სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაწერე „სამოსელი პირველის“ თავი, ანუ „სამოსელი პირველი“ Facebook –ზე

„ფეისბუქზე“ დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება გურამ დოჩანაშვილის უკვდავი რომანის „სამოსელი პირველის“ ფან–კლუბი, რომლის გვერდიც სტუდენტებმა შექმნეს. მასში უკვე 6.000–ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. ამ სოციალურ ქსელში რომანთან და მწერალთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე ჯგუფი არსებობს, მაგრამ ამჯერად „დრონი.ჯი“–მ გადაწყვიტა, თქვენი ყურადღება სწორედ ამ ჯგუფზე შეაჩეროს. რამდენიმე დღის წინ ჯგუფის ადმინისტრაციამ წევრებს ახალი იდეა შესთავაზა: დაწერონ „სამოსელი პირველის“ ენასთან და სიუჟეტთან მაქსიმალურად მიახლოებული, რომანის რომელიმე თავის მათეული ვერსია, ან მისწერონ წერილი (ლექსი) რომელიმე პერსონაჟს. იდეამ დიდი მოწონება დაიმსახურა. რამდენიმე ჩანაწერი უკვე გამოქვეყნდა, რამდენიმე კი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

ალბათ, არ ღირს ამ წერილების განსჯა და განხილვა კრიტიკოსის პოზიციიდან. ამ სტუდენტებს (და არამარტო სტუდენტებს) არა აქვთ ლიტერატურათმცოდნეობის პრეტენზია, ჩვენთვის კი მათი ნააზრევი თუნდაც იმითაა საინტერესო, გავიგოთ, როგორ აფასებენ და აღიქვამენ „სამოსელი პირველს“ დღეს. სწორედ ამის გათვალისწინებით, „დრონი.ჯი“ დღეს ამ ჯგუფის ჩანაწერების განყოფილებაში გამოქვეყნებულ რამდენიმე წერილს გთავაზობთ.

1. შეცვლის თუ არა კომპიუტერული ტექნიკა კულტურას?

ტექნიკა არ არსებობდა, როცა დანტეს ბეატრიჩე შეუყვარდა... ტექნიკის გარეშე ააგო არსაკიძემ სვეტიცხოველი... ტექნიკის გარეშე მოიარე შენ, დომენიკო, ლამაზ-ქალაქი, კამორა და კაატინგა. ტექნიკის გარეშე შეიქმნა კანუდოსი... პატარა, მაგრამ უზომოდ მზიანი ქალაქი.

გამარჯობა დომენიკო! ჩემო ძვირფასო მეგობარო. რა ხანია შენთან არ მისაუბრია... რა ხანია შენით არ გავმთბარვარ... შენით არ გავფერადებულვარ.

დომენიკო,აქ XXI საუკუნეა... განვითარების და ტექნოლოგიური საოცრებების სამყარო. რომ იცოდე ყოველდღიურად რამდენი აღმოჩენა კეთდება აქ... რომ იცოდე რას არ ნახავ აქ.

დღეს, წიგნის მაგივრად კომპიუტერის ეკრანს არიან მიჩერებულნი, დომენიკო... წერილებიც აღარ მოაქვთ მტრედებს... წერილები ელექტრონული გახდა, ხოლო მტრედები გალიებში სხედან. ყველაფერს რაღაც აკლია თითქოს... წერილებს-ზედ შერჩენილი თითების სითბო... წიგნს – წიგნის სუნი.

ფანჯრიდან ვიყურები. გარეთ წვიმს. ოქროსფერი შემოდგომის სუნი ტრიალებს ირგვლივ. "რა ლამაზია ბუნება!" - ვფიქრობ ჩემთვის. უცებ, ქუჩაში რაღაც გამოჩნდა. მხრებში მოხრილი, თავჩაქინდრული, რაღაცნაირად დამძიმებული. ადამიანი აღმოჩნდა, დომენიკო... მოდის და ფეხით თელავს ყვითელ ფოთლებს. გული ამიტოკდა, სული მეტკინა. არა! ადამიანი კი არა რობოტია... უგულო, უსულო, უსიცოცხლო. ტექნიკის მონა. "ნეტავ სახე დამანახოს" - ჩავილაპარაკე. თითქოს გაიგო ჩემი სიტყვები, თავი ასწია. გავშრი, დომენიკო... ადამიანს სახე არ ჰქონდა... ადამიანში სული გარდაიცვალა, დომენიკო...

რაღაც იცვლება... რაღაც მთავრდება. ის, რაც იყო, აღარ არის... ის, რაც არის, მალე აღარ იქნება. იცვლება ადამიანი, იცვლება სამყარო. კულტურაც იცვლება... კულტურა, რომელიც ხალხშია. დრო ცვლის ყველას და ყველაფერს. ქართული სული აღარ ტრიალებს ჰაერში, ქართული სული ჩაიფერფლა და სამუდამოდ შეწყვიტა ფეთქვა. დღეს ვიღას ახსოვს დავითი, თამარი, აკაკი, ილია.

დილიდან დაღამებამდე ტექნიკაზე ვართ დამოკიდებულნი. უსულო რობოტებზე, რომლებიც წარმართავენ ჩვენს ყოველდღიურობას... ყოველდღიურობას, რომელიც სწრაფად ხდება რუტინა.

ჩემო დომენიკო, ადამიანი მჭირდება, რომელიც გამათბობს და არა უსულო რობოტი, რომელიც შემცვლის და დამიმონებს. მინდა ვიყო ისეთი, როგორიც უფალმა შემქმნა. არ მინდა ჩემი "მე" მოკვდეს ჩემში. მინდა საკუთარი თავის წმენა მქონდეს და არა რაღაც "მეტალის გროვის", რომელიც არც ვიცი, როდის მიღალატებს. ადამიანი მჭირდება... ფერადი, მზისფერი, ზღვისსუნიანი, მხიარული და მგრძნობიარე.

დომენიკო, ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა. ადამიანი, ბუნება, დედამიწაც კი, რომელიც დიდი "ტექნიკური ბურთულა" გახდა ჩემთვის. დღეს უკვირთ, როგორ ცხოვრობდნენო ტექნიკის გარეშე, როგორ უყვარდათ, როგორ მოძრაობდნენ ან როგორ ეკონტაქტებოდნენო ერთმანეთს. ირონიით ვუყურებ ამ მატერიალისტ, ამბიციურ და არაადეკვატური ქცევების მქონე "რობოტ-ადამიანებს". მინდა პირში მივახალო მათ, რომ ტექნიკა არ არსებობდა, როცა დანტეს ბეატრიჩე შეუყვარდა... ტექნიკის გარეშე ააგო არსაკიძემ სვეტიცხოველი... ტექნიკის გარეშე მოიარე შენ, დომენიკო, ლამაზ-ქალაქი, კამორა და კაატინგა. ტექნიკის გარეშე შეიქმნა კანუდოსი... პატარა, მაგრამ უზომოდ მზიანი ქალაქი.

თქვენ რობოტებო! ადამიანებს რომ უწოდებთ საკუთარ თავს! ფართოდ გაახილეთ თვალები,ირგვლივ მიმოიხედეთ, ერთმანეთს შეხედეთ ჩამქრალ თვალებში. რას დაინახავთ? არაფერს, გარდა თქვენი უბადრუკი ცხოვრებისა. თქვენს შვილებს ქართული კულტურის ფესვებზე უნდა ზრდიდეთ და არა მის ნარჩენებზე. მოშორდით ტექნიკას! ქუჩაში გადით, გაუღიმეთ ერთმანეთს და ყველაფერი კარგად იქნება, თორემ მოვა სიბერე სიკვდილთან ერთად და ვეღარ გამოასწორებთ დაშვებულ შეცდომებს. როგორ? არ იცით სიკვდილი რა არის? ისეთი არაფერი – თვალებს დახუჭავთ და მოვა...

ანუკა შანიძე

2. ჰალე!

ჰალე!-ასე მოგმართავ დომენიკო მე – ანა-მარია!

ქალი, რომელიც არ გეკუთვნის – შენი ცოლია.

შენ გაურბიხარ ამ რიტუალებს და ამ სოფელს, მიზნად ისახავ

შენ კანუდოსში დამკვიდრებას და არ გცალია,

რომ მე ვდგევარ და გელოდები ისევ ხის სახლთან.

შენ დაიღალე ვერცხლისფერ მერქნის ხესთან ამბორით.

მიწის ბელტისგან შენ შექმენი ქალი ტერეზა – რიტუალური მეძავი, კახპა.

ვხედავ, რა ვნებით ეწაფები და ხელები შენი, მის გავას აკრავს.

გრძნობას, რომელსაც უწოდებდი “კაქტუსის ყვავილს”, ჩემი სულიდან ამოხაპე და

შენს ფრჩხილებქვეშ ჩამჯდარ მიწას, ზედ აწერია – იაფი მარკა!

მე ტანსაცმლიდან მოგლეჯილ მომცრო ნაჭრებს – რასაც ცეცხლში ვყრი,

თან გავაყოლე შენი სიტყვებიც: ”მიყვარხარ, მადამ!”

„ცეცხლი სითბონარევ ამ ნაკუწებს ცამდე აიტანს“ -ერთად ვიწამეთ ეს რიტუალი!

შენ გაემგზავრე კამორაში, სადაც ალბათ დარჩები მუდამ.

მე კი წვიმის დროს, ცარიელ თიხის ჭურჭელს, ისევ ჩამოვზიდავ ციდან-მიწამდე!

. . . . . . . . . . . . . . . . . .

წლების მერე კი, დავინახე შენი საცოლე, ლამაზი როგორც სიტყვა „მოიისფრო“

და შენც შეცვლილი, მის გვერდით იდექი, როგორც სიტყვა, „გავძეხი“,

მე კი ისეთი ვიწრო კაბა მეცვა,-სუნთქვაც კი მიჭირდა!

ორივე შეჩერდით სოფლის წინ ჯიხურთან.

მე განზე გავდექი, როგორც ზედმეტი სიტყვა, ”მაშასადამე”. ამ ბოლო სუნთქვასაც ვიწერ

და – რომ არ შემცივდეს,

ამ სოფლის კარებს შენთვის საბოლოოდ მივხურავ!

ანი მატისი 2011წელი

3. ანა ხუფენიას ბლოგი: „გურამ დოჩანაშვილი“

მე თვითონ არ ვიცი რამდენი ვებრძოლე საკუთარ თავს სანამ გადავწყვეტდი დამეწერა ის, რასაც ეხლა ვწერ.. უბრალოდ გადავხედე ჩემს ძველ ნაწერებს და ყველგან ერთადერთი ადამიანი აღმოვაჩინე, ერთი წლის წინ შემთხვევით აღმოვჩნდი ამ სამყაროში და ნელ–ნელა ჩემი უბადრუკი ნაწერები თურმე როგორ ექცეოდნენ მისი გავლენის ქვეშ… ვერ გეტყვით რას განვიცდი ეხლა, როდესაც ვიცი რომ უნდა დავწერო გურამ დოჩანაშვილზე, იმდენად დიდია ეს ადამიანი არა მგონია სიტყვებით შევძლო ჩემი დამოკიდებულების გამოხატვა, მაგრამ ძალიან თავხედურად მაინც ვაპირებ…

ყველაფერი ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ზაფხულის უსაქმურობისგან თავგაბეზრებულმა მეზობლის სახლს მივაშურე წიგნის გამოსართმევად… დიდი ხანი ვარჩევდი, ვეძებდი წიგნს, გვერდზე გადავდე ბევრი, ძალიან ბევრი და აი ვერ ვპოლობდი იმას, რაც იმ დროს მჭირდებოდა. ბოლოს, როცა ჩემს მეგობარს უკვე სახეზე სასტიკი უკმაყოფილება დაეტყო თავისი ხელით აიღო ფანჯიკიძის რომანი და დამაკავა – “ეხლა დავამთავრე და წაიკითხე, მოგეწონებაო”. გამოვართვი და წიგნების შელაგება დავიწყე და აიი ამ დროს სულ ქვედა თაროზე დავინახე მწვანეყდიანი წიგნი, რომელიც ჰორიზონტალურად იდო და უბრალოდ ორი სიტყვა ეწერა, სახელი და გვარი – გურამ დოჩანაშვილი. მე არ ვიცი იქ რა მოხდა, ასე არასოდეს დამმართნია, უბრალოდ წიგნმა არ გამიშვა. მეგობრის შემოთავაზებული წიგნი განზე გადავდე და დავწვდი – “სამოსელი პირველი” –ეწერა ყდაზევე… ავიღე და წამოვიღე. მერე დაიწყო უკვე სულ სხვა სამყარო, სიცხეში, ბალახებში, ხეზე, მიწაზე, იატაკზე მთელი დღეები გაუნძრევლად ვიჯექი და ვკითხულობდი… დავყვებოდი დომენიკოს სოფელში, ლამაზ ქალაქში, კამორაში, ველურ კაატინგებს შორის ვხედავდი მენდეს მასიელს, ვტიროდი ანა მარიას სიკვდილს, ხელზე ვუყურებდი ტერეზას და ვხედავდი რომ ნამდვილი ქალი იყო, ზემოდან დავყურებდი მოხუც სანტოსს, მანუელო კოსტას, ზეს, ვუსმენდი დაძინებული ალესანდროს ფიქრებს, მეც მეც მესმოდა რომ დილის 4 საათია და ყველაფერი გენიალურადაააააა!!! და მაინც იმ დილის 4 საათზეც ვიჯექი და ვკითხულობდი… უბრალოდ ვისაც წაკითხული აქვს გამიგებს. ახსნა შეუძლებელია…

მერე იყო რომ ყველას თავი მოვაბეზრე, ყველგან და ყოველთვის გურამ დოჩანაშვილი. ყველამ კარგად იცის რა გამეხარდება ყველაზე მეტად, არაფერი მინდა უბრალოდ ერთი მოთხობების კრებული თუნდაც ძველი… უბრალოდ გურამ დოჩანაშვილის უნდა იყოს… ეს იყო პირველი შეხება უბრალოდ წიგნებთან… ვერ აღგიწერთ რა განვიცადე როცა დავინახე, გურამ დოჩანაშვილი დავინახე. მერე რა რომ სიუჟეტი იყო უბრალოდ. ალბათ ყველას გინახავთ ეს გამოხედვა და ეს თვალები იმ ლაქასავით ღრმა და მშობლიური ყველას საკუთარი რომ გვაქვს.

ხშირად უთქვამთ და საერთოდაც ძალიან გაცვეთილი ფრაზაა “თვალები ადამიანის სულის სარკეაო” და მე როცა გურამ დოჩანაშვილის თვალებს ვხედავ, მაშინ ვხვდები, რომ ტყუილად არ უთქვამთ. მაშინ ვხვდები, რომ მართლა შეიძლება მთელი სამყაროს სიკეთე და სიყვარული თვალთვალში (ორ თვალში) ჩაეტიოს (მომიტევეთ მიმსგავსების სურვილი, რადგან დოჩანაშვილისეულია ეგეც – ყურყური ანუ ორი ყური).

გინახავთ, ხო ყველას ეგ გამოხედვა?! ესეთი თბილი და კეთილი გამოხედვა უბრალოდ სურათიდანაც რომ გრძნობ ადამიანის სიდიადეს. ღმერთო, მე თქვენ ბაბუას გიწოდებდით ამის უფლება რომ მოგეცათ (არა, არა რა ბაბუა, სულ დავკარგე ჭკუა,რამდენის უფლება მივეცი საკუთარ თავს. თვალებში შეხედვასაც ვერ გაგიბედავთ, რომ გნახოთ)… მე უბრალოდ დაგიკოცნიდით თვალებს და დაკოჟრილ ხელისგულებს, იმისთვის რომ წერთ. მე… მე მუხლს მოვიყრიდი და დავიჩოქებდი თითოეული ნაოჭის წინაშე. გიგთევდით ღამეს სასთულამთან, მხოლოდ და მხოლოდ იმითვის, რომ მესმინა როგორი წმინდაა ისუნთქოს გურამ დოჩანაშვილმა. ადამიანა, რომელმაც მასწავლა, დამანახა, ამიხსნა, მაგრძნობინა, შემცვალა, გამზარდა, გამაუმჯობესა (ცუდად გამომივიდა ბოლო სიტყვა, მაგრამ სართოდ ვცოდავ თქვენზე წერას რომ ვბედავ და რადგან ერთხელ გავბედე, მაშინ ყველაფერს ვიტყვი)… მე… მე სანთელს გინთებთ ტაძარში… ვლოცულობ თქვენს სახელზე… არ ვიცი რა ვიქნებოდი იმ დღეს შემთხვევით “სამოსელი პირველი” რომ არ მეპოვნა…

და ეხლა ვხვდები რომ სულ ტყუილად ვწერე ამდენი… უბრალოდ ორი სიტყვა უნდა მეთქვა და ყველაფერს უკეთ გაიგებდით გაცილებით…. უბრალოდ… უბრალოდ… გურამ დოჩანაშვილი… ეხლა უბრალოდ ავდგები და კიდევ ერთხელ დავწვდები იმ წიგნს, ლოგინის გვერდით რომ დევს… წიგნი იცვლება – ავტორი არა…. გურამ დოჩანაშვილი… მინდა ძალიან ძალიან ბევრი ვწერო…

ჩემი…. თქვენი… ჩვენი გურამ დოჩანაშვილი…. ღმერთო, ერთხელ მაინც ჩამახედა თვალებში…

ანა ხუფენია

4. ნუთუ, ყოველივე ეს?

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე საყვარელ წიგნზე და პერსონაჟებზე დამეწერა. ძალიან ძნელია მათზე საუბარი, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო.

ბავშვობაში იყო კარლსონი და ვინი პუხი, შემდეგ შერლოკ ჰოლმსი, კაპიტანი ნემო, დათა თუთაშხია, მერე უკვე მიჩინიო და მანუელო კოსტა, მერე კატა ბეჰემოტი... შემდეგ ქაოსმა დაისადგურა, რადგან ყველა წიგნის ყველა პერსონაჟი შემიყვარდა თავისებურად. ასე გრძელდებოდა წიგნიდან წიგნამდე. ყოველ ახალ ნაწარმოებს თავისი გმირები მოჰყავდა, რომლებიც სწრაფად იცვლებოდნენ და სხვებს უთმობდნენ ადგილს. იყო დრო, როცა იმგვარ კითხვაზე ვოცნებობდი, როგორსაც აღწერს მაკიაველი: "საღამოობით, შინ რომ ვბრუნდებოდი, ჩემს კაბინეტს მივაშურებდი. გავიხდიდი ჩემს დაჭუჭყიანებულ-დამტვერილ სადაგ ტანსაცმელს და მეფური შესამოსლით ვიმოსებოდი. შემდეგ კი ასე ჯეროვნად მორთული დიდ წინაპართა საკრებულოში შევაბიჯებდი. ისინი ხელგაშლილად მხვდებოდნენ ხოლმე და მე ვტკბებოდი მარტოდენ ჩემთვის განკუთვნილი ნუგბარით, რომლისთვისაც ვიყავ შობილი. აქ შემეძლო მორიდებისგან შეუბორკავს მესაუბრა მათთან, დავკითხოდი ამა თუ იმ საქციელის მიზეზს და წინაპრები პასუხს არ იშურებდნენ".

კარგად მახსოვს "კარცერ-ლუქსებზე" მეოცნებე ვასილ კეჟერაძე. მეც მსურდა ასეთ კარცერში მოხვედრა, მაგრამ ვერსად ვიპოვე კლიმი, რომელიც მიდარაჯებდა. თუმცა წიგნის ძალა სწორედ ამ მოთხრობამ მაგრძნობინა, მისი წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ თურმე წიგნის კითხვა სიამოვნებაა და ის ყველამ უნდა განიცადოს.

“სამოსელი პირველი”, ეს არის ნაწარმოები, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩემს საყვარელ წიგნად, განსხვავებით იმ წიგნებისგან, რომლებიც მხოლოდ შემდეგი წიგნის წაკითხვამდე ინარჩუნებდნენ ჩემ სიმპათიას.

"ნუთუ ყოველივე ეს?" - იტყვის რომანის მიწურულს ავტორი, მეც სწორედ ეს გავიფიქრე. ნუთუ ყოველივე ეს უნდა წამეკითხა, რომ შემეგრძნო უსაზღვრო სიყვარული... ალბათ კიდევ ბევრი იფიქრებს (ვიფიქრებთ) ასე მარადახალი მდინარის პირას...

რომანში არის სიკეთე, ბოროტება, სიყვარული, შურისძიება, უვიცობა, სიგიჟე.... მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ ცხოვრების წიგნი. “ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე.” ეს ქალაქი ჩვენი თავისუფლებაა, ჩვენი ოცნების კანუდოსი, ქალაქი, სადაც სულს ვპოულობთ.დიდი სიყვარულის გზა, იმ სიყვარულისა, რომელიც დედამიწას ატრიალებს. ბოლოს კი სოფელში მარადახალი მდინარის პირას ერთადერთი ფიქრია: ნუთუ ყოველივე ეს...

“სამოსელი პირველი” მხოლოდ წიგნი არ არის. თუ კარგად დააკვირდებით, მასში მთელს ცხოვრებას აღმოაჩენთ. ასე მწვავედ არასდროს მიგრძვნია სიყვარულის კაქტუსის ჩხვლეტა, არასდროს მიფიქრია, რომ თვითმკვლელობა შეიძლება ძმათა ხათრით სიკვდილი იყოს და რომ ადამიანთა სიკვდილის ყურებით ადამიანთა სიყვარულს ვსწავლობთ.

სიმარტოვის დროსაც გამუდმებით გრძნობს დომენიკო, რომ "ვიღაცას უყვარდა".ეს ვიღაცა მამაა მისი, ექვსი ათასი დრაჰკანი რომ გამოატანა ვაჟიშვილს და ასე ცივად, თითქოს იმისათვის გამოისტუმრა, რომ ჭეშმარიტ სიმდიდრეს მიაკვლევინოს. იქნებ მიაკვლიოს კიდეც, ვინ იცის. ჯერ ხომ დომენიკო, ავტორის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ცომია", "ცომი". ჯერ არც ის ვიცით, რატომ ჰქვია რომანს ''სამოსელი პირველი".ერთი კია, ყველა თვალი დააძრო სამოსელს და ყველა თვალი გაყიდა მამამ ამეთვისტოს გარდა. ამეთვისტო ბახუსისაგან იცავსო მის მფლობელს, იქნებ ეს სიფრხილე იმისთვის სჭირდება მამას, რომ თვალი ადევნოს საკუთარ შვილს ამხელა გზაზე. წინ კიდევ რამდენი ქალაქია... ჯამბაზივით მხარზე შეუსვამს ავტორს მკითხველი და ქუჩებში დაატარებს. შუაღამისას ფანჯრებშიც ახედებს და ათას საიდუმლოს, ათასგვარი პროზის მომსწრეს ხდის. მერე პოეტურად ჰყვება ამ პროზის შესახებ გურამ დოჩანაშვილი. ალბათ იმიტომ, რომ თვალებით ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო დააქვს.

იდილია! როგორ დავცინით და როგორ გვენატრება ამ სიტყვის განცდა. როგორ დამძიმდა იგი, იდილია! ახალი, ნაცრისფერი კვარტლის ორ შენობას, ზედ გამზირზე რომ დგას, თვალშისაცემი საერთო რამ აქვს. ორ დიასახლისს გორგოლაჭებზე თოკი გაუბამს. რიგრიგობით შრება სარეცხი. რა ჰქვია ამას? იდილია? და რაც უფრო ფერწასული, გახუნებულია საღამური, მით უფრო მარტივი, უსაიდუმლო და იდილიურია იგი.ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ მგზავრები ავტობუსიდან, წამიერად თვალს რომ მოჰკრავენ სარეცხს. ქალაქის გულუბრყვილო მკვიდრი იდილიას სოფლად დაუწყებს ძებნას. სოფელს აქვს თავისი სიმყუდროვე, თებრონეს წყარო და თეთრი ბატები, მაგრამ: სოფელში ისეთი ბავშვიც ცხოვრობს, მოჭრილი და წაქცეული ხეების წვალება რომ უყვარს: "ექვსი წლისა რომ გახდა, ერთი ჟანგიანი დანა იპოვა, იმ დანით ხეებს ჩორკნიდა და ნაცრისფერ მერქანს უსერავდა..." ბავშვობაში დომენიკო მომსწრე გახდა იმისა, თუ როგორ ძლივსძლიობით ასწია ბიჭმა უშველებელი ლოდი და როგორ მონდომებით გაუჭეჭყა თავი პატარა ლეკვს. სიმწვანეს თვალმინაჩვევ ლოყებღაჟღაჟა იმ სოფლელ ბიჭს გვეგვე ერქვა. ფერმკთალი დომენიკოს ძმა იყო. იმ დღეს პირველად იტირა დომენიკომ. იმ დღეს პირველად დაირღვა ტკბილი სიუვიცის დროინდელი ჰარმონია, რომელიც ბავშვურ აღქმას აქვს. ერთბაშად გაიხლიჩა მთელი სამყარო და დანაწევრებულმა საგნებმაც თანდათან საკუთარი სახელები დაირქვეს. ჩვენ, მკითხველებსაც გვაქვს ჩვენ-ჩვენი ქალაქი. მაგრამ ხანდახან გვავიწყდება, გვეზარება და ვცხოვრობთ ზამთრის გრძელ ღამეებში ჩაფუთნულები. მთელი ზამთარი ასე თუ ისე გარკვეულია. იქნებ შეჩვეული? შეჩვეული. გაურკვევლობა კი გარკვეულობა გვგონია. გაზაფხული მოდის, თანდათან ვშუშდებით. გაზაფხული გვამღვრევს, გვაფორიაქებს და ათასი რამის ხელახალ გადასინჯვას მოითხოვს. ლამაზ ქალაქში გაზაფხულია და ყველას თავისი სახელი ჰქვია: ამ ქალაქის თითოეული მკვიდრი ამართლებს თავის არსებობას. თითოეული ცალ-ცალკე თითქოს იმიტომ კი არ გვეცნობა, საკუთარი ავკარგობა და ორიგინალობა დაგვანახოს, არამედ იმიტომ, რომ მეორე აღმოაჩინოს, მეორე პიროვნების არსებობა და ამ არსებობის აზრი დაამტკიცოს. ეს ხალხი თითქმის ყოველთვის და ყველგან ერთადაა, ქალაქგარეთ გასეირნება იქნება ეს თუ ზამთრის თამაშობებში მონაწილეობს მიღება, თუ კარასკოების არისტოკრატიულ ოჯახი გამართულ წვეულებეზე მოხვედრა. არსად, არცერთ თავში არ იწყება და არ მთავრდება ამბავი ერთი პერსონაჟისა. ისინი ყოველთვის ერთმანეთში გადადიან. ქალაქს თითქოს არ ცალია მხოლოდ ერთი კაცისათვის. ძალიან ძლიერი უნდა იყო, მარტოობას რომ გაუძლო.ამ მარტოობას არიდებენ ლამაზ-ქალაქელებიც თავს და ერთადაც თითქოს იმიტომ არიან, რომ როგორმე დროზე დაღამდეს. ეს ფიქრიანობა ნაკლებ ახასიათებს "სამოსელი პირველის" გმირებს. ეს არაა რომანი-მონოლოგი, ფიქრის აღწერა, სულის უფაქიზესი ნიუანსების გადმოცემა.მასში მოქმედემა სჭარბობს ( თუმცა თხრობა ხშირად მდორეა, არადინამიური), მოქმედება განსაზღვრავს სწორედ გმირთა შინაგან სამყაროს, გვიხსნის ხასიათებს.მაგრამ მოქმედება არსად აღწერაში არ გადადის. კვდება ედმონდო,და როცა იგი უკვე გარდაცვლილია, ვგონებ მწერლის მიერ განგებაა აქცენტირებული ცხედრის ამაყი, ზვიადი, უკარება სახე. მხოლოდ სიკვდილიდ მერე ენიჭება აზრი მის "უაზრო" ცხოვრებას და გასაგები ხდება მისი, ერთი შეხედვით ახირებული სიტყვები, არაერთგზის ღიმილს რომ ჰგვრის მკითხველს: "მოდი ვიამხანაგოთ". ეს ფრაზა მაშინვე გაისმოდა, როგორც კი უმცირეს ღიმილს ან სიკეთის გამჟღავნებას შეამჩნევდა ვინმეს. ქალაქს ჰყავს თავისი ლამაზი ქვრივი, "ნამდვილი ქალი" ტერეზა, სოფლიდან ჩამოსული ბიჭის პირველი სიყვარული. სიყვარული თუ გატაცება? ... და ქალაქი რის ქალაქია, თუ ერთი-ორი გიჟიც არ გამოერია. ნამდვილი გიჟი და ტყუილი- ალექსანდრო, რომელიც კარგად იცნობს საკუთარ თავს: "ზედმეტად დალაგებულნი ხანდახან ასე გამოვიყურებით"... ალექსანდრო სიკეთის მსახურია. ოღონდ იმდენად თვალსაჩინო და აღიარებული მსახური, რომ გიჟად მონათლეს. მან არ იცის წყენა, შეიფერა ეს სახელი და ასე უბოროტოდ დღედაღამ იმის ცდაშია, როგორმე სიყვარულის კაკტუსი გაახაროს ქალაქის მკვიდრთა უდაბნო სულში. ნამდვილი გიჟი - უგო ახალგაზრდაა. თითქმის ბავშვია. ენაზე მუდამ კამორული დანა აკერია და ყელის გამოჭრით ემუქრება ლამაზ-ქალაქელებს. ქალაქში კიდევ ნორჩი ჯანჯაკომოა, განსაცდელში მყოფ მამას ასე რომ ეგებება: "მორჩენალო მამა..." კიდევ მარადმწვანე მამიდა არიანდა, პატივმოყვარე ტულიო, ამპარტავანი ტულიო ვინსენტე- ლექსიკას იმის მიხედვით რომ იცვლის, გახსნილი აქვს თუ არა პერანგის ზედა ღილი... კიდე? კიდე? სხვებიც არიან. არ მახსენდება. ქალაქი რის ქალაქია, ყველა თუ გაგახსენდა.

“სამოსელი პირველი” - დიდებული წიგნი რომელიც ღრმად ტოვებს კვალს ადამიანის სულში და არ ჯერდება ერთხელ წაკითხვას. მისი ყოველი პერსონჟი, საოცრად ცოცხალი, საოცრად ნაცნობი, ზოგი ავი, ზოგიც კარგი მაგრამ რეალური. ვკითხულობთ წიგნს და სიცილი და ტირილი ერთმანეთში არის გადახვეული. სიცილი საოცრად დახვეწილი და ცოცხალი იუმორის გამო, ტირილი კი იმ დიადი წიგნის გამო რომელიც ხელში მეჭირა და ასეთ სიამოვნებას მგვრიდა, მაშინაც კი როცა ავტორი საოცარი სიწრფელით აღწერდა ცალკეული პერსონაჟის და საზოგადოების ტრაგედიას.

მე ვიცი რატომაც მომწონს - ძალიან, ძალიან გულუბრყვილოდ ადამიანურია...

ყველას გირჩევთ, განიცადოთ ეს შეგრძნება. ბოლოს კი ჩემი საყვარელი ფრაზით დავასრულებ: მთავარია გადაშალეთ პირველი ფურცელი, მოხერხებულად მოიკალათეთ და წავიდა...

ბექა შონია

(ჩანაწერებს ამ ჯგუფიდან „დრონი.ჯი“ მომავალშიც შემოგთავაზებთ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100