რატომ არიან ძებნილები ა. სინიცინი და ს.ოკროკოვი? (ვიდეო)
შსს–ს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია გამოძიების შედეგად დადგენილი ერთი ფაქტი: ზურაბ ქურციკიძეს კავშირი ჰქონდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) თანამშრომლებთან, რომლებსაც აწვდიდა ირაკლი გედენიძისა და გიორგი აბდალაძისგან მიღებულ ფოტომასალას. მარტივად რომ ვთქვათ, ქურციკიძის ხელში, შესაბამისად კი, ევროპის ფოტოსააგენტოს ოფიციალური არხით, მოსკოვში, დაინტერესებულ პირებთან ხვდებოდა არამარტო საჯარო გამოქვეყნებისთვის აკრძალული ფოტოები, არამედ იმ დოკუმენტაციის ფოტოპირებიც, რომლებიც ყველა ქვეყანაში საიდუმლოდაა მიჩნეული, ასევე ინფორმაცია პრეზიდენტის გადაადგილებისა და შეხვედრების შესახებ. ამ ინფორმაციის გადაცემაც კანონით აკრძალული აქვთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს.
როგორც ირაკლი გედენიძის ჩვენებიდან და შსს–ს მიერ გავრცელებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიდან ირკვევა, ზურაბ ქურციკიძე საკმაოდ მიზანმიმართულად და კონსპირაციულად მოქმედებდა, თანაც, თავის ქმედებას, ასე ვთქვათ, ლეგალურ ქმედებაში ნიღბავდა, როცა ფოტოებს, ოფიციალურად თითქოსდა ევროპის ფოტოსააგენტოში აგზავნიდა, გედენიძესა და აბდალაძეს კი პირადი ანგარიშის გახსნას სთხოვდა. ერთ–ერთ სატელეფონო საუბარში, რომელიც შსს–მ გამოაქვეყნა კიდეც, ქურციკიძე დაჟინებით სთხოვს ანგარიშის გახსნას როგორც ირაკლი გედენიძეს, ასევე გიორგი აბდალაძეს, ხოლო როცა ეს უკანასკნელი ეუბნება, რომ მისი კუთვნილი თანხა ქურციკიძის ანგარიშზე გადარიცხონ, უარს ამბობს და პასუხობს, რომ ამის გაკეთება არ შეუძლია.
რაც შეეხება გამოძიების მსვლელობის დროს ამოტივტივებულ ანატოლი სინიცინსა და სერგეი ოკროკოვს, ისინი 2006 წელს საქართველოში რუსი ჯაშუშების დაკავების საქმეშიც ფიგურირებენ. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 27 სექტემბერს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თბილისსა და ბათუმში ГРУ–ს 4 ოფიცერი და მათი თანამოაზრეები, საქართველოს 11 მოქალაქე დააკავა. სწორედ ანატოლი სანიცინი, ГРУ–ს ოფიცერი ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა ამ ჯგუფის მოქმედებას. იგი ამას ერევნიდან აკეთებდა. სხვათაშორის, სანიცინი 2005 წლის 1 თებერვალს, გორში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილიცაა და დღემდე ძებნილია. ამავე ჯგუფის წევრია სერგეი ოკროკოვიც, რომელსაც ГРУ–ში ინფორმაციის ანალიზი და გადამუშავება ევალება.
შსს–ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ირაკლი გედენიძე პირდაპირ ამბობს, რომ ზურა ქურციკიძე მას შემდეგ დაუახლოვდა, რაც გედენიძე პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი გახდა. „როცა ისეთი ფოტოსურათები და ინფორმაციის მიწოდება მომთხოვა, რაც ჩემს კომპეტენციაში არ შედიოდა, მივხვდი, რომ საქმე მქონდა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასთან, მაგრამ იგი შანტაჟის ენით გამესაუბრა და იძულებული გავხდი, დავთანხმებულიყავი“, – ამბობს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი.
დღეს საქალაქო სასამართლომ ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ირაკლი გედენიძის მეუღლე – ნათია გედენიძე გირაოს საფასურად გაათავისუფლა.
კომენტარი