სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფანატიზმის შედეგები - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი

შუა საუკუნეებში ხელისუფალთა დამოკიდებულება რელიგიისადმი ერთი მკვეთრად გამოხატული ნიშან-თვისებით ხასიათდებოდა. სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში აყვანილი ესა თუ ის სარწმუნოებრივი მოძღვრება მმართველი ძალის ხელში მძლავრ იარაღს წარმოადგენდა მოსახლეობის დასამორჩილებლად. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც რომელიმე რელიგიას გაბატონებული მდგომარეობა ეჭირა, განსხვავებული აღმსარებლობის ხალხი მეტწილად განიცდიდა შევიწროებას, ზოგჯერ დევნასაც კი.

სამეფო კარის მხრიდან ერთი რელიგიის მხარდაჭერა, რაც მრავალმხრივ პრივილეგიებში გამოიხატებოდა, განსხვავებული აღმსარებლობის მიმდევრებსა და არცთუ იშვიათად არატრადიციულად მოაზროვნეებს სავალალო მდგომარეობაში აყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სახელმწიფოში გასულ საუკუნეში შესაძლებელი გახდა პიროვნების რელიგიური თავისუფლების და ხელშეუხებლობის აღიარება, რასაც ძირები ბიბლიურ სამყაროში მოეძებნება, რელიგიური ფანატიზმის და ფუნდამენტალიზმის მსხვერპლი მაინც ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. ისტორიული მაგალითები უნდა დაგვეხმაროს უფრო ნათლად გავაცნობიეროთ ის სავალალო შედეგები, რაც შეუწყნარებლობას მოაქვს. ამ კუთხით საინტერესოა შუა საუკუნეების სახელმწიფოთა ცხოვრება. შევეცდები ცალკეული ისტორიული მაგალითების მოშველიებით ვაჩვენო ხელისუფალთა რელიგიისადმი დამოკიდებულების დინამიკა სხვადასხვა პოლიტიკური ვითარებისდა შესაბამისად:

საინტერესოა სასანიდი მეფეების ქრისტიანობისადმი დამოკიდებულება. 225 წელს ირანში უკვე არსებობდა საეპისკოპოსო. სასანიდები, რომლებიც ბაჰრამ I-ის დროიდან მტკიცე მაზდეანები იყვნენ, ხშირად დევნიდნენ ქრისტიანებს, რომელთაც რომაელთა იარაღად აღიქვამდნენ; სარწმუნოების დევნა ამ შემთხვევაშიც პოლიტიკურ ნიადაგზე ხდებოდა. მაგალითად, შაპურ II -ის (309-379) მეფობისას ირანში შეიპყრეს იაკობ პრესვიტერი, დიაკვნები: აზატანი და ავდიკი. ფანატიკოსმა მაზდეანებმა წამების შემდეგ მათ ნესტოებში ძმარგარეული მდოგვი ჩაასხეს, გააშიშვლეს და ყინვაში ფეხებით ჩამოკიდეს, ბოლოს კი თავები მოჰკვეთეს.

მეფე იეზდიგერდ I-ის დროს (399-421) დამოკიდებულება ქრისტიანთა მიმართ მკვეთრად შეიცვალა. გადმოცემის თანახმად, მეფე სნეულებისაგან ეპისკოპოსმა მარუთამ იხსნა. ამის გამო იეზდიგერდმა ქრისტიანებს ტაძართა აშენების და თავისუფალი მოღვაწეობის საშუალება მისცა. მაგრამ შემწყნარებლური დამოკიდებულებით წახალისებულმა სუზის ეპისკოპოსმა აბდიამ გადაწვა მაზდეანთა საკულტო ნაგებობა და მეფის ბრძანების მიუხედავად ის არ აღადგინა. აბდიას თავი მოჰკვეთეს და სხვა ქრისტიანების დევნაც განაახლეს. ფაქტიურად ეპისკოპოსს აბდიას ექსტრემისტულმა ქმედებამ განაპირობა ქრისტიანთა წინააღმდეგ კამპანიის გაჩაღება.

ფანატიზმი ეკლესიის მამათა ნაწერებში ავადმყოფურ სიგიჟედ ანუ „ეპილეფსიად“ იწოდება (საპირისპიროდ „საღი გონებისა“ ანუ „მრთელი ცნობიერებისა“). რჯულის მიმართ ფანატიკური, ბრმა დამოკიდებულება არაერთხელ გამხდარა დანაშაულის მიზეზი. საკმარისია გავიხსენოთ ერთი ფაქტი. ეპისკოპოს კირილეს მღვდელმთავრობისას, 415 წელს ქალაქ ალექსანდრიაში სიშლეგით შეპყრობილმა ბრბომ აწამა და შემდეგ დაწვა ნეოპლატონიზმის ალექსანდრიული სკოლის მეთაური ქალი ჰიპათია. მსგავსი ისტორიული მაგალითების საფუძველზე უნდა გავაცნობიეროთ ის საშიშროება, რაც სულიერ რეგრესს მოაქვს და პასუხი გავცეთ შეკითხვას - როგორი უნდა იყოს თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანის დამოკიდებულება ფანატიზმის და ფუნდამენტალიზმის მიმართ? უეჭველია, ისეთი, როგორსაც მოითხოვს მართლმადიდებლობა, ე.ი. მართლმადიდებლური ცნობიერებით განმსჭვალული.


მართლმადიდებელმა ქრისტიანმა არასოდეს უნდა მოითხოვოს საკუთარი რელიგიის იდეოლოგიური მიზნით გამოყენება, რადგან ჩვენთვის მთავარია საკუთრივ მართლმადიდებლობის შინაგანი არსი და არა მისი დამახინჯებული მიზნებისთვის გამოყენება.

ქრისტიანული ცხოვრების წესი ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა. აქ მთავარია რწმენის გამართლება საქმეებით. მოციქული იაკობი გვახსენებს:

„ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს“ (იაკ. 2. 26).

თუ მორწმუნე ადამიანს გულწრფელად სურს, ეკლესიის რიგები გზააბნეული ცხვრებით შეივსოს, იგი თავისი საქმეებით თავადვე უნდა იძლეოდეს მორწმუნის მაგალითს. ეკლესიის გარეთ მყოფი ადამიანის ეკლესიაში მისასვლელი გზა მართლმადიდებელის ცხოვრებისეულ წესზე უნდა გადიოდეს. ეს სამოციქულო ტრადიციაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს. II საუკუნის მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წერს, რომ ქრისტიანებზე გავრცელებული ცრუ ხმები მათი ცხოვრების ხილვის შემდეგ გამიქარწყლდაო. როდესაც ამ წმინდანმა იხილა ქრისტიანთა შეუდრეკელობა და სამართლიანობა, თავადაც ქრისტიანი გახდა. ანალოგიური პროცესები დღესაც სახეზეა: მართლმადიდებლობა არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო რელიგია, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების შინაგანი წესის გამოვლენით არაერთი ამერიკელი მოქალაქე ხდება სამოციქულო ეკლესიის წევრი. აღარაფერს ვამბობთ ცენტრალური აფრიკის მთელ რიგ სახელმწიფოებზე, სადაც მართლმადიდებლობა შავკანიან მოსახლეობაში პროცენტულად ყველაზე მზარდი კონფესიაა.

ერთ-ერთ უძველეს ძეგლში „ეპისტოლე დიოგნეტესადმი“ ვკითხულობთ:

„ქრისტიანები ელინთა ქალაქებშიც მკვიდრობენ და ბარბაროსთა შორისაც, შესაბამისად თითოეულის წილხვედრისა. ისინი ადგილობრივ ჩვეულებებსაც იცავენ ტანსაცმლით, ყოფით, მთელი დანარჩენი ცხოვრებით, თუმცა, ამასთან ერთად, მოქალაქეობის საკვირველ და ჭეშმარიტად უჩვეულო წესსაც ავლენენ... მიწაზე მკვიდრობენ, მაგრამ ცასა შინა მოქალაქეობენ. არ ეურჩებიან დადგენილ კანონებს, მაგრამ მათივე ცხოვრების წესით იმარჯვებენ კანონებზე“.

მართლმადიდებელი ქრისტიანი ურყევი დარაჯია საკუთარი სარწმუნოებისა, რომელიც მისთვის ცხონების ერთადერთი გზაა, და შორს დგას ფანატიზმისგან. ამ კუთხით საინტერესოა საეკლესიო ტრადიცია. ყველა სახელოვანი მამა და ეკლესიის შეუვალი ავტორიტეტი იყენებდა გარეშე სიბრძნეს - ფილოსოფიას; ისინი განსწავლულნი იყვნენ საერო მეცნიერებებსა და კანონმდებლობაში. მათი ინტერესის სფეროში მთელი სამყარო იყო. ასე მაგალითად, წმ. პალადი ჰიელოპონელს ეკუთვნის ეგვიპტელი ბერმონაზვნების ცხოვრების ამსახველი ძეგლი „ლავსაიკონი“. იგივე საეკლესიო მოღვაწე ავტორია თხზულებისა „თხრობა ინდოელთა და ბრაჰმანთა შესახებ“. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ეკლესიის მამებს აინტერესებდათ ყველაფერი, მათ შორის განსხვავებული რწმენის მქონე ადამიანთა ცხოვრებაც. იმის გაცნობიერება, რომ შენ ჭეშმარიტების მფლობელი ხარ, უნდა გიხსნიდეს შინაგანი შიშს. მართლმადიდებელი უშიშრად უნდა ეცნობოდეს მისი წიაღის საზღვრებს მიღმა შექმნილს, და „საღი გონებით“ განსჯიდეს მოვლენებს. თუ ხარ ჭეშმარიტებაში, არ გაგიძნელდება დიალოგში შესვლა, რადგან გწამს - ჭეშმარიტება სიმართლის მხარეზეა.

ქრისტიანს არასდროს უნდა დაებადოს კითხვა: „ვის დავეხმარო?“ მაცხოვარმა სამარიტელის შესახებ იგავით (ლუკა. 10.30) გვიჩვენა, რომ ყოველი ადამიანი ჩვენი სიყვარულის ობიექტია, განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა, სოციალური მდგომარეობისა. ხსენებულ იგავში უდიდესი სიკეთის განმახორციელებლად გვევლინება სამარიტელი - არაებრაელი, ანუ არაიუდაური რჯულის მიმდევარი. მაცხოვარმა სწორედ იგი დაგვისახა მიბაძვის მაგალითად და არა გაფანატებული ფარისევლები, რომელნიც თავიანთი ქმედებებით თესავდნენ შურსა და ღვარძლს. რწმენის უდიდეს ნიმუშს იძლევიან ქანაანელი დედაკაცი და რომაელი ასისთავი სახარებიდან. ამ უკანასკნელთან ურთიერთობის შემდეგ უფალი ბრძანებს:

„ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა“ (მათე. 8.10).

ჩვენ, მართლმადიდებლები - „ახალი ისრაელის“ მკვიდრნი, უნდა ვაცნობიერებდეთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ მოულოდნელად არ დავკარგოთ „სასუფევლის ძეობა“ (მათე. 8.12). ყოველ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს წმ. გრიგოლ ნოსელის სიტყვები - „ქრისტიანობა არის საღვთო ბუნების ბაძვა“. საღვთო ბუნების ბაძვა კი ურთიერთსიყვარულის, სიწმინდის და პატიოსნების გზაა, რაც თავის მხრივ გარანტიაა საყოველთაო მშვიდობისა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100