სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გალის რაიონის სოფლებში რამდენიმე ინციდენტი მოხდა

გალის რაიონის სოფელ ფიჩორში აფხაზმა სპეცრაზმელებმა 25 წლის გარიკ ღურჯია 9 აგვისტოს საკუთარ სახლში დააკავეს. ინტერნეტგამოცემა ლაივპრესის წყაროს ცნობით, აფხაზმა სპეცრაზმელებმა გარიკ ღურჯიას ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოართვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. წყაროს ინფორმაციით, ღურჯიას დაკავებისას, სპეცრაზმელებმა მის ბიძაშვილს და მასთან სტუმრად მყოფ კიდევ ერთ ახალგაზრდას სცემეს. მისივე ცნობით, სპეცრაზმელები ვილისის მარკის 3 ავტომანქანით იყვნენ. წყაროს თქმით, გარიკ ღურჯიას დაკავება გამოსასყიდის მოთხოვნის სანაცვლოდ მოხდა, და რომ ასეთი ფაქტები სოფელში ხშირია. ლაივპრესი სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობას დაუკავშირდა. მისი ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა, ფიჩორში მომხდარ ფაქტს ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, სოფელ ფიჩორში, აფხაზმა სპეცრაზმელებმა თამაზ ორჟონია და მურმან დემურია დააკავეს. წყაროს თქმით, სპეცრაზმელებმა დაკავებულებს ასაფეთქებელი ნივთიერება დაუდეს სახლში, რაც მათი დაკავების მიზეზი გახდა. თავდაპირველად ისინი სოხუმში, 10 დღის შემდეგ გალში გადაიყვანეს. ფიჩორის მკვიდრის ინფორმაციით, დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ გამართულა, შესაბამისად უცნობია, თუ რა ბედი ეწევათ განსასჯელებს.

ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლახუბაში კი დაპირისპირება მოხდა აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატების ალექსანდრ ანქვაბის და რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერებს შორის. livepress.ge-ს კორესპოდენტის ამრა ადლეიბას ცნობით, სოფლის ადმინისტრაციის შენობაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მისივე ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად დაშავებულებს შორის არის სოფელ ბესლაყუბას გამგებელი კობა ჭითანავა, რომელიც ოჩამჩირის საავადმყოფოში თავის არეში მიყენებული დაზიანებებით მოათავსეს. შეგახსენებთ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 26 აგვისტოსაა დანიშნული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100