ნუგზარ წიკლაური: "რუსეთი არის სახელმწიფო, სადაც პოლიტლიდერები ხალხს "ბარბაროსებს" უწოდებენ"
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, "სახელმწიფოს, რომლის პოლიტიკური ლიდერები საკუთარ მოქალაქეებს "ბარბაროსებად" მოიხსენიებენ, დიდი ხნის არსებობა არ უწერია".
ასე ეხმაურება მმართველი უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ცოტა ხნის წინ რუსეთის ქალაქ იაროსლავლში გამართულ III საერთაშორისო პოლიტიკურ ფორუმზე ნატო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის დიმიტრი როგოზინის მოხსენებას, რომელშიც მან რუსეთში არსებული ნაციონალური ვითარება მიმოიხილა და ამ მხრივ არსებული პრობლემების მთავარ მიზეზად ჩრდილოეთ კავკასია დაასახელა.
წიკლაური როგოზინის მიერ იაროსლავში გაკეთებულ განცხადებებს "შიდა დაპირისპირების გაღვივების წინაპირობად" აღიქვამს.
"დიმიტრი როგოზინი იმ პარტიის ლიდერია, რომელმაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა გამოუცხადა და მის "ედინაია როსიას" შეუერთდა. მისი პოზიციაც იმის თაობაზე, რომ რუსეთის ყველა პრობლემა კავკასიით და "ბარბაროსი კავკასიელი ხალხებით" არის გამოწვეული, იზოლირებული არ არის და იმ ფაშისტური პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ეწევა. საკუთარი მოქალაქეების წინაშე იმის გაცხადება, რომ ცივილიზებულია რუსი ხალხი, ხოლო ყველა დანარჩენი - ბარბაროსი, სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების სერიოზილ წინაპირობებს ქმნის" - განუცხადა "პირWელს" წიკლაურმა.
როგორც როგოზინმა იაროსლავლში გამართულ პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა, "რუსი ხალხი თავისი არსით მოდერნიზაციისა და თანამედროვე პოლიტიკური კულტურის მატარებელი ერია ამ ცნების ფართო გაგებით, მაშინ, როდესაც პერიფერიული რეგიონები და პირველ რიგში ჩრდილოეთ კავკასია არქაიზმისა და სოციალური ჩამორჩენილობისკენ ილტვიან".
"აქედან უნდა გაკეთდეს მტკიცე და არაორაზროვანი დასკვნა: ან პერიფერია დაიქვემდებარებს ცენტრს, რასაც ქვეყნის გაბარბაროსების გზაზე დაყენება მოჰყვება, ან ცენტრი მოახდენს პერიფერიის მოდერნიზაციას. მოსალოდნელი ნეგატიური სცენარის აღკვეთის მიზნით უნდა აღდგეს არა ფორმალური, არამედ ფაქტიური კონტროლი ჩრდილოეთ კავკასიაზე და შეწყდეს რუსული კულტურული სტანდარტის შეზღუდვა ამ რეგიონის სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლებისაგან. მიუღებლად და დიდი საფრთხის შემცველად უნდა ჩაითვალოს თანამედროვე რუსეთში მოსახლეობის მიგრაცია ჩრდილოეთ კავკასიიდან" – თვლის როგოზინი.
კომენტარი