სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარიერთან!..

ჟორჟ შარლ დანტესი დაიბადა ელზასში ღარიბი მემამულის ოჯახში. სამხედრო სასწავლებელში შეიყვანეს, მაგრამ არ დაუმთავრებია, რადგანაც ლუი ფილიპეს ვერ იტანდა და არ უნდოდა მისთვის სამსახური გაეწია. ტახტიდან ბურბონების ჩამოგდების შემდეგ ვანდეას აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ გადაბარგდა პრუსიაში, სადაც მას მფარველობას უწევდა პრინცი ვილჰელმ პრუსიელი. პრინცის რჩევითა და მისი სარეკომენდაციო წერილით რუსეთში გაემგზავრა. გზაში ლიუბეკთან ავად გახდა. სასტუმროსთან სადაც ის იმყოფებოდა კარეტის დაზიანების გამო გაჩერდა ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელი რუსეთში ლუი ჰეკერნი. მან გაიგო ავადმყოფის ამბავი და გადაწყვიტა მოენახულებინა. საწოლში სიცხით გათანგული ულამაზესი ჭაბუკი იწვა. ჰეკერნმა მოუარა და გამოჯანმრთელების შემდეგ ერთად დაადგნენ პეტერბურგის გზას.

პეტერბურგში ლუიმ იგი იშვილა და ჟორჟიც ბარონი ვან ჰეკერნი გახდა. ავსტიის ელჩის გრაფინია დარია ფიკელმანის წყალობით ჟორჟი გაიცნეს მეფე-დედოფალმაც. იმპერატორი აღტაცებული შეჰყურებდა ჟორჟს , ხოლო იმპერატრიცამ სასწრაფოდ მოითხოვა და კავალერგარდის პოლკში ჩაარიცხვინა იგი(მას აწყობდა, რომ ჟორჟს მის პოლკში ემსახურა). ანაზღაურებაც სოლიდური დაუნიშნეს. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ ერთადერთი, ვისაც დედოფალი „ჩემო ანგელოზოთი“ მიმართავს ჟორჟიაო.

ჟორჟმა პეტერბურგის საზოგადოება აღაფრთოვანა. პუშკინის სეკუნდანტი დანზასი იგონებდა, რომ მას ჰქონდა ღვთიური ნიჭი პირველივე ნახვით მოეხიბლა მნახველი. სარგებლობდა კარგი რეპუტაციით, იყო კარგად მოსაუბრე და ხუმრობის მოყვარული,რაც შეეხება მის სილამაზეს, ვერცერთი ქალი უარს ვერ ეტყოდა მაღალ ქერა, ცისფერთვალება, ადონისის სილამაზის მქონე ჭაბუკს. ყველასათვის ცნობილი გახდა მისი რომანები.

განსაკუთრებით აღნიშნავდნენ ურთიერთობებს კარლ ბრიულოვის მუზა(„პომპეის უკანასკნელი დღეები“, „ბალის შემდეგ“)იულია სამოილოვასა და იმბერატრიცას უახლოეს მეგობარ გრაფინია ბობრინსკაიასთან.

იმ დროს პეტერბურგის მაღალ საზოგადოებაში ხაზი ჰქონდა გასმული ორი მანდილოსნის სილამაზეს. ესენი იყვნენ პუშკინის ცოლი ნატალია გონჩაროვა და გრაფ სტროგანოვის უკანონო შვილი იდალია პოლეტიკა. ეს ორი ქალბატონი ახლო ნათესავები იყვნენ და მეგობრობდნენ. პუშკინს პასკვილების წერა უყვარდა და ერთი პასკვილი იდალიას მიუძღვნა.ამაზე იდალია ათშფოთდა და პუშკინს მტრად მოეკიდა. ამბობენ რომ ამ ქალმა საბედისწერო როლი შეასრულა მის სიკვდილში. დანტესი დაუახლოვდა პუშკინის ოჯახს და სასურველი სტუმარი გახდა. დები მოიხიბლნენ ჟორჟით. პუშკინს ეს არ სიამოვნებდა და დაიწყო ხმების გავრცელება რომ ჟორჟი საკუთარ მამობილ ლუი ჰეკერნთან ჰომოსექსუალურ კავშირში იყო. პეტერბურგში ეს ჭორი მალე გავრცელდა და უფროსი ჰეკერნის ყურებამდეც მიაღწია.

მკვლევარები დღემდე ვერ შეჯერებულან ერთ აზრზე, უყვარდა თუა არა დანტესს ნატალია. აღმოაჩინეს წერილი, სადაც დანტესი მამობილს სწერს, რომ მასა და ერთ პეტერბურგის ყველაზე ლამაზ ქალს ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ ქალს ეჭვიანი ქმარი ჰყავსო. დღემდე მიდის კამათი, თუ ვინ იყო ეს ქალი, ნატალია თუ იდალია. დანტესმა 83 წელი იცოცხლა და მემუარებიც გამოაქვეყნა, მაგრამ არსად არ უხსენებია ამ ქალის სახელი.

ნატალიაზე ვერ იტყოდი, თავქარიანი ქალიაო, მაგრამ მას ძალიან უყვარდა ბალზე სიარული, მაშინ როდესაც მისი ქმარი ამას ვერ იტანდა. პოეტი ქალები ანა ახმატოვა და მარინა ცვეტაევა ნატალიაზე უარყოფითი შეხედულების იყვნენმ, რადგანაც თვლიდნენ, რომ მან არ იცოდა თავისი ქმრის ფასი. პეტერბურგელი მაღალი წრის ქალბატონებიც არ იყვნენ ნატალიაზე დიდი წარმოდგენის, რადგანაც ის მოსკოვიდან იყო და პეტერბურგის მანერები კარგად არ ჰქონდა ათვისებული.

მალე ჭორები აგორდა და პუშკინმა და მისმა მეგობრებმა მიიღეს ანონიმური პასკვილი „რქიანის დიპლომი“, სადაც ირიბად, გადაკრულად მოიხსენიებოდა, რომ ნატალიას რომანი ჰქონდა არა მარტო დანტესთან, არამედ მეფესთანაც.პუშკინმა ეჭვი ლუი ჰეკერნზე მიიტანა და დანტესი დუელში გამოიწვია. დანტესი შეშინდა. დუელი ჯერ კიდევ პეტრე პირველის ბრძანებით იყო აკრძალული და დუელიანტებზე და მათ სეკუნდანტებზე მკაცრი ღონისძიებები ტარდებოდა.

დანტესს, რომელიც ცხოვრებით ტკბებოდა დუელი არ აწყობდა. მას აქამდე არცერთი დუელი არ ჰქონია, მაშინ როდესაც ეს პუშკინისათვის მეცამეტე იყო. აწრიალებულმა ჟორჟმა მამობილს უხმო ამის მერე მეფემ დაიბარა პუშკინი და გაკიცხა. დანტესი ამით არ დაკმაყოფილდა და ხელი სთხოვა ნატალიას დას ეკატერინას, რომელიც მასზე გონებას კარგავდა. ქორწილი დაჩქარებული წესით მოხდა და 1837 წლის 10 იანვარს ჯვარი დაიწერეს.

პუშკინები ქორწილს არ დასწრებიან, არ მიიღეს არცერთი მიპატიჟება დანტესის მხრიდან, არ პასუხობდნენ დანტესის წერილებს. ჭორები არა ცხრებოდა. კვლავ ისმოდა კალამბურები. პუშკინი ცოფიანს ემსგავსებოდა. ვეღარ მოითმინა და ლუი ჰეკერნს წერილი გაუგზავნა, სადაც სწერდა, შენი სიფილისით დაავადებული შვილობილი აღარ დავინახო ჩემს სახლშიო. ეს უკვე მეტისმეტი იყო. 16 დღის ჯვარდაწერილმა დანტესმა პასუხი გამოუგზავნა: ადრე შეთავაზებული დუელი ძალაშია და ხვალ შევხვდეთო.

მართლაც 1837 წლის 27 იანვარს(8 თებერვალს) ისინი პეტერბურგის მახლობლად შავ მდინარესთან შეხვდნენ ერთმანეთს.პუშკინი მუცელში დაიჭრა, დანტესი მარჯვენა ხელში. პუშკინმა კიდევ ორი დღე იცოცხლა და მეფეს თხოვნა გაუგზავნა, რომ შეეწყალებინა მისი სეკუნდანტი დანზასი.

დანზასს ორი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. დანტესი, რომელიც რუსეთის მოქალაქე არ იყო ქვეყნიდან გააძევეს.ეკატერინა ქმარს გაჰყვა.გაცილებისას მოვარდა იდალია, რომელიც გიჟს გავდა.დანტესი და ეკატერინა სულცში დასახლდნენ. ოთხი შვილი ეყოლათ. 1843 წელს ეკატერინა გარდაიცვალა, მშობიარობას გადაყვა. ჟორჟი 31 წლის იყო. მას ცოლი აღარ მოუყვანია. 1945 წელს გახდა ზემო რეინის დეპარტამენტის გენერალური საბჭოს წევრი.

ლუი ფილიპეს ჩამოგდების შემდეგ ნაპოლეონ მესამემ იგი დიპლომატიური მისიით გააგზავნა სხვადასხვა ქვეყნის მონარქებთან მოსალაპარაკებლად. ამ დროს იგი შეხვდა პოტსდამში ნიკოლოზ პირველს. ნაპოლეონმა იგი შეუცვლელ სენატორად დანიშნა. მეორე იმპერიის დაცემის შემდეგ იგი სულცში დაბრუნდა და ქალაქის მერად აირჩიეს. გარდაიცვალა 83 წლის ასაკში, შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში. მისი შვილები არ სცნობდნენ რუსეთში მყოფ ნათესავებს. ნატალია მეორედ პეტრე ლანსკიზე გათხოვდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100