TV „იმედის“ მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტმა ვლადიმირ პუტინი „გაწურა“ (ვიდეო)
ტელეკომპანია „იმედის“ მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტმა თამარ გოცირიძემ აშკარად უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო რუსეთის მომავალი პრეზიდენტი, როცა მას საქართველოსთან ურთიერთობასთან დაკავშირებული მწვავე შეკითხვები დაუსვა. კითხვა-პასუხს ჯერ კიდევ-პრემიერ-მინისტრსა და ჟურნალისტ ქალებს შორის სხვა ჟურნალისტები კარგა ხანს ადევნებდნენ თვალს.
7 მარტს ჯერ კიდევ რუსეთის პრემიერ-მინისტრი და მომავალი პრეზიდენტი რუს და უცხოელ ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოზე საუბრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს „განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს ქართველ ხალხთან“ და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად „გამოსავალი მოიძებნება“.
მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ როგორ განიხილავდა ის რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს მისი პრეზიდენტობის დროს იმ ფონზე, რომ რუსეთი აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას – „იმედის“ ჟურნალტმა ამ ღიარებას უწოდა „გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში არავის მოსწონს“.
„როგორ შეიძლება ვინმეს მოეწონოს გადაწყვეტილება სამშვიდობოებზე თავდასხმის შესახებ?“ უპასუხა პუტინმა, „ეს ხომ არავის მოეწონა, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან, რუსეთში, განსაკუთრებით, როცა ხალხი დაიხოცა... ეს საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ქმედებების შედეგია, არა ჩვენი“.
„ჩვენ უკვე ბევრჯერ ვთქვით და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი: ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს ქართველ ხალხთან და ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილება გამოიებნება. მაგრამ ამაზე ახლა ნაადრევია საუბარი და ალბათ აზრიც არ აქვს. დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევია და ის კურირებს საგარეო პოლიტიკას. ასე რომ, თუ შეიძლება, კითხვები მას დაუსვით. მერე კი შევხედავთ რა იქნება შემდგომში“, – განაცხადა პუტინმა.
მოგვიანებით ქართველმა ჟურნალისტმა მას ისევ დაუსვა კითხვა, აპირებს თუ არა ის თავის კოლეგასთან ურთიერთობებს და ამ კონტექსტში ახსენა თბილისის გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების თაობაზე.
პუტინმა უპასუხა, რომ მოსკოვს უვიზო მიმოსვლა აქვს დსთ–ს ქვეყნებთან, ორგანიზაციის, რომელიც საქართველომ დატოვა. თუმცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა შეახსენა, რომ სავიზო რეჟიმი მოქმედებდა მაშინაც, როცა საქართველო ჯერ კიდევ დსთ–ს წევრი იყო 2008 წლის აგვისტომდე, პუტინმა უპასუხა: „დიახ, ეს ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთდა. ახლა კი საქართველო დსთ–დანაც გავიდა“.
„ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 6 წლის განმავლობაში არაფერი შეიცვლება?“, - ჩაეკითხა ქართველი ჟურნალისტი.
“არ ვიცი“, – უპასუხა პუტინმა და იქვე იკითხა: „საქართველში არჩევნები როდის არის?... ამაზე ასევე ძალიან ბევრია დამოკიდებული“.
შემდეგ ჟურნალისტმა პუტინს შეახსენა, რომ საქართველოში არ არის ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებს.
“და თქვენ რა გინდათ რუსეთისგან? რომ რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ძალით აიძულოს?“– მიმართა მან შეკითხვით ჟურნალისტს, რაზეც მიიღო პასუხი: „გაიყვანეთ ჯარები აფხაზეთიდან და ოსეთიდან“.
“და თქვენ იქ ისევ შეხვალთ თქვენი ჯარებით?“ – განაგრძო პუტინმა, „თქვენ ერთხელ უკვე გააკეთეთ ასე. და ზუსტად ამიტომაც. ეს რომ არ ყოფილიყო, მაშინ სიტუაცია სხვანაირი იქნებოდა. გაიხსენეთ, როცა ეს მძიმე მოვლენები დაიწყო, სამხედრო მოქმედებები, დაგავიწყდათ რა ვთქვი მე?... მე ვთქვი: „სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული თავისი ხალხის წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ“. მე ბევრჯერ მისაუბრია მიხეილ ნიკოლოზის ძესთან და სულ ვაფრთხილებდი მას, არ მოეწყო სისხლისღვრა, მაგრამ მან მაინც ჩაიდინა ეს. მან მიაღწია ტერიტორიების ჩამოშორებას. ახლა რა გინდათ? ვაიძულოთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ისევ თქვენ შეგიერთდნენ? ახლა როგორ მოველაპარაკოთ ამ ხალხს? აი რაშია შეცდომა!“.
ამის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა ისტორიული წიაღსვლებს მიმართა:
„და 1921 წელს რა იყო? არ იცით? წაიკითხეთ ისტორია. მაგრამ, ალბათ, იცით. და 1919 წელს? ეს რეიდები – ორი თუ სამჯერადი რეიდები. და ასევე ძველ დროშიც. ასე მარტივად არ არის! ეთნიკური ურთიერთობები – ძალიან ფაქიზი რამეა“.
"ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ არ ჩავერეოდით აჭარაში, როცა იქ დაიწყება მოვლენები, იქ ჩვენი ბაზის არსებობის მიუხედავად. მე სიტყვას გაძლევთ, ჩვენ თითიც არ გაგვინძრევია, ჩვენ არ ჩავრეულვართ. მან შემდეგ მითხრა: „კი, თქვენ მართლაც შეასრულეთ სიტყვა“. და როგორ მოიქცა საქართველოს ხელმძღვანელობა? ჩვენ მოველაპარაკეთ მათ, რომ შევქმნიდით ჩვენი ბაზის ადგილას ანტიტერორისტულ ცენტრს. და სად არის ეს ყველაფერი? და როდესაც მე შევთავაზე მიხეილ ნიკოლაევიჩს: „მოდით ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, რომ ის იქნება ანტიტერორისტული ცენტრი“, მან თქვა: „არაფერია ხელმოსაწერი“. მე ვთქვი: „ეს როგორ? ხელშეკრულება“. „თუ ჩვენ არ გვინდა შესრულება, მაშინ შეთანხმებაც მოვისროლეთ“. აი, გამარჯობა შენი! როგორ მოვილაპარაკოთ ასეთ ადამიანებთან? რაზე? ეს თითქმის პირდაპირი ლაპარაკია. მე ვიცი მიხეილ ნიკოლაევიჩი გაიგებს, რა თქმა უნდა, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ და უარყოფს ან როგორღაც იტყვის".
შემდეგ პუტინს ჟურნალისტების გარემოცვიდან რეპლიკის სახით მიხეილ სააკაშვილის ჰალსტუხთან დაკავშირებული ისტორია შეახსენეს.
„რაც არის, არის ეს ჰალსტუხი. ადამიანი ნერვიულობდა, არა უშავს, ხდება ხოლმე. ყველას შეიძლება დაემართოს. მე ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ ამას. მაგრამ, რაც მე ახლა მოვყევი, ეს სიმართლეა. არ დამიმატებია არცერთი სიტყვა. და როგორ მოველაპარაკოთ მას? რაზე?“ – განაცხადა მან, რის შემდეგაც მას ჰკითხეს: „ანუ ახალ პრეზიდენტს ელოდებით?“
„ქართველი ხალხი განსაზღვრავს ვინ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და არა ჩვენ. ჩვენ ჩვენი პოზიცია ვთქვით, ჩამოვაყალიბეთ“, – განაცხადა მან და კიდევ ერთხელ გაიმეორა: „იმ ტრაგედიის ინიციატორები, რომელიც მოხდა, ჩვენ არ ვყოფილვართ, მაგრამ ალბათ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს რაღაც იმისათვის, რომ როგორღაც შეიცვალოს სიტუაცია“.
პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას კიდევ ერთ ეპიზოდში ახსენა საქართველო, როცა ამბობდა, თუ რომელი ქვეყნის ლიდერებმა მიულოცეს მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. ჩამოთვლისას მან საქართველოც ახსენა, თუმცა შემდეგ გამოასწორა: „პარდონ, საქართველოდან, სამწუხაროდ, ჯერ არ დაურეკავთ“.
მომზადებულია civil.ge-ს მიხედვით.
კომენტარი