სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მართლმადიდებელთა კრებული“ ეკლესიის იერარქთა ლუსტრაციას ითხოვს

როგორც მოსალოდნელი იყო, რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ზოგი სასულიერო პირის მხრიდან პარლამენტის დეპუტატების თვითნებური დაწყევლა-შეჩვენებით არ დასრულებულა.

დღეს მეტეხის ხიდზე ზაზა ნანობაშვილის მეთაურობით შეკრებილი ახალი ამქრის „მართლმადიდებელთა კრებულის“ მხრიდან საპატრიარქოს მისამართით გაკეთებულ განცხადებაში იმპერატიულმა ტონმა გაიჟღერა. თუ დღევანდელი შეკრების პათოსიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, სულაც არაა გამორიცხული, დაპირისპირება ეკლესიის შიგნით, როგორც სასულიერო პირები იტყვიან, „ეკლესიის წიაღში“ განვითარდეს და ერთმანეთს სასულიერო პირები დაუპირისპიროს.

კანონთან დაკავშირებული ბატალიების დროს, რასაკვირველია, ეკლესიის მოქმედ სასულიერო პირებს შორისაც იყვნენ ისეთები, ვინც თავიანთი „კოლეგების“ თავგასული ქმედება დაგმო. სინოდის გადაწყვეტილება-განჩინებაშიც სწორედ ეს პათოსი აისახა, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, რომ პატრიარქის გარემოცვაში სწორედ ასეთი, შედარებით პროგრესულად მოაზროვნე სასულიერო პირები სჭარბობენ, რომლებმაც კარგად იციან, სად გადის ზღვარი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.

მაგრამ, მუშნი ზარანდიას მიერ დოცენტისადმი მიმართვისა არ იყოს, მათ ჯერ კიდევ მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ აქა დგანან და სხვაგვარად არ ძალუძთ: ეს ფრთა საპირისპირო პოზიციაზე მყოფი სასულიერო პირებისგან, როგორც მინიმუმ, უკმაყოფილებას ვერ ასცდება. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ „მართლმადიდებელთა კრებული“ საპატრიარქოსგან, არც მეტი, არც ნაკლები, იმ იერარქთა ლუსტრაციას ითხოვს, რომლებიც ზემოთხსენებული კანონის მიღებას და არსებობას მხარს უჭერენ, პარალელურად კი, იმ სასულიერო პირების პოზიციის ხმამაღლა გამოხატვას, ვინც საპირისპირო პოზიციაზეა და უკვე მიღებულ კანონსაც ეწინააღმდეგება.

ზაზა ნანობაშვილი, რომელიც „მართლმადიდებელთა კრებულის“ შემქმნელი და მეთაურია, სამების ლავრის მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობს. ნამდვილად ძნელი სათქმელია, რამდენად აქვს პატრიარქის უფლებებში უხეშად ჩარევის უფლება ამ იერარქიის ეკლესიის მუშაკს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს მან, ფაქტობრივად, სინოდის განჩინების გადახედვა სცადა და განცხადებით, რომელიც კრებაზე შემუშავდა, დამატებითი კომისიების შექმნა მოითხოვა.

მკითხველის ფანტაზიისთვის მიგვინდია იმის წარმოდგენა, რამდენად დიდ კადნიერებად, მკრეხელობადაც კი ჩაუთვლიდნენ „კრებულის“ წევრები და ხელმძღვანელები მსგავსი განცხადების მიღებას ნებისმიერ პარტიას თუ მოქალაქეთა გაერთიანებას. ახლა კი, რა გამოდის? პატრიარქი ბოლომდე ვერ ჩასწვდა მოვლენებს, ვერ გათვალა მოსალოდნელი შედეგები და გამორჩა იმ კომისიის აუცილებლობა, რომლის შექმნასაც „კრებული“ ითხოვს? აკი აქამდე ზაზა ნანობაშვილს შეუმცდარი (ყოველ შემთხვევაში, ასეთ საკითხებში) პატრიარქი ჰყავდა?

„კრებულის“ მიერ მიღებული განცხადება არამარტო პატრიარქის საქმეში ჩარევაა, არამედ იმ სინოდის ფარული კრიტიკაც, რომლის შემადგენლობაშიც ეპარქიის მღვდელმთავრები შედიან.

განცხადება ულტიმატუმის ტონით მოითხოვს ეკლესიის იმ იერარქთა ლუსტრაციას, რომლებიც რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონს ეწინააღმდეგებიან და მხარს უჭერენ. ეს, ალბათ, სინოდის განჩინების იმ ნაწილის საპირწონე მოთხოვნაა, სადაც სასულიერო პირების მხრიდან „ზნეობრივი გადაცდომების“ შემსწავლელი კომიისიის შექმნაზეა საუბარი.

განცხადების მიღება უკვე არა სახელმწიფოსთვის, არამედ საპატრიარქოსთვის კუნთების ჩვენებას ჰგავს: ზაზა ნანობაშვილი, ალბათ, ფიქრობს და, კაცმა რომ თქვას, არცთუ უსაფუძვლოდ, რომ საქართველოს მრევლზე ზემოქმედება ძალიან ადვილია კანონისა და ელექტრონული პასპორტების, შეჩვენებული დეპუტატების, ზოგადად, მართლმადიდებლობის თემით მანუპილირებისას, სამაგიეროდ, რაც უფრო მრავალრიცხოვანი იქნება „მართლმადიდებელთა კრებული“, მით უფრო მეტი მიზეზი ექნება ნანობაშვილს, საპატრიარქოს „გაექაჩოს“ და მიანიშნოს: დასჯით სასულიერო პირებს თვითნებობისთვის? მე თქვენ გამხელთ სახელმწიფოსთან „მავნებლურ“ კავშირში და ვეტყვი მრევლს, რომ ხელს აფარებთ მათ, ვინც ანტიმართლმადიდებლური კანონი მიიღო...

არც ის დაგავიწყდეთ, რომ „მართლმადიდებელი კრებულის“ დღევანდელ განცხადებას საეჭვოდ დაემთხვა დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება იმის შესახებ, რომ საეკლესიო გვარდია და რეგიონალური სადროშოები უნდა შეიქმნას. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევა იყოს და არ ღირდეს შეთქმულების თეორიის მიმდევრობა, მაგრამ ისიც ნათქვამია, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება...

ბოლოს კი, უბრალოდ, დავაკვირდეთ, რამდენი ნაღმური ქვეტექსტი დევს დღეს, მეტეხის ხიდთან შეკრებილი „მართლმადიდებელთა კრებულის“ განცხადების შესახებ გავრცელებულ („ინტერპრესნიუსი“) ერთ მცირე ინფორმაციაში და დასკვნაც თავად გამოიტანეთ:

„ აქციის დასასრულს კრებულის წევრებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება განცხადებაზე, რომელიც საპატრიარქოში ილია მეორის სახელზე შეაქვთ .
განცხადებაში კრებულის წევრები ითხოვენ, საჯარო გახდეს იმ იერარქების ვინაობა, ვინც წმინდა სინოდის სხდომაზე, რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით მიღებული კანონის სასარგებლოდ მისცა ხმა და ამ კანონის მოწინააღმდეგე მეუფეებმა თავიანთი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირონ.
განცხადებაში კრებულის წევრები პატრიარქს ასევე მიმართავენ თხოვნით, შედგეს შემსწავლელი კომისია ელექტრონული მოწმობების იძულებით შემოღების საკითხთან დაკავშირებით, რადგან როგორც კრებულის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი აცხადებს, ეს არის უმნიშვნელოვანესი სააღმსარებლო საკითხი და მართლმადიდებელი ადამიანების კონტროლის საშუალება.
აქციის დასასრულს აქციის მონაწილეებს სპეციალური ბუკლეტები დაურიგდათ, რომლებშიც ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებით მსოფლიო ქვეყნების გამოცდილებაზეა საუბარი. მათ თხოვნაზე საპატრიარქოს პასუხს "მართლმადიდებელთა კრებული" ერთი კვირის განმავლობაში დაელოდება. მორიგი შეკრება 24 ივლისს, ხელოვნების მუზეუმთან არის დაგეგმილი, სადაც დაბრძანებულია ანჩისხატი.“

როგორც ჩანს, გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა, ეკლესიის შიდა დაპირისპირება და სასულიერო პირთა ურთიერთბრალდებები მხოლოდ ახლა იღებს სათავეს. საკითხავი კი მხოლოდ ისღა დარჩა, შეძლებს თუ არა პატრიარქი, თავისი გარემოცვის დახმარებით - მოსალოდნელი შიდასაეკლესიო კოლაფსის თავიდან აცილებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100