სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უმჯობესია გააკეთო და ინანო, ვიდრე....

ისეთი ადრიანი დილა იყო ქალაქებს ეძინათ. ჩემს წინ ნაცრისფერი ტრასა. მე და მუსიკა მარტო ვიყავით მანქანაში.

დანიშნულების ადგილი - მშობლიური ქალაქი და სახლი. განწყობა - მშვიდი. ჰაერი - სუფთა და ონდავ ნოტიო. ცა - ღრუბლიანი.

ქალაქებს ჯერ კიდევ ეძინათ, როცა მე და მუსიკა შენ მოგიახლობდით ჩემი მანქანით. საქარე მინაზე პირველი წვეთები, რომ დაეცა უკვე შენს ქალაქში ვიყავი.

დანიშნულების ადგილი - მშობლიური ქალაქი და სახლი. განწყობა - წვიმის გამო შეშფოთებული. შენი არნახვის გადაწყვეტილება - მტკიცე!

დინამიკებიდან Michael Buble - ს ხმა იღვრებოდა. „სულ, რომ ცა დამექცეს თავზე მაინც არ შევჩერდები ამ ქალაქში“ - მაგნიტოფონს შევხედე და სწორედ მაიკლს ვუთხარი ეს სიტყვები, რადგან სხვა ხმისგამცემი არ მყავდა. “and I am feeling good” - მიპასუხა თავისი სიმღერის მისამღერით, რა ენაღვლება ზის თავისთვის სადღაც „ფლეშკის“ კუთხეში და მღერის, მე ვინაღვლო სველ ტრასაზე, რომ მომიწევს „პერევალის“ გადავლა.

ცალკე შენზე და წვიმაზე ფიქრებმა და ცალკე მაიკლთან საუბარმა დამაბნია და შენს ქალაქში გზა ამებნა. მანქანა გავაჩერე, უკვე მაგრად წვიმდა, მაღაზიასთან შეფარებულ მამაკაცებს თბილისისკენ მომავალი ტრასის ადგილმდებარეობა ვკითხე და როცა დამაკვალიანეს, ჩემმა მანქანამ გაჭედა, ესეთი რამ არც კი გამიგია, დაქოქილ ავტომობილზე სიგნალიზაცია ჩაირთო.

„ღმერთო ნუ მიგზავნი ამ ნიშნებს, მე ერთი წამითაც კი არ გავჩერდები ამ ქალაქში.“- გავიფიქრე და ისევ გავუდექი გზას.

დანიშნულების ადგილი - მშობლიური ქალაქი და სახლი. განწყობა - უკვე გაღიზიანებული. შენი არნახვის გადაწყვეტილება - შერყეული!

„რა იქნება ახლა სადმე ტროტუარზე მოვკრა თვალი, შემთხვევით შეხვედრა არ ნიშნავს, რომ მე გადავდგი ნაბიჯი“ - ვფიქრობდი, როცა შენი ქალაქის გრძელ ქუჩას მივუყვებოდი თავსხმა წვიმაში. – „არა რომც დავინახო, წამითაც კი არ შევჩერდები, ჩვენი შეხვედრა საჭირო, რომ ყოფილიყო თავად ჩამოვიდოდა ჩემს სანახავად.“

დანიშნულების ადგილი - მშობლიური ქალაქი და სახლი. განწყობა - შეშინებული. შენი არნახვის გადაწყვეტილება - არასასურველი, მაგრამ მტკიცე!

წვიმამ სიგიჟის პიკს მიაღწია, ისე დასცხო თავი ფანტასტიური ჟანრის ფილმში მეგონა, ჩემს წინ ყველაფერი ისე დაიბურა თითქოს წყალში მქონდა თავი ჩაყოფილი და თვალები ისე გავახილე, ფეხი ინსტიქტურად დავაჭირე „ტორმუზს“ გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო. ვერაფერს ვხედავდი, მანქანა ლამის ინტუიციით „დავაპარკინგე“ და უკანა ბორბალი ტროტუარზეც კი შევახტუნე უშნოდ.

არ მახსოვს ან არ ვიცი, რატომ გადმოვედი იმ თავსხმა წვიმაში მანქანიდან და რატომ შევვარდი ზუსტად ჩემი მანქანის გვერდით მდებარე ნახევრად ღია კაფეში, ალბათ ყავა მინდოდა. წვიმდა და ციოდა, ჩემი ტანსაცმელი სველი იყო, ვიჯექი შენი ქალაქის კაფეში და ტელეფონზე რამდენჯერმე ავკრიფე შენთვის მესიჯი, მაგრამ არცერთხელ არ გამოვაგზავნე. მციოდა, თბილი და მშრალი ტანსაცმელი კი მანქანაში იყო.

დანიშნულების ადგილი - გაურკვეველი. განწყობა - გაურკვეველი. შენი არნახვის გადაწყვეტილება - გაურკვეველი!

მციოდა უცხო ქალაქში. შენ სადღაც ძალიან ახლოს იყავი, იქნებ რამდენიმე ფეხის ნბიჯზეც. კაფეში უცხო ხალხმა ამინდის გამო შეჩერებული მგზავრი იცნეს და მიღიმოდნენ. არ მახსოვს ან არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი იმ კაფეში, იქნებ მთელი საათიც კი, ბოლოს სიცივემ ისტერიულად შემომიტია, მერე თითქოს წვიმამაც შეწვიტა სიგიჟე და მისი წვეთების ნაკლებობა გზის გაგრძელების აუცილებლობის ნიშნად მივიღე.

დანიშნულების ადგილი - გაურკვეველი. განწყობა - გაურკვეველი. შენი არნახვის გადაწყვეტილება - გაურკვეველი!

შენს ქალაქს, რომ გავცდი ისევ გაიგიჟა წვიმამ თავი, უკვე ქალაქგარეთ ტრასაზე ვიყავი, როცა ისევ მომიწია მანქანის გაჩერება. წვიმა ისევ არაბუნებრივად ძლიერი იყო, ტირილი დავიწყე, ამინდმა ისე შემაშინა შენც კი დამავიწყდი. ვტიროდი ყველაფერს ერთად, წვიმას, მაღალ და უშნო ბალახებს ტრასის პირას, მოღრუბლლ ცას, დასრულებულ შვებულებას, საკუთარ თავს და ჩემს მარტოობას.

დანიშნულების ადგილი - ქუთაისი, ნათესავები და მეგობრები მყავს იქ. განწყობა - წვიმისა და სველი ტრასის გამო შეშინებული. შენი არნახვის გადაწყვეტილება - სისრულეში მოყვანილი!

ზღვისპირეთს, რომ გამოვცდი წვიმა შენელდა. პირველივე დასახლებულ პუნქტში გავჩერდი. ტანსაცმელი მანქანაშივე გამოვიცვალე. მშიოდა და რაღაც ხაჭაპურისმაგვარი ვიყიდე, უგემური იყო, მაგრამ მშიოდა და ამას მხოლოდ ბოლო ლუკმებზე მივხვდი.

დანიშნულების ადგილი - ქუთაისი ან თბილისი, ამინდს გააჩნია. განწყობა - შედარებით მშვიდი, მაგრამ დაძაბული. შენი არნახვის გადაწყვეტილებას ვიცი ვინანებ!

ქუთაისში უკვე ადამიანის სახით შევედი, მუსიკა ისევ ჩავრთე. ქალაქებს უკვე მთლიანად ეღვიძათ და ადამიანების დანახვამ კიდევ უფრო მეტად დამამშვიდა. მანქანა გავაჩერე. აჭარაში წყალდიდობააო, კარგად გამოგისწრიათო, ურეკი წყალმა წაიღოვო, ბენზინგასამართ სადგურზე მითხრა ახალგაზრდა ბიჭმა სანამ ჩემი მანქანის ბაკი საწვავით ივსებოდა. ტელეფონი მოვიმარჯვე და ფეისბუქზე შევედი, ჩექინი გავაკეთე ქუთაისში და თან მივაწერე, რომ ცოცხალმა გამოვაღწიე აჭარიდან.

დანიშნულების ადგილი - თბილისი, სახლი. განწყობა - მშვენიერი. შენი არნახვის გადაწყვეტილება - სწორი!

მე და მუსიკა უკვე თბილისს ვუახლოვდებოდით. ავტობანზე მოვქროდი და დინამიკებიდან კლუბური ჰანგები მირტყავდა ყურებზე. „თბილისში სახლი მელოდება, მეგობრები, ოჯახი, სამსახური, ჩემი სამყარო. მე ისედაც ბედნიერი ვარ და არ მჭირდება ის ქარიზმატული და მხიარული ვიღაც სხვა ქალაქიდან“ - ამ სიტყვებს ვაყოლებდი კლუბური მუსიკის ბასებს.

დღეის დრო: იმ ჰიჩკოკისფილმისეული წვიმით გაფორმებული დღიდან თვეები გავიდა. დღეის ადგილმდებარეობა: თბილისი, სახლი. დღეის განწობა: ცარიელი. შენი არნახვის გადაწყვეტილება - ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100