შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ კიდევ ერთი პირი დააკავა - რა გამჟღავნდა საგანგებო ბრიფინგზე
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოზიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ვ.ა.-მ საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა შეგნებულად ცრუ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით, კერძოდ:
2020 წლის 15 ივლისს, ვ.ა. დაუკავშირდა მედიასაშუალებას და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი - თითქოსდა რამდენიმე საათით ადრე, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, შეესწრო 4 უცნობი პირის საუბარს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან. მისი თქმით, თითქოს საუბრისას ნახსენები იყო შაქარაშვილისა და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პირის გვარი, რომელიც, მათივე შეფასებით, ცუდად მოიქცა. დაკავებულის თქმით, ასევე, თითქოს საუბარი იყო გაურკვეველი ნივთის გადაგდებაზე და ნახსენები იყო შემდეგი ფრაზები: „ბიჭო, შაქარაშვილების ოჯახმა კიდე კაი არ გაიგო, თორემ მაგრად დაგვარტყამდა“. „ბიჭო ის ხო გადააგდე“. ამ დროს თითქოსდა ერთმა მოსაუბრემ ხელი ჰკრა მეორეს და უთხრა გაჩუმდი“.
ვ.ა. საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოიკითხა სამჯერ, რა დროსაც გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია შეხვედრის ადგილმდებარეობასთან, პირთა აღწერილობასთან, მათი საუბრის შინაარსთან და მოქმედებებთან დაკავშირებით, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა ის ადგილი, სადაც თითქოსდა მოისმინა მისთვის უცნობი პირების საუბარი.
ვ.ა.-ს მიერ გამოძიებისთვის მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, დაუყოვნებლივ ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მოპოვებული მოწმეთა ჩვენებების, ვიდეო-ჩანაწერების, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ვ.ა. დროის იმ მონაკვეთში, როდესაც თითქოსდა მოისმინა უცნობის პირების საუბარი, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში და სახლიდან არ გასულა. შესაბამისად, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული სრული ინფორმაცია, რაც ეხება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს, არის ვ.ა-ს მიერ გამოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს.
ვ.ა.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ ერთ მნიშვნელოვან საკითხს: პირადი მოტივებით სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება არ არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი კომპონენტი და ამგვარი ინფორმაციის გავრცელება არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით. გამოძიების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ხელს უშლის დროული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, მტკიცებულებათა მოპოვებასა და დამნაშავე პირთა მხილებას. საქართველოს პროკურატურა, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში, მოახდენს რეაგირებას და გამოიყენებს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ.
ასევე, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული და ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგის თაობაზე.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას. ამავდროულად, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას.
ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.
აღნიშნული დასკვნა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს წარდგენილი ბრალდებების უტყუარობას - ბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს ზემოხსენებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.
ამასთან, გაცნობებთ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე პატიმრობაში მყოფი 11 ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირება არ შეცვლილა" - აცხადებენ პროკურატურაში.
კომენტარი