P.S.-ის ინფორმაციით, გარდაცვლილები დანის დარტყმის დროს ჩხუბის სხვა მონაწილეებმა გააკავეს
51-ე საჯარო სკოლასთან სოლიდარობის აქცია გრძელდება. ადგილზე სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, რიგითი მოქალაქეები და ცნობილი სახეები მიდიან. მათ სკოლასთან ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ ფორმით მათ სურთ, სამძიმარი გამოუცხადონ გარდაცვლილი ორი მოსწავლის ოჯახს და გარდა ამისა დაანახონ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გამოძიება უნდა იქნას ჩატარებული სათანადო დონეზე.
ადგილზე მისული ადამიანები საგანმანათლებლო სისტემაში შესატან ცვლილებებსა და სკოლებში უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე საუბრობენ.
დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინციდენტში მონაწილე სკოლის მოსწავლეების დაკითხვა. თუმცა, სისხლიან გარჩევაში მონაწილე არც ერთმა მოზარდმა გამოძიებას ჩვენება არ მისცა.
ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი, რომელიც დაკავებულია. პოლიცია ჯერ კიდევ უშედეგოდ ეძებს კიდევ ერთ, 16 წლის ბიჭს, რომელსაც თანატოლის მკვლელობა ბრალდება. P.S.-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს, თუმცა არა მკვლელობის, არამედ თანამონაწილეობის მოტივით.
ერთ-ერთი ვერსიით, სისხლიანი გარჩევის დროს მოზარდების ნაწილი ჩხუბში უშუალოდ იყო ჩართული, მათ დანის დარტყმის დროს მსხვერპლები ადგილზე გააკავეს. გამოძიება ამ საკითხს სწავლობს.
შს მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფ ნებისმიერ პირს შეიძლება, რომ სტატუსი შეეცვალოს.
სამართალდამცავებს ჯერ არ ამოუღიათ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
დღეს პროკურატურამ მომხდარის ოფიციალური ვერსია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დაპირისპირება, რომელიც მკვლელობით დასრულდა, 51-ე სკოლის საპირფარეშოში დაიწყო. საქმის მასალების მიხედვით, ექვსი მეთერთმეტეკლასელი ამავე სკოლის მეცხრე კლასის ორ მოსწავლეს სკოლის საპირფარეშოში პნევმატური იარაღით დაემუქრა. ამ ინციდენტს გაგრძელება მეორე დღეს - 1 დეკემბერს მოჰყვა და სისხლიანი გარჩევით და ორი მოსწავლის მკვლელობით დასრულდა.
კომენტარი