სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არა ძალად პოეტი

როცა ჟურნალისტური გამოცდილება არ გაქვს და მაინც გაქვს სურვილი დაწერო, უნდა სცადო... ინტერნეტსივრცისას რას გაიგებ, ვის აღარ გადაეყრები, ყველა კატეგორიის ადამიანს. ცუდს არაფერს ვიტყვი - დავიღალეთ, ბატონო, ძალიან დავიღალეთ! ახლა მხოლოდ პოზიტიური მინდა დავწერო და გამოვაქვეყნო!

არც ისე დიდი ხნის წინ ერთმა ქალბატონმა მორიდებით მომმართა, რა საინტერესო ,,კედელი” გაქვს ფეისბუქზე და რამდენი შემოქმედი ტრიალებს შენს ირგვლივ, იქნებ ჩემი ჩანაწერებისათვისაც გადაგევლო თვალიო. წარმომიდგენია, როგორ წითლდებოდა ამ დროს ქალბატონი მარიამ კოზმანიშვილი. როგორც ლიტერატორმა, არ დავახანე და მისი ჩანაწერები წავიკითხე, ემოციურად ძალიან დავიტვირთე და ლირიკის რამდენიმე კარგ მოჭაშნიკეს ვუთხარი, ენახათ მარიამის ჩანაწერები... ყველამ მოიწონა და გამეხარდა, არ ვიცი, რატომ! ალბათ იმიტომ, რომ ეს ქალბატონი ძალიან დადებით ენერგიას აფრქვევს ვირტუალურ სამყაროშიც! იქნებ იმიტომაც, რომ გემოვნება არ მქონია მდარე.

მოკლე ხანში ქალბატონმა მარიამმა მითხრა, რომ იქნებ ჩემს ფოტოებსაც გადახედოო. არც ისე დიდი ხნის წინ მას შეუმჩნევია, რომ ქვებს ძალიან დიდი ესთეტიკური მხარეც აქვს. ოღონდ დანახვა უნდა სხვა თვალითო, ბუნებრივი საღებავით და აქსესუარებით მას ბევრი რამე აქვს გაკეთებული, მაგრამ მნახველი ცოტა ჰყავს ამ ყველაფერს ჯერ, რადგან ქალბატონი მარიამი თელავში ცხოვრობს და ბევრი მისი 700 ,, ქვა” ყუთში ,,ბინადრობს”...

სულ სამჯერ შედგა ჩვენი სატელეფონო საუბარი და რატომღაც სულ ჩემზე იყო ორიენტირებული საუბარი... ქალბატონი მარიამი საკუთარ თავზე საუბარს გაურბის, როცა ვუთხარი, ლამაზი ლირიკა გაქვს-მეთქი, მადლობა გადამიხადა, თითქოს მე ვწერდი მის ლექსებს...

ქალბატონი მარიამი ორი კრებულის ავტორია, ჰქონდათ სატელევიზიო სიუჟეტიც მასზე, მაგრამ ეს ნამდვილად არასაკმარისია: მისი წიგნები ჯერ ჩემთვისაც არ არის ხელმისაწვდომი და ტელევიზია კიდევ ინტერნეტმა ჩაანაცვლა, ამიტომ მინდა, რომ ქალბატონ მარიამზე ინტერნეტსივრცემაც გაიგოს. ამით პოეტის მოტივაციაც გაიზრდება და ჩვენც გავეცნობით ღირებულ პოეზიას... ,,ნეტავ გალაკტიონი ჩემზე დღეს რას იტყოდა?..”_ამბობს ერთ ლექსში ქალბატონი მარიამი. მე ვუპასუხებ გალაკტიონისვე სიტყვებით: ,,ნიჭი, ძამიკო, ნიჭი” (იმედია, ძამიკოობას აქ სათანადოდ გაიგებთ).

ზოგჯერ ,, მომქირქილებს ქარ-წვიმა: "ვაი, ძალად პოეტო!..", წუხს მარიამი! აქვე ვეუბნები, რომ მის ლექსებში ვერ ვიპოვე ყალბი და ძალდატანებული სტრიქონები და საკუთარი წარმატებასავით გამეხარდა.

ქალისთვის დიდი და გაუხუნარი სამკაული შვილებია, მარიამს ოთხი შვილი ჰყავს, სამი შვილიშვილის ბებიაცაა და ეწევა საპატიო უღელს როგორც დედა, ბებია და შემოქმედი. იმედია, რომ მალე მარიამს ექნება პერსონალური გამოფენა თბილისში და ვირტუალური მეგობრები კიდევ ერთ კარგ ადამიანს გავიცნობთ რეალურად.

ბოლოს ერთადერთი რჩევა თუ თხოვნა: დაუმეგობრდით მარიამს ფეისბუქზე და არ წააგებთ...

და ბოლოს, მარიამ კოზმანიშვილის რამდენიმე ლექსი:

მზემ შეინახა

წლები ყორნებმა გააფარფაშეს,

თოვლის ფთილებად, მწიფე ატმებად.

რაც დღემდე ლექსად ავამარმაშე,

მზეს გავუგზავნე ფოლიანტებად.

ვზიდე და ვზიდე დარდები - ძნებად,

ვლეწე და ვლეწე ჭორების ყანა.

იღველფებოდა სული გაძლებად,

ვევედრებოდი ღმერთს - წასაყვანად.

გამოვიარე გზა - ეკლოვანი,

არცა ღატაკმა... არცა მდიდარმა...

გზა არ მქონია ხავერდოვანი,

დღემ არც აწმყოში გამოიდარა.

ჩემი ცხოვრება - როგორც სიზმარი,

სავსე, ელფებით და ნარცისებით,

მომაქვს...მოვდივარ მიწის ხიზანი

და კვლავ ეჭვები დამაქვს ქისებით.

მომიჭერს გულზე კირთების სალტე,

ფიქრი რითმებად მოიფანტება...

რაც დღემდე ქარში ლექსები ვფანტე,

მზემ შეინახა ფოლიანტებად.

რა მაქვს

გაზაფხული მომაკლდა...

საგზლად ატმის რტო მინდა...

რა ვქნა, რა გაგატანო

ჩემი სიმარტოვიდან...

თითქოს ყველაფერი მაქვს...

აბა, სულს რა აკლია?

იქნებ დარდთან ჭიდილი

ავი ზნე და ნაკლია?

იქნებ ეს გზა, უსწორო,

სულ არ მიდის მიზანთან?

იქნებ ჩემი ცხოვრება

ქაოსია, სიზმართა?..

რაღაც ისე ვერ არის...

(გული სულ სხვას ითხოვდა...)

ნეტავ გალაკტიონი

ჩემზე დღეს რას იტყოდა?..

დავალ მთვარეულივით,

სენად მექცა წუხილი.

ერთხელაც ვერ შევძარი

სივრცე - სიტყვის ქუხილით.

ჩემთვის ვწერ და ვკითხულობ,

ჩემთვის ვმიეთ-ვმოეთობ,

მომქირქილებს ქარ-წვიმა -

"ვაი, ძალად პოეტო!.."

წუხელ გარდავიცვალე...

რომ ავმაღლდე, დრო მინდა,

რა მაქვს...შენ რა გიბოძო,

ჩემი სიმარტოვიდან.

ლოკოკინას მანძილი

გავდივარ სახლიდან

და ისევ ვბრუნდები,

გავდივარ, ვბრუნდები...

გავდივარ, ვბრუნდები...

მივცოცავ მწვერვალზე

და ისევ ვცურდები,

მივცოცავ, ვცურდები...

მივცოცავ, ვცურდები...

მდევნიან დღეები -

კარგები, ცუდები,

ოცნებებს მპარავენ

წუთები - ქურდები.

გავყურებ ჰორიზონტს,

ვაპირებ - წავიდე...

ფეხს ვითრევ, ვაბრალებ

საქმეს და ამინდებს.

ვალაგებ ჩანთაში

საკვებად ლექსებს და

თვალები მდუღარე

ცრემლებით მევსება...

არადა, გზა მინდა,

არადა, მთა მინდა,

ცხოვრების დაწყება -

ახლიდან...თავიდან...

არადა, მზე მინდა,

სითბო და სიცილი,

მომბეზრდა წივწივი

უმწეო წიწილის!..

გავყურებ მწვერვალებს,

ნატვრებით ვბრუვდები...

გავდივარ, გავრბივარ...

და მაინც ვბრუნდები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100