მოსკოვში, ტრიუმფალურ მოედანზე 569 დემონსტრანტი დააკავეს
მოსკოვში, ტრიუმფალურ მოედანზე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართული აქციის 569 მონაწილე დააკავეს.
რუსული სააგენტოების ცნობით, დაკავებული აქტივისტების უმრავლესობა ამ დრომდე პოლიციის განყოფილებებში რჩება.
"ინტერფაქსის" ინფორმაციით, ტრიუმფალურ მოედანზე გამართულ აქციაში გუშინ დაახლოებით 2 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პარალელურად იქვე "ედინაია როსიას" აქტივისტების აქციაც მიმდინარეობდა, თუმცა პოლიციამ მხოლოდ ოპოზიციონერები დააკავა.
პოლიციის განყოფილებებში აქტივისტებთან ერთად "იაბლოკოს" ლიდერი სერგეი მიტროხინი, "სოლიდარნოსტის" პოლიტსაბჭოს წევრი ბორის ნემცოვი, "დრუგაია როსიას" ლიდერი ედუარდ ლიმონოვი, "გაზეტა.რუს" მიმომხილველი ბოჟენა რინსკაც აღმოჩნდნენ. ყველა მათგანი დაკავებულების უმრავლესობისგან განსხვავებით, გუშინ საღამოსვე გაუშვეს.
"სოლიდარნოსტის" აქტივისტ ილია იაშინსა და ბლოგერ ალექსეი ნავალნის სასამართლომ 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
კომენტარი