სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ამ ქვეყნის ხელისუფალს ღმერთზე და კანონზე უფრო შენი მკვლელობის დამგეგმავის ეშინია“- ნიკო კვარაცხელიას დედა

“ამ ქვეყნის ხელისუფალს ღმერთზე და კანონზე უფრო შენი მკვლელობის დამგეგმავის ეშინია“, - წერს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში და გარდაცვლილ შვილს დაბადების დღეს ულოცავს.

მისი თქმით, ქვეყნის მოღალატის სახელით შევლენ უახლეს ისტორიაში ისინი, ვისაც იოტისოდენა წვლილიც კი მიუძღვის მის მკვლელობაში.

ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!
გვანუგეშებს ნეტარი ავგუსტინე…
სიკვდილი არა არის-რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.
მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ, რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, იგივენი ვართ საუკუნოდ.
ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს. ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.
ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი. ნუ მიიღებ მგლოვიარე და მწუხარე იერს. გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა, ილოცე.

მაშინ დაბადების დღეს გილოცავთ ჩვენო სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებულო, ღვთისმოშიშო და ბრჭყვიალა ბიჭო, შენ ხომ ვარსკვლავებს აფრქვევ დღესაც თვალებიდან.
მინდა დავწერო ნიკო 25 წლის, მაგრამ შვილო შენ ხომ მარად 22 წლის ხარ. როგორი გაუსაძლისი დღე დადგა, უსაშინლეს სიზმარშიც რომ ვერ დავუშვებდით.
ნიკო მთაში,ნიკო ზღვაში, ნიკო მოგზაურობაში, ყველგან ნიკო….
თურმე ზეცას აკლადი მანათობლად….

მგონი თითზე ჩამოსათვლელად თუ შეხვედრია ვინმე სიკვდილს ღიმილით, შენს მეტყველ და ღიმილიან სახეს რომელსაც უკანასკნელად დავხედე დავყავარ დღესაც და მახსენდება დიდი ილიას ნათქვამი:

„პაწია ყრმავ, ეხლა როცა პირველად მოდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის, იყავ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგსვლოდეს.“

მაგ ღიმილიანმა სახემ რა გზაზეც დაგვაყენა, ისე მივუყვებით ცხოვრებას შენთან ჩახუტებამდე…
ჩვენო ბიჭო ამ ქვეყნის ხელისუფალს ღმერთზე და კანონზე უფრო შენი მკვლელობის დამგეგმავის ეშინია, მაგრამ გვწამს შვილო, შავი ასოებით და ქვეყნის მოღალატის სახელით შევლენ უახლეს ისტორიაში ვისაც იოტისოდენა წვლილიც კი მიუძღვის! ძალიან ცოტა დრო დარჩა შვილო ძალიან ცოტა…

მე შორს არ ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ—აგრძელებს ნეტარი ავგუსტინე,
ხოდა გზის გადაღმა გაგიმარჯოს,შენ ვერ გაჩერებულ გულს გაუმარჯოს ნიკო, ჩვენო ნიკო და უკვე ყველას ნიკო“, – წერს იზა ომაძე.

22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის 16 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100