მოსკოველი მზარეული მის მიერ მოკლული სიმამრის ხორცისგან დამზადებულ „ჩებურეკებს“ ჰყიდდა
რუსეთის დედაქალაქი სენსაციურმა ცნობამ შესძრა: მოსკოვის ერთ–ერთი ცნობილი „ჩებურეკების“ საამქროს შეფ–მზარეულმა საკუთარი სიმამრი მოკლა და მისი ხორცისგან დამზადებულ „ჩებურეკებს“, მინიმუმ, ათი დღის განმავლობაში ჰყიდდა.
მზარეული უკვე დააპატიმრეს. იგი მოსკოვში ერთ ერთ ყველაზე ცნობილ კვების ობიექტში „ჩებურეჩნაია ნა სუხარევსკოი“ მუშაობდა. როგორც მასალის მთავარ ფოტოზე ჩანს, ობიექტი ეკლესიის გვერდით მდებარეობს. მანიაკი მზარეულის თანამშრომელთა მტკიცებით, ეკლესიაში მკვლელი საკმაოდ ხშირად, სამუშაო საათების დროსაც დადიოდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შელკოვსკის გზატკცილზე მდებარე ობიექტის მზარეულმა შელაპარაკების შემდეგ 82 წლის სიმამრი ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს, მთვრალმა მოკლა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბოროტმოქმედმა მოკლული მოხუცი ასო–ასო აქნა და სამრეწველო ხორცსაკეპის დახმარებით მოკლულის ხორცისგან ფარში დაამზადა. ამ ფარშს მზარეული კვების ობიექტში, სხვადასხვა ხორციანი კერძების დასამზადებლად იყენებდა. სანამ დანაშაული გაიხსნებოდა, მან ადამიანის ხორცის ფარშისგან დამზადებული უამრავი ხორცის ღვეზელისა და „ჩებურეკის“ გაყიდვა მოასწრო.
დაკავებულ მზარეულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება, რათა დადგინდეს, იყო თუ არა იგი საღ გონებაზე დანაშაულის ჩადენის მომენტში და შემდეგ. როგორც შოკირებული რუსული პრესა იუწყება, ინფორმაცია იმის შესახებ, მართლაც გამოიყენებოდა თუ არა ადამიანის ხორცი კერძებში, ჩებურეკ–კაფეში ადგილზე მოწმდება. შს მოსკოვის აღმოსავლეთ სამმართველო მართლაც იძიებს საქმეს საკვებ პროდუქტებში ადამიანის ხორცის გამოყენების შესახებ და ამას ადასტურებს კიდეც. ამავე დროს, „ლაიფნიუს.რუ“–ს საგამოძიებო ორგანოებიდან დაუდასტურეს, რომ მკვლელობა ნამდვილად მოხდა:
„1956 წლის 18 სექტემბერს დაბადებულმა მამაკაცმა მართლაც მოკლა 82 წლის სიმამრი, ის ასო–ასო აქნა და ნარჩენები სხვადასხვა ადგილებში გადამალა“, – ამბობს „ლაიფნიუსის“ წყარო. – „22 სექტემბერს, უკვე საღამოს ნარჩენები ამოიღეს. ჩემი ინფორმაციით, ცხედრის ნაწილები სხეულის მთლიან ფორმას ვერ ქმნის, რაც ადასტურებს დაკავებულის აღიარებით ჩვენებას, რომ მოკლულის სხეულის რბილი ნაწილებისგან მან ხორცსაკეპით ფარში დაამზადა, რომელსაც შემდეგ ხორციანი კერძებისთვის იყენებდა.
კვების ობიექტისთვის საჭირო ხორცს ბაზარში ის თვითონ ყიდულობდა და არაა გამორიცხული, რომ მოკლულის ხორცისგან ფარშის დამზადების იდეა ფულის „დაზოგვის“ მიზნით გასჩენოდა“, – ამბობს გამომძიებელი არაოფიციალურ საუბარში.
კომენტარი