როდის დაისჯება საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით - რას ირწმუნება ოხანაშვილი ბუნდოვან საკანონმდებლო ცვლილებაზე
როდის დაისჯება საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით - პარლამენტის მიერ მიღებული ბუნდოვანი საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დღეს სპეციალური ბრიფინგის ჩატარება მოუწია.
ანრი ოხანაშვილი პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული ცვლილებების განმარტებას შეეცადა და თქვა, რომ "არავითარი გამკაცრება არ მომხდარა და არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ მოხდება ჩვენს მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება".
"ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირწმუნება, რომ დღეს მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კარანტინის და იზოლაციის წესების დარღვევა პრეზიდენტის დეკრეტის შესაბამისად, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
რაც შეეხება 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ოხანაშვილი ამბობს, რომ "გარკვეულმა ჯგუფებმა სცადეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები და გაზარდა სანქცია თავისუფლების აღკვეთის 6 წლამდე და თითქოს ამ სანქციას გამოყენება ექნება დღეიდან და თითქოს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს შევუფარდებთ თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე".
"მსურს განვმარტო, რომ დღეს მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებულია უკვე დაწესებული პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა და ეს რეგულაციები ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. შესაბამისად, ეს დეკრეტი რჩება ძალაში და ეს რეგულაციებიც რჩება ძალაში. არავითარი გამკაცრება არ მომხდარა და არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ მოხდება ჩვენს მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, არამედ მოქმედებს და ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ 3 წლამდე და ისიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდგომ თუკი განმეორებით ჩაიდენს პირი ქმედებას.
რაც შეეხება ჩვენს მიერ მიღებულ ცვლილებებს, მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ ჩვენ მივიღეთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელიც შეეხება არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას, არამედ საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას და ამისთვის გავითვალისწინეთ პასუხისმგებლობა ერთხელ ჩადენის შემთხვევაში, თუკი პირი განმეორებით ჩაიდენს, თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 წლამდე.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას ნიშნავს საგანგებო ან საომარი რეჟიმის დარღვევა, რისთვისაც ჩვენ დავაწესეთ თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი პირი განზრახ გადასდებს ვინმეს დაავადებას, თუკი ამ ქმედებას ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი ან ჯგუფი, თუკი დაავადებული პირი განახორციელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას ან პირი დაარღვევს საგანგებო ან საომარი მდგომარობის რეჟიმს, რაც გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი, ამ შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კომენტარი