სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 ფრაზა, რომელსაც ჭკვიანი ადამიანი არასდროს იტყვის

ადამიანის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა მის ინტელექტზე იმაზე მეტს მეტყველებს, ვიდრე თქვენ გგონიათ. თითოეული ნასროლი ფრაზა შეიძლება ინახავდეს გარკვეული ხასიათის ქვეტექსტს და ამის შესახებ არ იცოდეთ. თქვენს მიერ ნათქვამი წინადადების აღქმა ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად გაგიგებთ, ამიტომ ნუ დაელოდებით მის კეთილგანწყობას, ჯობია ზუსტად იცოდეთ, რომელი წინადადების თქმა არ შეიძლება თანამოსაუბრისთვის და დიპლომატიურად მიუდექით დიალოგს. გთავაზობთ ათ ფრაზას, რომელსაც ჭკვიანი ადამიანი არასდროს იტყვის:

მე შემეძლო, რომ...

თქვენს თანამოსაუბრეს ნუ გაუმხელთ იმას, რომ რაღაცის გაკეთება ვერ შეძელით. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ აღნიშნული ფრაზა თქვენს დადებით მხარეს გაუსვამს ხაზს, ანუ აპირებდით ცუდის გაკეთებას, თუმცა გადაიფიქრეთ.


არ არის ცუდი იდეა...

რა მარტივად ჟღერს - არ არის ცუდი იდეა. თუმცა, რეალურად რას ნიშნავს იგი, მოგეწონათ? თუ არ მოგეწონათ, თუმცა მისი წყენინება არ გინდათ? ნუ შეგეშინდებათ მოსაუბრესთან პირდაპირი იყოთ და ზუსტად გააგებინოთ, რა არ მოგწონთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მის ნდობას ვერ მოიპოვებთ.


როგორ გამხდარხარ!

ერთი შეხედვით, საოცარი კომპლიმენტია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ზედმეტ წონაზე წუხს. თუმცა, ეცადეთ არ დათრგუნოთ და არ მიანიშნოთ, რომ მისი სიმსუქნე თქვენთვის ასე თვალშისაცემი იყო.



როგორ გაახალგაზრდავდი!

გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ფრაზა არც კაცს სიამოვნებს და არც ქალს, რადგან ამით თქვენ მათ თავიანთ რეალურ ასაკს ახსენებთ.



თუმცა...

ამ სიტყვას აქვს ერთი ჯადოსნური ძალა - მას შეუძლია მთლიანად ეჭვქვეშ დააყენოს წინადადება, რომელიც „თუმცას“ წარმოთქმამდე იყო თქმული. იგი აცლის სიმყარეს და აბათილებს აქამდე თქმულს.



დაღლილი მეჩვენები

წარმოიდგინეთ დაღლილი ადამიანის სახე - მათ აქვთ მოწყენილი თვალები, აწეწილი თმა, გაურკვეველი გამოხედვა, პრობლემა კონცენტრაციასთან, ხშირ შემთხვევაში გაღიზიანებულნი არიან. ფრაზა „დაღლილი მეჩვენები“ ჯერ არავის დახმარებია სტრესის დაძლევაში. ამით მხოლოდ გააუარესებთ მის განწყობას.



არ მიწყინო, მაგრამ...

ორმაგ უარყოფას კარგი არაფერი მოუტანია. წინადადების ამ ფრაზით დაწყება ერთგვარი წინაპირობაა იმისა, რომ მოსაუბრე თავის მართლების რეჟიმში გადაგყავთ. ამის შემდეგ, რაც არ უნდა უთხრათ, ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული - ის მხოლოდ იმას დაიმახსოვრებს, რომ თავს დაესხით. ნუ გამოიყენებთ ამ ფრაზას, თუ რა თქმა უნდა, ძალით არ გსურთ მოსაუბრე გამოიყვანოთ წყობიდან.



შეიძლება ვცდები, მაგრამ...

თქვენს მიერ ნათქვამ წინადადებაში ნუ ჩართავთ ეჭვის მომენტს და ნუ იტყვით, რომ შესაძლოა ცდებოდეთ - ამას მაინც არავინ დააფასებს. თუ გნებავთ, დაუშვით ის ფაქტი, რომ შეიძლება არ აღმოჩნდეთ მართალი, მაგრამ ამას ხმამაღლა ნუ გააჟღერებთ. მოსაუბრემ უნდა იგრძნოს, რომ დარწმუნებული ხართ საკუთარ სიტყვებში.



ბევრისთვის ცნობილია, რომ...

ვისთვისაა ცნობილი? ვინ არიან ის ადამიანები? სად დაითვალეთ? ასე ქვეცნობიერად ნდობა ეკარგება მოსაუბრეს თქვენს მიმართ, რადგან კონკრეტულ თემაზე არაკონკრეტულად და არაარგუმენტირებულად საუბრობთ.



ის შენი ღირსი არ იყო...

ამით თქვენი თანამოსაუბრის ნაკლს გაუსვამთ ხაზს - მას არ სცოდნია ღირსეული პარტნიორის არჩევა. დიახ, სწორედ ასე გაიგებს ის, რადგან გულგატეხილ მდგომარეობაში რთულია კარგი განწყობით შეხვდეს თითოეულ ფრაზას. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი იქნება, თუ არ ჩაერევით სხვათა ურთიერთობაში, მაგრამ თუ მოგიწევთ, მაშინ ეცადეთ სიტყვები დიდი სიფრთხილით შეარჩიოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100