გიორგი ბირბიჩაძე თბილისს შემოერთებული ტერიტორიების მოსახლეობას შეხვდა
ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე თბილისს შემოერთებული ტერიტორიების მოსახლეობას შეხვდა. გიორგი ბირბიჩაძე დღეს თხინვალასა და აგარაკის დასახლებებში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებთა პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.
გიორგი ბირბიჩაძის თქმით, მნიშვნელოვანია ქალაქის ყველა რაიონი ერთიანი სტანდარტით განვითარდეს, რაც თავის მხრივ, ყველა მოქალაქისთვის თანაბარი სერვისების ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
„თბილისს შემოერთებულ დასახლებებში ძირითადი პრობლემები საგზაო და სპორტულ ინფრასტრუქტურას, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს უკავშირდება. ასფალტის საფარის აღდგენისა და ცოტახნის წინ განხორციელებული წყალმომარაგების სამუშაოების მიუხედავად, სოფელ თხინვალაში ზოგიერთ ოჯახს მაინც საკუთარი ძალებით უწევს აღნიშნულ პრობლემებთან გამკლავება. რაც შეეხება სოფელ აგარაკებს, მოსაწესრიგებელია მიწისქვეშა კომუნიკაციები. ზოგიერთ ოჯახს ბუნებრივი აირი შესაბამისი წნევით არ მიეწოდება, რაც ასევე მოსაგვარებელია. ჩვენი გუნდი ამ ადამიანებს სთავაზობს უკეთეს საცხოვრებელ პირობებს, გარემოს, სადაც თითოეული მათგანი თავს ღირსეულ მოქალაქედ იგრძნობს. ამ მიზნის მიღწევა კი მხოლოდ ერთადერთი გზით - 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლით და ქალაქისთვის სასიკეთო არჩევანის დაფიქსირებით არის შესაძლებელი,“- აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ მოქალაქეებთან შეხვედრისას.
ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი დღესვე ნუცუბიძის მე-4 მ/რ-ის 28-ე „ა“ კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის მიერ წარდგენილი 7 ძირითადი პოლიტიკა გააცნო. გიორგი ბირბიჩაძის თქმით, ახალი გუნდი გამარჯვებისთანავე შეუდგება დედაქალაქის თითოეულ რაიონში არსებული პრობლემების მოგვარებას და ამ მუშაობის შედეგი თბილისელებისთვის სულ მალე გახდება ხელშესახები.
კომენტარი