სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Greenberg Quinlan Rosner-ის კვლევა - „ნაციონალური მოძრაობა“ 42%, ივანიშვილის მომავალი პარტია 28%

Greenberg Quinlan Rosner-ის მიერ გამოკითხულთა 42% „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს, ხოლო 28% კი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მომავალ პოლიტიკურ პარტიას. Greenberg Quinlan Rosner-ის კვლევის შედეგების ნაწილი Civil.ge -თვის გახდა ცნობილი.

ამერიკულმა ორგანიზაციამ, რომელიც მმართველმა პარტიამ ჯერ კიდევ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაიქირავა, კვლევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩაატარა. Greenberg Quinlan Rosner-მა კვლევა ნოემბრის შუა რიცხვებში ჩაატარა და სულ 1200 რესპონდენტი გამოკითხა.

კვლევის მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 42% უჭერს მხარს, ბიძინა ივანიშვილის ჯერ არშექმნილ პარტიას 28%, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ – 4%. გამოკითხულთა 17%-ს არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია, ხოლო ცდომილება 2.8%-ს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56%-ში, რომელთაც ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ კვლევის დროს დასახელებულ კანდიდატს რეალურად მისცენ ხმა არჩევნებზე (likely voters), მმართველი პარტიის რეიტინგი იზრდება: „ნაციონალური მოძრაობა“ 48%, ხოლო ივანიშვილი ჯერ არშექმნილი პარტია - 29%. likely voters-ების ცდომილება 3.8%-ს შეადგენს.

Civil.ge-ის ინფორმაციით, კვლევის ავტორები შეეცადნენ დაედგინათ, სხვა კითხვებზე გაცემული პასუხების მიხედვით, იმ ადამიანთა „შესაძლო არჩევანი“, რომელთაც გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭერენ მხარს არჩევნებზე, ჯერ არ მიუღიათ. ასეთ შემთხვევაში მმართველი პარტია 20%-იანი უპირატესობას იღებს - „ნაციონალური მოძრაობა“ 54%, ივანიშვილის მომავალი პარტია 34%, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ 5%.

Greenberg Quinlan Rosner-ის ვებგვერდის მიხედვით, კომპანიის მომსახურებით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და თბილისი მერი გიგი უგულავა სარგებლობს. კომპანიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ადგილობრივ კვლევით კომპანიასთან ACT Research-თან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100