გოჭკადილში გაჭედილი 65 მილიონი წლის დინოზავრები
სამეგრელოში, მარტვილის რაიონში, გაჭედილის (მეგრ.-გოჭკადილი) კანიონში, ილიას უნივერსიტეტის პალეონტოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც პროფესორი ვასო გაბუნია უდგას სათავეში, ხანგრძლივი კვლევის შემდეგ მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა.
მართალია, სპეციალისტები ჯერჯერობით ოფიციალურად არ აცხადებენ, მაგრამ ყველაფერი მიუთითებს, რომ კანიონში დაახლოებით 65 მილიონი წლის წინანდელი ცხოველების, სავარაუდოდ, დინოზავრების ნარჩენებს მიაკვლიეს.
„ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიური საშუალებებით ამ ნარჩენების დაუზიანებლად ამოღება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ამიტომაც ვცდილობთ, მათ არ შევეხოთ“, - ამბობს ვასო გაბუნია. ამავე დროს, კანიონიდან ამოღებული ქანების ნაწილის კვლევა უკვე მიმდინარეობს.
„ვვარაუდობთ, რომ ეს ადგილი იყო თბილი ოკეანის ნაწილი ან თავთხელი, ხოლო ეს ცხოველები აქ ბინადრობდნენ დაახლოებით იმ პერიოდში, როცა დინოზავრები ამოწყდნენ და დაიწყო ახალი ძუძუმწოვრების გაჩენა დედამიწაზე“, - ამბობს ვასო გაბუნია, ეს პერიოდი კი დედამიწაზე, დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ იდგა.
„მიმდინარეობს ძალიან საინტერესო სპელეოლოგიური გამოკვლევები, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ მღვიმეების ნაწილი, რომელიც არ არის გამოკვლეული. ზოგიერთ მღვიმეში აღმოჩნდა უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთები, მათი ძვლები, ნასუფრალი და ა.შ. ამას გარდა, ისეთი ცხოველების ძვლები, რომელთა დიდი ნაწილი დღეს აღარ გვხვდება. ეს არის მღვიმის დათვი, ბიზონი... პარალელურად შევისწავლეთ მღვიმეების ძალიან საინტერესო ფაუნა, რომელიც გარეთ არ გამოდის. აქედან გამომდინარე მთლიანად შეგუებულია სრულ სიბნელესა და სიჩუმეს. გარემო შესასწავლია პალეონტოლოგიური თვალსაზრისითაც. ჯერ დაზვერვითი სამუშაოები ჩატარდა. სხვადასხვა ნამარხებია ამოღებული, ახლა იწყება მათი დამუშავება და ასაკის დადგენა.
პირველადი მონაცემებით ვფიქრობთ, რომ საქმე გვაქვს ძალიან საინტერესო ეტაპთან, ეს არის პერიოდი, როდესაც დინოზავრები ამოწყდნენ და იწყება ახალი ერა. ეს ის პერიოდია, როდესაც ასტეროიდი ვარდება დედამიწაზე, ყველაფერი ნადგურდება და შემდეგ უკვე თავიდან იწყება სიცოცხლე. ანუ ეს არის 65 მილიონი წელი ჩვ.წთ.აღ-მდე. ჩვენ ახლა ვეძებთ იმ შრეს, რომელიც ამ გარდამავალ პერიოდს ზუსტად გვაჩვენებს. ჯერჯერობით ვერ მივაგენით, მაგრამ ისეთი სურათი, რომ გვაიმედებს, სადღაც იქვე ვართ.
ეს ფენა არის ირიდიუმის შრე. როდესაც მოხდა ასტეროიდის დაჯახება დედამიწაზე გამოიფრქვა ნივთიერება, რომელიც დედამიწაზე ძალიან იშვიათია - ირიდიუმი. ამ სასაზღვრო ფენაზე არის ამ ნივთიერების ძალიან დიდი რაოდენობა. ეს იქნება ძალიან მნიშნელოვანი აღმოჩენა, რადგანაც ეს ფენა ხშირად არ გვხვდება დედამიწაზე.“ - ამბობს პროფესორი გაზეთ „24 საათთან“ ინტერვიუში.
იმის გარდა, რომ თურმე, დინოზავრები არამარტო სათაფლიაში, სამეგრელოშიც ბუდობდნენ, ექსპედიციას უამრავი სხვა აღმოჩენა ეკუთვნის, რომელთა დაყოფა ორი, მეტად მნიშვნელოვანი: ტურისტული და მეცნიერული მიმართულებით შეიძლება. მართალია, ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი და წინა პლანზე წამოწეული მეცნიერული კვლევაა, მაგრამ, როგორც ვასო გაბუნია გაზეთ „24 საათთან“ ინტერვიუში ამბობს, ეს მხარე და კანიონი ველური ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - მთავარია, საქმეს ოდნავი ბიძგი მიეცეს, მერე კი ილიაუნის პროფესორს ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობისა და შრომისმოყვარეობის იმედი აქვს:
„ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ჩვენ (ქართველები - ლ.ბ.) ამ ეტაპზე აქცენტს ვაკეთებთ ზღვაზე, ზღვა კი არის ყველგან, თან, გაცილებით უკეთესი, ვიდრე ჩვენთან. მაგრამ ის, რაც სამეგრელოშია, ბევრგან არ არის. თანაც ეს ზონა ზღვასთან ახლოს არის, ზღვაზე დამსვენებელი აქ 2 საათში მოხვდება. აქ არის კანიონინგის შესაძლებლობა (კანიონში დაშვება ნავებით), ულამაზეს კანიონებზეა საუბარი! აქ არის, ალბათ, ყველაზე მაღალი ჩანჩქერები, რაც კი არსებობს საქართველოში, თანაც ადვილი მისადგომია. შეიძლება ამ ჩანჩქერებზე თოკებით დაშვებაც - ექსტრემალური ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც საინტერესოა. ყველა ეს ჩანქერი გამოდის უზარმაზარი მღვიმეებიდან, ანუ სპელეოლოგიით დაინტერესებულთათვის, მღვიმეების შემსწავლელი ხალხისთვის ძალიან საინტერესოა. ანუ, წარმოიდგინეთ კლდიდან ჩამოდის ჩანჩქერი, გამოდის მღვიმეში, ამ მღვიმეში ტბებია და შიგნითვეა ჩანჩქერები... ანუ მიწის ქვეშ ხდება ეს ყოველივე, თანაც, აქვეა ძალიან საინტერესო ტყეები, რომლებიც ბოლო გამყინვარებიდან მხოლოდ და მხოლოდ ამ ადგილებშია შემორჩენილი - კლასიკური უძველესი ტყეები. ამას გარდა, არის ძალიან საინტერესო ფაუნა... მართალია, აქ თითქმის არ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მხოლოდ მარტვილშია სასტუმრო, მაგრამ ამას ყველაფერს მოევლება, რადგანაც დაინტერესება მოსახლეობის მხრიდან დიდია. რეგიონში საკმაოდ შეძლებული ხალხი ცხოვრობს. ძალიან მშრომელი ხალხია, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია ააწყოს «გესთჰაუზების» ტიპის სახლები, ჰყავთ ცხენები, ყველგანმავალი მანქანები. ძნელი არ იქნება, მთავარია გეზის მიცემა...“
მართალია, ვასო გაბუნია, როგორც სპეციალისტებს სჩვევიათ, სიფრთხილით ეკიდება დინოზავრების თემას, მაგრამ წინასწარი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ადასტურებს, რომ გაჭედილში მართლაც დინოზავრის ნაკვალევია ნაპოვნი და ასეთი აღმოჩენების იშვიათობასა და მნიშვნელობაზეც საუბრობს:
„ის რაც ვნახეთ - ეს არის დინოზავრის ნაკვალევი! ეს არის ანაბეჭდები, რომლებიც შემდეგნაირად გადარჩა: იმისთვის რომ ნაფეხური ტალახზე გადარჩეს, ის ჯერ უნდა გაშრეს, შემდეგ გამაგრდეს, უნდა დაედოს სხვა ფენა, მილიონობით წლების განლავლობაში, შეიძლება, მას ნახევარკილომეტრიანი ფენა დაედოს. რაღაც დროს იწყება ამ ფენების დაშლა, ან გამოფიტვა, ანდა მეწყრის დაცურება და ა.შ. და გამოდის ზედაპირზე ეს ნაკვალევი. 200-300 წლის განმავლობაში თუ არ დაინახე და წაასწარი ამ ნაკვალევს, ის იშლება. ანუ ეს იმდენად რბილ ქანზეა რომ შეიძლება გაქრეს. სათაფლიაში ჭაბუკიანი სრულიად შემთხვევით წააწყდა ნაკვალევს. ერთი შრე მოხსენს და აღმოჩნდა. იქ რომ არ ყოფილიყო ის დაიკარგებოდა, განადგურდებოდა. წყალმა ისედაც დააზიანა, სანამ არ გადახურეს...“
მარტვილში მეცნიერული კვლევები, სავარაუდოდ, ნოემბრამდე გაგრძელდება, ანუ, იმ დრომდე, სანამ მეცნიერებს მუშაობის საშუალებას ამინდი მისცემს. პაეალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკება უცხოელ პარტნიორებთან, რათა მათ საქართველოში სპეციალური აპარატურა ჩამოიტანონ, რითაც სრულყოფილი კვლევების ჩატარება გახდება შესაძლებელი.
კომენტარი