სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილს საჭმელი ჰალსტუხის შექმნის იდეა მოეწონა

საჭმელი, რეფორმატორული ჰალსტუხის შექმნის იდეა საქართველოში საცხოვრებლად გადმოსულ რუს ჟურნალისტს, ოლეგ პანფილოვს ეკუთვნის. დღეს სწორედ ამ ჰალსტუხის პრეზენტაცია შედგა და იგი უკვე სუპერმარკეტებშიც გაიყიდება. იდეის ავტორებმა სუპერმარკეტებში საჭმელი ჰალსტუხის გასაყიდად სპეციალური შტრიხკოდიც შეიძინეს.

„მთავარი ამ იდეაში მაინც ტექსტია, რომელიც საჭმელ ჰალსტუხს ახლავს - „ჰალსტუხის ჭამა ხელს უწყობს პირადი ცხოვრების რეფორმირებას და ხარისხის ამაღლებას. აძლიერებს თავისუფლებისა და დემოკრატიის მადას, ეხმარება ავტორიტარიზმით დაავადებული საბჭოთა მენტალიტეტის მქონეებს; დამზადებულია ნატურალური პროდუქტით“, - თქვა ოლეგ პანფილოვმა პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე „ტრიბუნა.ჯი“-სთან საუბარში. მისი თქმით, პროდუქტის წარმატებასა და პოპულარობაში დარწმუნებულია და სჯერა, რომ საჭმელი ჰალსტუხი ყველაზე საინტერესო ტურისტებისთვის იქნება.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჰალსტუხთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ისტორია არაერთხელ გამოიყენა სათავისოდ რუსულმა პროპაგანდამ. ოლეგ პანფილოვს სწორედ ამიტომ გაუჩნდა იდეა, საჭმელი ჰალსტუხი საქართველოში დამზადებულიყო და გაყიდულიყო.

„20 წელია, რუსულ პროპაგანდას ვსწავლობ და ყოველთვის, როცა რაღაც სისულელეს ვაწყდები, ირონიული იდეები მომდის. საჭმელი ჰალსტუხის შექმნის იდეაც ასე დაიბადა“, - ამბობს ტელეკომპანია „პირველი კავკასიურის“ ერთ–ერთი გადაცემის წამყვანი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. მან ამ იდეას მეგობართან, პოლიტიკური საბჭოს: „კოალიცია ევროპული საქართველოსთვის“ წევრთან - ლევან ჩოლოყაშვილთან ერთად შეასხა ხორცი.

საჭმელი ჰალსტუხი ტყლაპისგანაა დამზადებული და სუპერმარკეტებშიც მალე გამოჩნდება. მისი ფასი 5 ლარია.

„ერთხელ გავსინჯე ტყლაპი და მივხვდი, რომ შემეძლო, სწორედ, ამის გამოყენებით დამეცინა რუსული პროპაგანდისთვის. ჩვენ უკვე დავაპატენტეთ ყველა პროდუქტი, რომლისგანაც ტყლაპი მზადდება და, შესაბამისად, ტყლაპისგან ჰალსტუხს ჩვენ გარდა ვერავინ დაამზადებს. სავაჭრო ქსელში ერთ კვირაში გამოვა და მსურველებს მისი შეძენა შეეძლებათ. ბევრი კლიენტი გვყავს. სასტუმროებმა უკვე მოგვცეს შეკვეთა და პროდუქტს ელიან“, - თქვა პანფილოვმა „ტრიბუნა.ჯი“-სთან საუბარში.

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ Tiflis Avenue-ს დირექტორის, ეკა მაჭარაძის განცხადებით (ჰალსტუხის პრეზენტაცია დღეს სწორედ ამ გალერეაში შედგა), საჭმელი ჰალსტუხი საჩუქრად თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო. „მას ძალიან მოეწონა თვითონ იდეა“, - თქვა ეკა მაჭარაძემ.

2009 წლის ნოემბერში, როცა რუსეთის პრემიერი, ვლადიმირ პუტინი ირონიულად შეეხო ჰალსტუხის თემას, მიხეილ სააკაშვილმა მას მეორე დღესვე ირონიით უპასუხა და განაცხადა: „პუტინი მე სხეულის გარკვეული ნაწილებით დაკიდებას მიპირებდა, ახლა კი ჩემს ჰალსტუხზე საუბრობს. ერთი სასიამოვნო ახალი ამბავი მაინც არის: ის, რომ პუტინმა ოდნავ ზევით, ჰალსტუხისკენ აიწია. ასე უფრო მშვიდად ვარ“, - იხუმრა საქართველოს პრეზიდენტმა. მან ეს ნივთი ხუმრობით ბათუმშიც ახსენა, როცა სახალხოდ განაცხადა, რომ მეორედ შეჭამდა თავის ჰალსტუხს, თუკი ვინმე შავიზღვისპირეთში ბათუმზე ლამაზ ქალაქს აჩვენებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100