რადიო „თავისუფლება“: ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს „განსაწმენდელ“ ადგილს სთავაზობს
რადიო „თავისუფლება“ დღეს აქვეყნებს კობა ლიკლიკაძის ბლოგს, სადაც ცნობილი ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებას „ივანიშვილის მედიაიმპერიის ტვინის -"ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის - ტრადიციულ ხელწერას“ უწოდებს და მულტიმილიარდერის განცხადების დეტალებსაც განიხილავს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის მიერ ქართველი ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ შეთანაზებაზე აკეთებს. „დრონი.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ კობა ლიკლიკაძის ბლოგს „ბიძინა ივანიშვილი VS. სპეცდანიშნულების მედია“:
„ხანგრძლივი კარჩაკეტილი ცხოვრებიდან გამოხვიდე და თანაც ასე სკანდალურად, იშვიათი შემთხვევაა. ვგულისხმობ ქართველი მულტიმილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის ერთმა ნაწილმა შოკში ჩააგდო მისი მომხრეებიც კი და ძალიან გაახარა ოპონენტები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ივანიშვილი მათ საშიშ სიურპრიზს უმზადებდა.
7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ბატონმა ივანიშვილმა მიწასთან გაასწორა ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და მათი „რასკრუტკით“ დაკავებული ტელევიზიები, მათ შორის, „მაესტრო“ და „კავკასია“, რომლებსაც ქართველი ოლიგარქი უწოდებს „სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზიციურ მედიასაშუალებებს.“
თანაც ტელევიზიებისა და მედიის კრიტიკას ყველანაირი მედიისათვის მიუწვდომელი მულტიმილიარდერის უზარმაზარი უსტარის ლამის ორი მესამედი ეთმობა. სრულად არ ვაპირებ ამ მიმართვის კონტენტანალიზს, მაგრამ ამ კონსპიროლოგიური ნაზავის უკან აშკარად ჩანს ივანიშვილის მედიაიმპერიის ტვინის -"ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის - ტრადიციული ხელწერა. ვგულისხმობ უსაშველოდ გრძელ ეპისტოლეებს, რომლებიც უეცრად იფეთქებს ხოლმე, რათა კიდევ ერთხელ შეახსენოს ხალხს ბატონი ივანიშვილის უმწიკვლობა და ამხილოს ჩასაფრებული, მოსყიდული და ასოკირკიტა ოპონენტების ანატომია.
თანაც, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ კონსპიროლოგიას „ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის პიარსტრატეგიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რითაც ოპონენტები კარგად სარგებლობენ.
მაგალითისთვის შემიძლია გავიხსენო „ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის მიერ შექმნილი ეპისტოლეების ციკლი, მიმართული გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიების გასანეიტრალებლად. თანაც, რაც ყველაზე სახალისოა, განცხადებები დაფინანსებული იყო „ქართუ ჯგუფის“ მიერ და მათ პატიოსნად ბეჭდავდა თავად გაზეთი "ალია" და იქვე, ასევე პატიოსნად, ბეჭდავდა პასუხის პასუხებს და, ღმერთმა შეარგოს, კარგადაც ხეირობდა.
მოგვიანებით, სულ ახლახან, ამას მოჰყვა ეპისტოლეების მორიგი ციკლი შალვა ნათელაშვილის პასუხად, რომელიც ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს ვანო მერაბიშვილს, რომელიც მერე ამ ფულით სპეცტექნიკას ყიდულობს მიტინგების დასაშლელად.
მაგრამ ბიძინა ივანიშვილის 7 ოქტომბრის განცხადება „ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის ჯერჯერობით ბოლო და ყველაზე სკანდალური პროდუქტია - განსაკუთრებით ის ნაწილი, რომლითაც ოლიგარქი „სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზიციურ მედიასაშუალებებს“ უწოდებს თითო-ოროლა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, განსაწმენდელად სთავაზობს ჟურნალისტებს ადგილს თავისი „მომავალი პარტიის შტაბში“ და კარგ ანაზღაურებასა და პრივილეგირებულ მდგომარეობას „საინფორმაციო ცენტრში თანამშრომლების შერჩევის დროს“.
ვერაფერს იტყვი! განსაკუთრებით მომხიბლავი პერსპექტივაა იმ კაცისაგან, ვინც მთელი 20 წელია სათოფეზე არ იკარებს ჟურნალისტებს, აქამდე ერთი თეთრით არ დაუფინანსებია მედიის განვითარების პროგრამები საქართველოში და, რაც ყველაზე მთავარია, ვინც 2003 წელს ერთი ხელის მოსმით უკვე დახურა თავის მიერვე შექმნილი ტელეკომპანია "მეცხრე არხი" და სახელისუფლებო ტელევიზიების იმედად დატოვა იქ მომუშავე ნიჭიერი ჟურნალისტები.“
კობა ლიკლიკაძე, რადიო „თავისუფლება“
კომენტარი