ამნისტია, შიმშილობა, საპროტესტო აქციები და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები
გთავაზობთ, დღეს 13 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.
ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბავშვებისთვის პარაკლისი შეასრულა. პატრიარქმა ბავშვები და მათი ჯანმრთელობა უფალს შეავედრა. უწმინდესმა პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.
ამნისტია თავისუფლების აღკვეთისა და საპატიმრო ადგილებში მყოფ 16 534 პატიმარს და 12 722 პრობაციონერს შეეხო. მათ შორის - 175 პოლიტპატიმარს. პრობაციის ბიუროს მიერ ამნისტიის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, ყველა პირობით მსჯავრდებული ვალდებულია კანონით დადგენილი რეჟიმის მიხედვით, პრობაციის ბიუროში გამოცხადდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება.
აგრარული უნივერსიტეტის მხარდასაჭერად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების აქცია განათლების სამინისტროსთან ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის საფუძველზეც აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა. სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა განთლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი. აგრარული უნივერსიტეტის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები გაერთიანდნენ. ისინი საპროტესტო აქციებს დილიდან მართავენ და აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას აპროტესტებენ. უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით დილიდან პოზიციას აფიქსირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი. აგრარული უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. საკითხის პოლიტიზებას აბსურდულად მიიჩნევს განათლების მინისტრი. სტუდენტებს სოლიდარობა დღეს თბილისის მერმაც გამოუცხადა. აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების ფაქტს ფილიპ დიმიტროვი გამოეხმაურა. საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, პოლიტიკურად პოლარიზებულ ვითარებაში მაღალი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება კითხვებს ბადებს, მაგრამ მისივე თქმით, განათლების მინისტრმა სიტუაცია ტექნიკური პრობლემებით ახსნა. როგორც დიმიტროვი აცხადებს, მსგავსი პროფილის მქონე უნივერსიტეტის შეფერხება სოფლის მეურნეობის სექტორისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დააზარალებს.
თენგიზ გუნავას იმ ეპიზოდზე სადაც პროკურატურა მას ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გამოყენებას და იარაღის უკანონო ტარებას ედავებოდა, ბრალი მოეხსნა. პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლის მხრიდან დაკმაყოფილდა. თენგიზ გუნავას ბრალდების ამ ეპიზოდზე გირაოს თანხა 10 ათასი ლარი უკან დაუბრუნდება. პროკურატურამ ბრალზე უარის თქმის მიზეზად გუნავას ჩხრეკის და დაკავების დროს პროცესუალური ნორმების დარღვევა დაასახელა. სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორის დაცვის მხარემ სხდომის დასრულების შემდეგ იმ პოლიციელების დასჯა მოითხოვა, რომლებმაც, ადვოკატის შეფასებით, გუნავას იარაღი და ნარკოტიკი უკანონოდ ჩაუდეს.
მთავარ პროკურატურაში დღეს არჩილ კბილაშვილი ბიზნეს-სექტორსა და ამ სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, შეხვედრა ორივე მხარის ინიციატივით გაიმართა და მისი მიზანი მოსაზრებების გაცვლა იყო იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება დღეს ბიზნესს ჰქონდეს. არჩილ კბილაშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრები ხშირად უნდა მოეწყოს.
საქართველო -ისრაელის ბიზნესფორუმი თბილისში. ორდღიან ფორუმში ისრაელის 25 კომპანიის 60-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ისრაელის დელეგაცია მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კომუნიკაციებისა და ფარმაცევტულ დარგში მომუშავე კომპანიებისა და ინვესტორებისგან შედგება. ფორუმის მიზანია ისრაელისა და ქართული კომპანიების ბიზნესთანამშრომლობის გაღრმავება. ფორუმში აქტიურად ჩაერთნენ საქართველოს ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. ბიზნესმენთა შეხვედრაზე პრემიერი ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნესკავშირების გააქტიურებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ლიბერალური საგადასახადო სისტემა, ვიზების ლიბერალიზაცია და საავიაციო მიმოსვლის გაიაფება -ეს ის საკითხებია, რომლებზეც შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის 40-მილიონიანი საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა. ხელშეკრულება სოფლად სიღარიბის დაძლევასა და საქართველოში აგროსექტორის განვითარებას ითვალისწინებს. საფინანსო ხელშეკრულების მიხედვით, 18 მილიონი პირდაპირ მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, 22 მილიონი კი ფერმერებისთვის მცირე გრანტების გამოყოფას, რეგიონული კოოპერატივების შექმნასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას მოხმარდება. ხელმოწერის ცერემონიალს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძეც დაესწრო.
დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს საკონტროლო-გამშვები პუნქტისთვის საჭირო ახალი ტექნიკური აღჭურვილობა გადასცეს. ახალი თაობის თანამედროვე ხელსაწყოები საბუთების შემოწმებისას გამოიყენება. მათი მეშვეობით ყალბი პასპორტებისა და ვიზების გამოვლენის პროცესი უფრო სწრაფი და ეფექტური გახდება. ღონისძიება აშშ-ის საელჩოს ინიციატივით და თანადგომით ჩატარდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ხელვაჩაურის გამგებლისა და მისი მოადგილის დაკავების ფორმებს აპროტესტებენ. დეპუტაცია გამგეობის შენობასთან შეიკრიბა, სადაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ლევან ლორთქიფანიძე და ნოდარ შარაბიძე დაკითხეს. გამოძიება მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ბრალდებულებს სამართალდამცველები 2 საათის განმავლობაში კითხავდნენ. დაკითხვის დროს გამგებლის მოადგილე ნოდარ შარაბიძე შეუძლოდ გახდა და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ლევან ლორთქიფანიძე კი საკუთარი სამუშაო კაბინეტიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
წუხელ გვიან ღამით დაიწყეს შიმშილობა აფხაზეთიდან დევნილებმა. მათ ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ, გადადგეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამია და სასწრაფოდ გამოუყონ საცხოვრებელი ფართები. დევნილთა ამ მოთხოვნას საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების შესახებ პასუხი გასცა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარა-სამეგრელო- ზემო სვანეთის ტერიტორიული სამმართველოს უფროსმა ირაკლი ქოჩუამ. მისი თქმით, დევნილთა ფართების დაკმაყოფილების სახელმწიფო პროგრამა არსებობს და ის 2014 წელს დასრულდება. დღის ბოლოს აფხაზეთიდან დევნილები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს მამუკა ცოტნიაშვილს ზუგდიდში ელოდებიან.
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრმა" მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მშვიდობიანი აქცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული ჯარისკაცების საფლავები ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები“ განიხილეს. ცვლილებების მიხედვით, ბუნებრივი რესურსების სააგენტო სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის, ამასთანავე, სამინისტროს შეეცვლება სახელწოდება და მას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დაერქმევა. კანონპროექტთა პაკეტი დღეს დეპუტატებმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად გაიარეს.
კომენტარი