სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყინწვისის „ანგელოზები“

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 351–ე მუხლით, რაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გულისხმობს, დღეს, სავარაუდოდ, ბრალს ოცზე მეტ ადამიანს წაუყენებენ. იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული „ეროვნულ–სარწმუნოებრივი“ მოძრაობის წევრები შსს–ს სპეცრაზმმა ყინწვისის მონასტრის მიმდებარე ტყეში 26 მაისს, ღამით აიყვანა.

დაკავებულთა შორის ლიდერების ფუნქცია ზურაბ გელაშვილსა და დავით შუკაკიძეს ჰქონდათ გადანაწილებული. მათ შორის ერთ–ერთი, ზურაბ გელაშვილი 22 მაისიდან ყინწვისის მონასტერში იმყოფებოდა და მისი დაპატიმრების უფლების მოპოვებას სპეცრაზმი მონასტრის წინამძღვრისგან ოცი წუთის განმავლობაში ცდიილობდა. „დრონი. ჯი“–ს ინფორმაციით, მონასტრის ალყა ერთ მხარეს სპეცრაზმმა შეგნებულად მოხსნა, რის შემდეგაც გელაშვილმა გაპარვა სცადა, ჩათვალა რა, რომ იმ მხარეს სამართალდამცველები არ იმყოფებოდნენ.

საბოლოოდ, სპეცრაზმელებს მონასტრის ტერიტორიაზე უნებართვოდ შესვლა არ დასჭირდათ: გელაშვილი მონასტრის მიმდებარე ტყეში აიყვანეს, როცა იგი გაპარვას ცდილობდა. მოგვიანებით ტყეში ჯგუფის სხვა წევრებიც აიყვანეს. ერთ–ერთი ვერსიით, ყინწვისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულებმა სამართალდამცველებს იარაღის არსენალი აჩვენეს, მათი ჩვენებებიდან კი ცნობილი გახდა დეტალები, როგორ უნდა ჩართულიყო შეიარაღებული ჯგუფი დედაქალაქში მიმდინარე პროცესებში მას შემდეგ, რაც ამბოხებულები საკრებულოს, მერიის და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობებში შეიჭრებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფარული სატელეფონო მოსმენების პარალელურად, „ყინწვისის „ანგელოზების“ კვალზე სამართალდამცველები გადამდგარი გენერალ–მაიორის, გია უჩავას ჩევნებებმაც გაიყვანა.

„ეროვნულ–სარწმუნოებრივ“ მოძრაობას დახურული ჯგუფი სოციალურ ქსელ „ფეისბუქშიც“ ჰქონდა შექმნილი. დღეისათვის ამ ჯგუფში 65 წევრი ირიცხება. სავარაუდოდ, გამორჩეულ (და არა შემთხვევით) წევრებს შორის არეულობის გეგმის დეტალების შესახებ მინიშნებითი მიმოწერა „ფეისბუქისა“ და „სკაიპის“ მეშვეობითაც წარმოებდა – ამის შესახებ რამდენიმე დაკავებულმა აღიარებით ჩვენებაში მიუთითა.

ყინწვისის ტყეში დაკავებულ პირებს საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება დაკავების პირველ დღესვე შეუფარდა. რამდენიმე წუთში, 13.00 საათზე შსს–ში ბრიფინგი გაიმართება, სადაც დაკავებულთათვის ბრალის წაყენებაზე ისაუბრებენ და ახალი ფარული ცანაწერის ნაწილიც გამოქვეყნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100