სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი გახარია: საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს

„საქართველო მზადაა, ვაქცინაცია უახლოეს პერიოდში დაიწყოს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში შემოიტანენ მხოლოდ იმ ვაქცინას, რომელიც ჯანმოს მიერ იქნება ავტორიზებული.

პრემიერის თქმით, დღეს საქართველო ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად მზად არის, როგორც ტექნიკურად, ისე სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით“,

„მოგეხსენებათ, წინა მთავრობის სხდომაზე, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინაცის გეგმასთან დაკავშირებით მუშაობის დასრულებაზე და დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ამ გეგმის დამტკიცების თაობაზე. ეს სამუშაო ჯგუფი 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა ყველა დაინტერესებულმა მხარემ მიიღო - საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, სახალხო დამცველმა და დღეს ჩვენ უნდა დამატკიცოთ ეს გეგმა, რომლის საბოლოო მიზანია, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მინიმუმ აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60%, თუმცა ამ ძირითად მიზანთან ერთად ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპობრივად უნდა აიცრან.

პირველ ეტაპზე, აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან: სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60-დან 75 წლამდე ყველა მოქალაქე.

ამ გეგმის შემუშავებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ, საქართველო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად COVAX-ის პლატფორმაშია გაწევრიანებული, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას და საქართველომ უკვე განაცხადა ამ პლატფორმაზე თავისი მიზანი, რომ უახლოეს მომავალში მოწოდებული იყოს მილიონნახევარი ვაქცინა.

ჩვენ უკვე გადავრიცხეთ ეს ფინანსური რესურსი და მთავარი მიზანია, ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად ერთის წლის განმავლობაში.

თუმცა მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებას ორმხრივ რეჟიმში მწარმოებელ კომპანიებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში შემოვა მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც ჯანმოს მიერ არის ავტორიზებული. ეს არის პრინციპული პოზიცია ჩვენი და ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ეს არის ზრუნვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100