სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანტისანიტარია და პაციენტის გარდაცვალება – შპს “ახალი სამშობიაროს” საქმიანობა შეუჩერდა

სავარაუდო შეცდომის გამო, რომელსაც მშობიარე ქალის გარდაცვალება მოჰყვა, თბილისის # 1 საავადმყოფოს მიმართ სანქცია გამოტანილია: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის გაცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შპს “ახალი სამშობიაროს” საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ განცხადება მინისტრმა დღეს გააკეთა და განმარტა, რომ მოკვლეის შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში არასათანადო პირობები გამოიკვეტა.

“სამედიცინო დაწესებულებაში უხეშად არის დარღვეული კანონით დადგენილი პირობები, რაც რისკს უქმნის იქ მყოფი პაციენტების სიცოცხლეს, ამიტომ კლინიკას საქმიანობა მანამდე იქნება შეჩერებული, ვიდრე იქ შესაბამისი პირობები არ შეიქმნება,”- განაცხდა ურუშაძემ.

მისივე განცხადებით, პაციენტები, რომლებიც აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ, გადაყვანილი იქნებიან სხვადასხვა სამშობიარო სახლებში, რომლებიც შესაბამის სტანდარტებს დააკამყოფილებს. მათი მკურნალობის ხარჯებს კი, სახელმწიფო დაფარავს.

ხოლო რაც შეეხება აღნიშნულ კლინიკაში მომხდარ უბედურ შემთხვევას, ურუშაძის თქმით, 26 წლის ნინო მარტოიანის გარდაცვალების ფაქტი პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განიხილება და სამედიცნო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

მომხდარს საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაურიც გამოეხმაურა. გილაურის განცხადებით, შპს “ახალი სამშობიაროს” ლიცენზია, მხოლოდ შესაბამისი აღჭურვილობა შეტანის შემდეგ აღუდგება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხდა, შპს “ახალი სამშობიაროს” მფლობელებს კლინიკაში შესაბამისი აღჭურვილობის შეტანისთვის გარკვეული დრო მიეცემათ.

გილაურის თქმითვე, მანამდე კი სამედიცინო ცენტრს საქმიანობა შეუჩერდება. პრემიერმა ასევე, სამძიმარი გამოუცხადა ნინო მარტოიანის ოჯახს.

“მე დავავალე ჯანდაცვის მინისტრს, რომ შეესწავლა ეს ინციდენტი, თუ რამ გამოიწვია გარდაცვალება და აკმაყოფილებდა თუ არა შესაბამის პირობებს აღნიშნული სამედიცინო ცენტრი. ამ საავადმყოფოს პრივატიზაცია მოხდა გასული წლის თებერვალში, შემდეგ ის მფლობელობაში კოლექტივმა აიღო. ჩვენ გვინდოდა საავადმყოფოს რეაბილიტაცია მომხდარიყო, თუმცა შემოწმებამ აჩვენა, რომ კლინიკა სალიცენზიო პირობებს ვერ აკმაყოფილებს”,- განაცხადა გილაურმა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ კლინიკაში 18 თებერვალს 26 წლის ნინო მარტოიანი გარდაიცვალა, მისმა მკურნალმა ექიმმა კი, თვითმკვლელობა სცადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100