ბელორუსის პრეზიდენტი საქართველოს დსთ-ში დაბრუნებას სთხოვს
ბელორუსის პრეზიდენტი საქართველოს დსთ-ში დაბრუნებას კიდევ ერთხელ სთხოვს. ალექსანდრე ლუკაშენკომ განცხადება დსთ-ს, ბალტიისა და საქართველოს მთავარი რედაქტორების კლუბის წევრების შეხვედრაზე გააკეთა.
“პირველი იანვრიდან ბელორუსი დსთ-ს თავმჯდომარეობას მიიღებს. ჩვენ გელით. მე თქვენ პირველი ნაბიჯის სახით დსთ-ში შემოსვლას გთხოვთ. ამით არაფერს დაკარგავთ. რუსეთი ამ გადაწყვეტილებას მიემხრობა. დაბრუნება აუცილებელია. იქ ჩვენ ყველა საკითხის გადაწყვეტას შევძლებთ, თუკი რა თქმა უნდა ამას ქართული მხარე მოინდომებს”,- განუცხადა ლუკაშენკომ ჟურნალისტებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ კრემლი მინსკს აღარ სთხოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. “ეს უკვე განვლილი ეტაპია”, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ბელორუსის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ხაზი ლუკანშენკომ იმას გაუსვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის იცავდა ბელორუსს აღმოსავლეთ პარტნიორობის, გაეროს თუ შეერთებული შტატების წინაშე და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობები ახალ ხელისუფლებასთანაც შენარჩუნდება.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველომ უკვე აირჩია თავისი საგარეო პოლიტიკის კურსი და დსთ-ში დაბრუნების შემოთავაზებას ვერ დათანხმდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საქართველომ უნდა განაახლოს პოლიტიკური თანამშრომლობა დსთ-ს წევრ ქვეყნებთან, თუმცა ამისათვის ურთიერთობის სხვა ფორმა უნდა მოიძებნოს.
უმრავლესობის წევრები თანხმდებიან, რომ, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა მოხდეს.
კომენტარი