სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოკვლამდე სამი დღით ადრე კადაფის მიერ დაწერილი ანდერძი BBC-მ გამოაქვეყნა

ანდერძის ორიგინალი, არაბულ ენაზე დაწერილი ვერსია ინტერნეტის იმ საიტებზე დაიდო, რომელიც მუამორ კადაფის მომხრეების მიერ კონტროლდება, რამდენიმე საათში კი მისი ინგლისური ვერსია BBC-მ გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, ლიბიის ყოფილმა ლიდერმა ანდერძი მოკვლამდე სამი დღით ადრე დაწერა. პოლკოვნიკი ითხოვს, რომ იგი სირტში, „ოჯახის წევრებისა და ნათესავების გვერდით“ დაკრძალონ.

„თუკი მე მომკლავენ, მინდა რომ მუსულმანური წესის დაცვით დამკრძალონ იმავე ტანსაცმლით, რაც სიკვდილის მომენტში მეცმევა, ჩემი სხეული კი არ განბანონ“, - დაწერა კადაფიმ ანდერძში, რაც მიანიშნებს, რომ მან, სავარაუდოდ და მიახლოებით მაინც იწინასწარმეტყველა ის მოპყრობა, რაც სიკვდილამდე გადაიტანა.

ამასთან, პოლკოვნიკმა თავის მომხრეებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა: „მე მოვუწოდებ და ვთხოვ ჩემს მომხრეებს გააგრძელონ ბრძოლა და იბრძოლონ ლიბიის ნებისმიერი უცხოელი აგრესორის წინააღმდეგ - დღეს, ხვალ და სამუდამოდ“, - ნათქვამია ანდერძში.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ მოკლე ხანში ვერ მივაღწევთ გამარჯვებას, მომავალ თაობას გაკვეთილის სახით ვუჩვენებთ, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა - პატივი, ხოლო გამყიდველობა - ლაჩრობა და ღალატია“, - წერს პოლკოვნიკი.

ანდერძში პოლკოვნიკი ლიბიელ ხალხს სთხოვს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დაიცვან კადაფის ოჯახის წევრები, განსაკუთრებით ქალები და ბავშვები.

იმ ინტერნეტგვერდზე, სადაც ანდერძი გამოქვეყნდა, მითითებულია, რომ მუამორ კადაფის ანდერძის სამი პირი პოლკოვნიკის სამ ნათესავს გადაეცა: ერთი მათგანი სირტისთვის ბრძოლების დროს მოკლეს, მეორე დააპატიმრეს, მესამემ კი გაქცევა და ანდერძის გამოქვეყნება მოახერხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100