Eurasia Daily Monitor: სახელმწიფოს შესყიდვა რუსეთში ნაშოვნი ფულით: ივანიშვილის განაცხადი საქართველოზე
„ფორბსის“ მილიარდერების სია (www.forbes.com, 2012 წლის 7 მარტი) ბოლო განახლებებს გვთავაზობს, სადაც 2011 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ქონების $5,5 მილიარდიდან $6,4 მილიარდამდე გაზრდაა დაფიქსირებული. 2011 წლის ფინანსური მდგომარეობა „ფორბსს“ ივანიშვილის ოფისშიც დაუდასტურეს. ივანიშვილის ქონების განახლებული მაჩვენებელი საქართველოს წლიური მშპ-ს ნახევარზე მეტია. როგორც ჩანს, ივანიშვილი იმედოვნებს, რომ საკუთარი რესურსების (ან მათი ნაწილის) გამოყენებით ის შეძლებს ქართველი ხალხის კეთილგანწყობის, პოლიტიკური მოკავშირეების, სახელმწიფო დაწესებულებებისა და, საბოლოო ჯამში, თვით საქართველოს ყიდვას.
როგორც ცნობილია, ივანიშვილმა მთელი ფული რუსეთში იშოვა: მან ცხოვრება ელცინის ხანაში აიწყო, კიდევ უფრო გაიუმჯობესა პუტინის დროს და ახლაც აგრძელებს რუსეთში არსებული აქტივებიდან და ინვესტიციებიდან შემოსავლის მიღებას. ივანიშვილმა მიზნად საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა არჩევნების წელს გამოაცხადა, ისევე როგორც ეს ბიძინამდე კიდევ ერთმა, თუმცა არა მილიარდერმა, ბადრი პატარკაციშვილმა გააკეთა (2007-2008). თუმცა, მილიარდერის რესურსების საქართველოს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მოსროლას, უარყოფითი შედეგი ექნება დემოკრატიულ პროცესებზე, რომლებსაც, ივანიშვილის რწმუნებით, იგი უჭერს მხარს. ქართული საზოგადოებისთვის მას ჯერ არ წარუდგენია საკუთარი ვერსია მისი ქონების წარმომავლობის შესახებ. ივანიშვილის ვერსიის არარსებობის პირობებში, ამ საკითხზე ინფორმაციის მოგროვება რუსულ ბიზნეს პრესაშია შესაძლებელი.
დაწყებული საშუალო ზომის რუსული საკრედიტო ბანკიდან (როსიისკი კრედიტ), რომლის თანადამფუძნებლად იგი 90-იანი წლების დასაწყისში მოგვევლინა, მომდევნო წლებში, ივანიშვილმა საქმე კიდევ უფრო გააფართოვა გადამამუშავებელ მრეწველობამდე. მისი უკვე დიდი ხნის ბიზნესპარტნიორი, ვიტალი მალკინი, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2004 წლიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრად დანიშნა, "ფორბსის“ მიერ 1 მილიარდ დოლარად შეფასებულ ქონებას ფლობს., მალკინმა ოფიციალურად დატოვა ბიზნესი, მაგრამ მან შეინარჩუნა წილი ივანიშვილის რამდენიმე, ძირითადად, სამშენებლო პროექტში (ფორბსი, 3 მარტი, 2008). ამგვარად, ივანიშვილს ამ გზით მაინც აქვს შენარჩუნებული ურთიერთობა რუსეთის ხელისუფლებასთან. ივანიშვილის თქმით, მისი აქტივები 2008 წლის ომის შემდეგ ქართველების რუსეთიდან დევნის დროს ხელშეუხებელი დარჩა უბრალოდ იმიტომ, რომ მისი რუსული ბიზნესი სუფთაა. თუმცა, ამ გულუბრყვილო ახსნაში შესაძლოა დავინახოთ ბიზნესმენის რუსული აქტივების ოფიციალური დაცვის მიჩქმალვის მცდელობა.
პუტინის პრეზიდენტობის დროს, ივანიშვილს შეძენილი ჰქონდა გაზპრომის ერთი პროცენტი წილი, ერთი პროცენტი ერთიანი ენერგოსისტემის ელექტროენერგიის მონოპოლიაში ჰქონდა და კიდევ ერთი ლუკოილში. ასევე მცირე წილები „Vympelkom“-ში, MTS ტელეკომუნიკაციასა და „Surgutneftegaz“-ში. ამ „ლურჯი ჩიპი“ აქციების პაკეტების შესაძენად, ივანიშვილმა გაყიდა მის მიერ ადრე-შეძენილი აქტივები სამთო და მეტალურგიურ წარმოებაში. „ვედომოსტის“ იშვიათი ინტერვიუსა და განდეგილი ივანიშვილის პროფილის მიხედვით, იმ დროს იგი იღებდა 2.5 მილიარდზე მეტს მისი კონტროლირებადი წილებიდან მიხაილოვსკისა და სტოილენსკოეს რკინის საბადოების კომპლექსებიდან, და „TulaCherMet“ (ტულის შავი მეტალიურგიის) ქარხნიდან (ამ აქტივების გარკვეული წილი ალიშერ უსმანოვის მეტალოინვესტმა შეიძინა). ფორბსმა ივანიშვილი სიაში 2.6 მილიარდით ამ ტრანზაქციამდე ცოტა ხნით ადრე განათავსა (ვედომასტი, 7 აპრილი, 11 ოქტომბერი, 2005).
2006 წელს, ივანიშვილმა და მალკინმა თავიანთი იმპექს ბანკი (Impex Bank) მიყიდეს „Raiffeisen International“-ს გავრცელებული ინფორმაციით, 550 მილიონ დოლარად (http://www.marker.ru). ამავდროულად, როსიისკი კრედიტის თანამშრომლების თქმით, ივანიშვილი ფლობს როსიისკი კრედიტის 99.6 პროცენტს 22 სხვა კომპანიის მეშვეობით, რომელთაგან ნახევარი ოფშორულია. 2011 წლის აგვისტოში, რუსეთის ნაციონალურმა ბანკმა როსიისკი კრედიტს პრივატული დეპოზიტების რუსულ რუბლში და უცხოურ ვალუტაში მიღების ლიცენზია მიანიჭა. ამგვარად, რუსეთის სადეპოზიტო დაზღვევის სისტემა უკვე მოიცავდა ივანიშვილის ბანკს. როსიისკი კრედიტმა დააფუძნა კომპანია „Rousseau Private Finances“ დიდი კაპიტალის მქონე პირებისათვის. ჰიბრიდული რუსულ-ფრანგული დასახელება, სავარაუდოდ, შერჩეული იქნა კოსმოპოლიტური მდიდარი კლიენტების მოსაზიდად (RBK Daily, 14 აპრილი, 2012; www.marker.ru, 17 მარტი, 2011; Banki.ru, 26 აგვისტო, 2011; www.allbanks.ru, www.banki.ru
გარდა „როსისკი კრედიტისა“ და ფინანსური მომსახურეობის კომპანიისა, ივანიშვილი ფლობს წილს „გაზპრომში“, სადაც ის სახელდება, როგორც ყველაზე დიდი წილის მფლობელი ფიზიკური პირი. იმის გათვალისწინებით, რომ 2011 წლის ბოლოს „გაზპრომის“ წლიური ბრუნვა $148 მილიარდს შეადგენდა, მხოლოდ ამ კომპანიიდან ივანიშვილის წილი მინიმუმ $1,5 მილიონი უნდა ყოფილიყო.
რაც შეეხება სამომხმარებლო სექტორს, ივანიშვილი აქ აგროსამრეწველო ჰოლდინგ „სტოილენსკაია ნივა“-ს საკონტროლო პაკეტს ფლობს. ჰოლდინგი წარმოადგენს რუსეთის სიდიდით მესამე პურ-მარცვლეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელსაც საცხობების ქსელი მთელს ქვეყანაში აქვს განთავსებული (http://www.stniva.ru/eng/). 2002 წლიდან ივანიშვილი და მისი „როსისკი კრედიტი“ „დოკტორ სტოლეტოვის“ ფარმაცეფტულ ქსელს ფლობს. ფარმაცევტული კომპანია, რომელსაც 422 პუნქტი აქვს ქვეყნის მასშტაბით, სიდიდით მესამე, ყველაზე დიდი ქსელია რუსეთში. („პრამ-ტესსი“, 2008 წლის 21 ნოემბერი; www.allbanks.ru; russmergers.com, 2010 წლის 19 იანვარი)
“Unicor Management”-ი არის ჰოლდინგის ტიპის კომპანია ივანიშვილის ზოგიერთი აქტივებისა და ინვესტიციებისათვის, მათ შორის, უძრავი ქონების განვითარებისა და მშენებლობის პროექტებისათვის. მისი მიმდინარე პროექტებია: „ბაღის კვარტლები“ (Садовые Кварталы), 2011 წლიდან მშენებარე „მდიდრული ბინები“, რომელიც რუსეთის ყველაზე მაშტაბურ საბინადრო სამშენებლო პროექტად დასახელდა და რომლის საინვესტიციო დანახარჯებმა 1 მილიონი დოლარი შეადგინა (გენერალური კონტრაქტორის გერმანული Strabag შვილობილი კომპანიისა და როსიისკი კრედიტის ფინანსური პარტნიორობით (www.sadkvartal.ru); „სამიტი“, მდიდრული საცხოვრებელი, საოფისე და სავაჭრო კომპლექსი, რომელიც მოიცავს ხუთვარსკვლავიან ინტერკონტინენტალ მოსკოვ ტვერსკაიას სასტუმროს 250 მილიონი დოლარის საინვესტიციო ხარჯებით; ლუქს სასტუმრო (Mandarin Oriental) მოსკოვში, ასევე ტვერსკაიას ქუჩაზე („სასტუმრო გახდება მდიდრული ცხოვრების სტილის სოციალური ცენტრი, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ კომპლექსიდან გაუსვლელად, თუნდაც, ნებისმიერი ცნობილი ბრენდის პროდუქციის შეძენა“) და „დომ.პიონერ“, ბიზნეს კლასის საცხოვრებელი კომპლექსი სოჭაში (Vedomosti, 23 მაისი, 2011; www.unicor-mc.ru/projects; www.sadkvartal.ru; www.dom_pioner.ru).
რთული დასაჯერებელია, რომ პუტინის რუსეთში ასეთი დიდი და მომგებიანი ბიზნეს საქმიანობა რუსული ხელისუფლების თანხმობის გარეშე იქნებოდა შესაძლებელი. მილიარდობით დოლარის მფლობელ ქართველ ბიზნესმენს არც ერთი კომენტარი არ გაუკეთებია ქართული მხარის ინტერესების დასაცავად, როდესაც რუსმა „სამშვიდობო ძალებმა“ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინეს და იქ ეთნიკურ წმენდას ეწეოდნენ. არც მაშინ ალაპარაკებულა ქართველი ბიზნესმენი რუსეთიდან, როდესაც რუსეთმა საქართველოს მიმართ სავაჭრო ემბარგო შემოიღო და ბოლოს, როდესაც ეს უკანასკნელი ქვეყნაში უკანონოდ შეიჭრა. მთელი ამ წლების განმავლობაში, ივანიშვილი დუმდა (2011 წელს კი საქართველოს მმართველობაზე განაცხადა პრეტენზია).
თუმცა, ყოველთვის არაპოლიტიკური პიროვნება როდი იყო ივანიშვილი. 1996 წელს, კრემლის ნებერთვით, ეს უკანასკნელი გენერალ ალექსანდრე ლებედევის საპრეზიდენტო კანდიდატურას აფინანსებდა რუსეთში. ინტერვიუების დროს ამ ეპიზოდის გახსენებისას, ივანიშვილს თითქოს ავიწყდება, რომ სწორედ გენერალი ლებედევი მეთაურობდა რუსეთის დესანტებს, რომლებმაც 1990 წლის 9 აპრილს თბილისში 20 ქართველ მომიტინგეს (უმეტესად ქალებს) მოუსპეს სიცოცხლე. (Vedomosti, 2005 წლის 7 აპრილი, და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, 2011 წლის 1 ნოემბერი. ციტირებულია „ტაბულას“ (თბილისი) მიერ, 2011 წლის 23 დეკემბერი).
საქართველოს ხელისუფლებაში მმართველობით ძალაუფლებაზე საკუთარი პრეტენზიების განცხადების შემდეგ, ივანიშვილმა აქტიურად დაიწყო საკუთარი რუსული ქონების გაცემა-გაყიდვის პროცესი, რომელიც სავარაუდოდ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებამდე გასტანს. ფართო საზოგადოებისთვის უცნობია ამ ტრანზაქციების დღევანდელი მდგომარეობა. ივანიშვილის ურთიერთობა რუსულ ხელისუფლებასთან, რამაც სავარაუდოდ შეუწყო ხელი ამ უკანასკნელის გამდიდრებას რუსეთში, დარჩება საზოგადოებისთვის უცნობი მანამ, სანამ თავად ივანიშვილი არ მოჰფენს ნათელს საკუთარ საქმიანობას.
კომენტარი