ჭორს, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ჯონსი და ტომასი სურათის გადასაღებად ეხვევიან ერთმანეთს:

„ისინი აჯანყებულებსა და პოლიციელებს შორის აღმოჩნდნენ. ერთ–ერთმა სპეცრაზმელმა ალექსს ფარით უბიძგა, რის გამოც ეს უკანასკნელი მიწაზე დაეცა. სკოტი კი გოგონას დამშვიდებას კოცნით ცდილობდა და ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ფოტოგრაფმა კი კადრი დაიჭირა და შანსი არ გაუშვა ხელიდან.“

ჯონსის დედამ კი აღნიშნა, რომ შვილი მაშინვე იცნო, რადგან: „მას არასდროს აცვია ბევრი და ყოველთვის ერთსა და იმავე ნივთებსა თუ აქსესუარებს ატარებს.“

აღსანიშნავია, რომ ჯონსი დარბევას უვნებლად გადაურჩა, ტომასმა კი ფეხი დაიზიანა, რომელსაც მკურნალობა დასჭირდა. ცუდი ამბავი ის არის, რომ ჯონსს კანადის დატოვება მოუწევს. შინ, ავსტრალიაში კი კალიფორნიაში ვიზიტის შემდეგ დაბრუნდება. ჯონსის ოჯახის მტკიცებით, ტომასი სკოტთან ერთად აპირებს კალიფორნიაში გამგზავრებას, თუმცა ამ ეტაპზე, მათი მომავალი გაურკვეველია.

ჯონსი და ტომასი კი „Toronto Star“–ს გაესაუბრნენ.

ტომასმა აღნიშნა, რომ ყოველივე ისე სწრაფად მოხდა, რომ დაიბნა და აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა: „ვცდილობდი სიტუაციაში გარკვევას და იმის მიხვედრას, თუ რა ხდებოდა. სურათი კი ნამდვილად არ იყო ის, რასაც ჩვენ ველოდით.“

წყვილი სამ დღეში დატოვებს კანადას და კალიფორნიაში გაემგზავრება. ჯონსის ავსტრალიაში დაბრუნებამდე, ახალგაზრდები დროს ერთად გაატარებენ.

„როდესაც აღმოვაჩინე, რომ იმ ფოტოზე მე ვარ, ვერ ვიჯერებდი, განუწყვეტლივ შევყურებდი და შემდეგ მივხვდი, რომ ამ სურათში არის რაღაც არტისტული და უზომოდ მშვენიერი.“ – აღნიშნა ტომასმა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100