ხუდონჰესი უნდა აშენდეს ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილების ფონზე
ხუდონჰესის მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე დებატები მწვავე ფაზაში გადადის. ხაიშის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად დღეს ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა.
ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებს, ექსპერტებს და მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილს პროექტის მიმართ პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. თუმცა, ყველა მათგანი თანხმდება იმაზე, რომ ხუდონის მშენებლობა ეკონომიკურ განვითარებას განსაზღვრავს და ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მაგრამ შესათანხმებელი რჩება რამდენიმე საკითხი, როგორიცაა განსახლება და ეკოლოგიური ფაქტორი, რომლებიც განსაკუთრებულად სენსიტიური თემებია.
ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე:
მიმაჩნია, რომ ჰესების მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. ამასთან, ნებისმიერი ასეთი პროექტის, მათ შორის, ხუდონჰესის მშენებლობის პროცესში მოსახლეობის ინტერესები გასათვალისწინებელია. ვფიქრობ, რომ სპეციალისტებმა და ექსპერტებმა სიტუაცია სწორად უნდა აწონ-დაწონონ და შესაბამისი დასკვნა გააკეთონ. ამან, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა უნდა მისცეს. დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. ვხედავ დიდ სარგებელს, რასაც ხუდონჰესი საქართველოს მოუტანს, მაგრამ ვხედავ შეშფოთებულ ხალხსაც. ზოგი შენიშვნა შეიძლება საფუძვლიანი იყოს, ზოგიც – უსაფუძვლო. ხელისუფლებამ ყველა განსხვავებული აზრი უნდა მოისმინოს და გააკეთოს სწორი, გონივრული დასკვნა.
შოთა მალაშხია, ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი:
პირველ რიგში, მთავრობამ მოსახლეობის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს. ამასთან, მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ფაქტორი, რაც საგანგებო შესწავლას საჭიროებს. არ ვარ სპეციალისტი და საკითხზე მსჯელობას მოვერიდები. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეკონომიკური განვითარება დიდი ჰესების მშენებლობას მოითხოვს. ეს საჭიროება არსებობს. მთავარია, მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე არ მოხდეს. სხვა მხრივ, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.
თამაზ კუნჭულია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი: „ხუდონჰესი“ აუცილებლად უნდა აშენდეს, მაგრამ აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს მოსახლეობის პოზიცია. აღნიშნული ჰესი უნდა აშენდეს ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილების ფონზე. კარგია და მისასალმებელია, როდესაც საუბრობენ მცირე ჰესების აშენებაზე, მაგრამ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, თუ არ გვექნება რამდენიმე საბაზისო ელექტროსადგური, ვერ მოხდება. ამიტომ, ვიმეორებ, აუცილებელია ხუდონჰესის მშენებლობა.
კომენტარი