სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იდუმალი „მონა ლიზა“

დღეისათვის საზოგადოება აღიარებს, რომ „მონა ლიზა“, ცნობილი როგორც „ჯოკონდა“ , მსოფლიო საგანძურის უმნიშვნელოვანესი ექსპონატია.მსოფლიოს პროფესიონალი მეცნიერები, სწავლულები და სპეციალისტები მასში საიდუმლოს ხედავენ, რომლის ამოხსნაც ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. ლეონარდო და ვინჩის არცერთ ნახატში არ არის ისე ღრმად ასახული სივრცე, როგორც „ჯოკონდაში“. მრავალი წელია, ისტორიკოსები სწავლობენ და იკვლევენ და ვინჩის შედევრს, ცდილობენ რა მისი საიდუმლოს ამოხსნას, მაგრამ კვლევა ძალიან ნელა მიიწევს წინ.

„მონა ლიზა – ახალგაზრდა ქალის პორტრეტი“ ლეონარდომ დაახლოებით 1503 – 1507 წლებში დახატა. სხვადასხვა ვერსიის მიხედვით, „ჯოკონდა“ მეძავი ქალის, თავად და ვინჩის საყვარლის პორტრეტია. რამდენიმე სწავლულის მტკიცებით, ტილო, შესაძლოა, მხატვრის ავტოპორტრეტიც იყოს.

კომპოზიციის ძირფესვიან ანალიზს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ლეონარდო ინდივიდუალური პორტრეტის შექმნას არ ცდილობდა. „მონა ლიზა“ გახდა მხატვრის იდეების ხორცშესხმა, რაზეც და ვინჩი საკუთარ ტრაქტატში საუბრობს. ლეონარდო საკუთარ ნაშრომებს ყოველთვის მეცნიერულად უდგებოდა, სწორედ ამიტომ, „ჯოკონდა“, რომლის შექმნაზეც მხატვარმა რამდენიმე წელი იმუშავა, იქცა იდუმალ, ულამაზეს, მაგრამ უემოციო სახებად. მიუხედავად იმისა, რომ ჯოკონდას მზერა ჩვენსკენაა მომართული, არსებობს ბარიერი მასსა და ჩვენს შორის — სკამის სახელური, წარმოსახული, როგორც ღობე. ასეთი კონცეფცია კი გამორიცხავს ინტიმური დიალოგის შესაძლებლობას. ჯოკონდას სახის გამომეტყველების საიდუმლო ნახატის რამდენიმე ფენაშია. სინათლის დაცემის კუთხის მიხედვით ტილოზე გამოსახული ქალის სახე მუდმივად იცვლება, თითქოს ის ცოცხალია. მას შემდეგ, რაც ადამიანი თვალს შეაჩვევს სახეს, დაინახავს, რომ „ჯოკონდას“ თვალები ჩაუცვივდება, მისი მომღიმარი სახე სიკვდილის დამცინავ გამომეტყველებად შეიცვლება. ორი, სრულიად ურთერთსაწინააღმდეგო, სიცოცხლისა და სიკვდილის, საწყისის ერთ სურათში შერწყმა ძლიერ, ფსიქოლოგიურ ეფექტს ქმნის. აქ არის გადმოცემული ადამიანის არსებობის სრული შეუცნობელობა, საიდუმლო ისაა, თუ როგორ მოახერხა მხატვარმა ლამაზი ქალის სახეში თავის ქალის, ანუ სიკვდილის ასე ნათლად გამოხატვა.

რაც შეეხება „მონა ლიზას“ ღიმილის საიდუმლოს, მეცნიერებმა მისი ამოცნობა გარკვეულწილად შეძლეს. აღმოჩენაში დიდი წვლილი ზალცბურგის კვლევითი ცენტრის თანამშრომელს, ფსიქოლოგიის პროფესორ, ფლორიან ჰუცლერს მიუძღვის.

ჰუცლერის აზრით, მონა ლიზას ტუჩები მნახველს ნეიტრალურად ეჩვენება, თუმცა, როდესაც მაყურებელი პორტრეტის თვალებს აკვირდება, მაშინ ირთვება პერიფერიული მხედველობა და ლეონარდოს მიერ ვირტუოზულად დატანილი შტრიხები ღიმილის ეფექტს ქმნის. აქედან გამომდინარე, მონა ლიზას გამომეტყველება იცვლება იმის მიხედვით, თუ სახის რა ნაწილს აკვირდებით. ამ ეფექტს ლეონარდო და ვინჩიმ სფუმატოს ტექნიკით მიაღწია, რომელსაც სრულყოფილად ფლობდა.

ეს ”აღმოჩენა” ერთადერთი არ არის. მონა ლიზას ღიმილი ბევრი მეცნიერისა და შარლატანის განხილვის საგნად იქცა. ერთ-ერთი უკნასკნელი დასკვნა სიცილიელ ვიტო ფრანკოს ეკუთვნის. მისი მტკიცებით, ჯოკონდას კანის ფერი და სახეზე აღბეჭდილი გრიმასა მის ავადმყოფობაზე, კერძოდ, კი ქოლესტერინის მოჭარბებაზე მიუთითებს.

„მონა ლიზა“ უამრავი მკვლევარისა და ისტორიკოსის დავისა თუ კამათის საკითხია. იტალიის ისტორიულ-კულტურულ საკითხებში ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარის, სილვანო ვინსენტის სენსაციური განცხადებით კი მონა ლიზა – კაცია.

იტალიელმა მკვლევარებმა, რომლებიც მონა ლიზას საიდუმლოს ამოხსნაზე უკვე წლებია მუშაობენ, აღნიშნეს, რომ ჯოკონდას ნაკვთებში ბევრი ისეთი დეტალი აღმოაჩინეს, რაც მის მამრობით სქესზე მეტყველებს. სილვანო ვინსენტიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, და ვინჩის შთაგონების წყარო მხატვრის მამაკაცი საყვარელი, სახელად სალაი ყოფილიყო. თუმცა, მისი და ლუვრის მუზეუმის ექსპერტების აზრი რადიკალურად განსხვავდება. სალაი 25 წლის მანძილზე მუშაობდა ლეონარდო და ვინჩისთან. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის გენიოსის მუზა იყო და მისთვის პოზირებდა კიდეც. სალაის ნამდვილი სახელი ჯანჯაკომო კაპროტი იყო. ვინსენტს მიაჩნია, რომ არ არის გამორიცხული ისინი საყვარლები ყოფილიყვნენ. დამადასტურებელ საბუთად კი ლეონარდოს სხვა ნამუშევრები "იოანე ნათლისმცემელი" და "ხორცშესხმული ანგელოზი" მოჰყავს. მკვლევარის აზრით, მათი და მონა ლიზას სახის ნაკვთები საოცრად ჰგავს ერთმანეთს. უფრო მეტიც, და ვინჩიმ მონა ლიზას თვალებში ასოები "ლ" და "ს" ჩახატა, რითაც საიდუმლოს გამჟღავნების გასაღები დატოვა. გარდა ამისა, ვინჩეტიმ ნახატის უკანა ფონზე ციფრები 7 და 2 იპოვა. ” ევროპული ტრადიციის მიხედვით, 72 ღმერთის სახელია, რადგან იყო 72 წინასწარმეტყველი, ქრისტეს 72 მიმდევარი ახალი აღთქმის მიხედვით,” – განაცხადა იტალიელმა მეცნიერმა.

მიუხედავად მწვავე დისკუსიისა, მკვლევარები თვლიან, რომ ყოველივეს ფარდა ლიზა დელ ჯოკონდას საფლავის აღმოჩენის შემდეგ აეხდება. მათ შეისწავლეს დოკუმენტები, რომლებიც საფლავის ადგილმდებარეობის განსაზღვრაში დაეხმარება არქეოლოგებს. გათხრები მიმდინარე წლის 27 აპრილს, ფლორენციაში, წმინდა ურსულას ყოფილი მონასტრის ტერიტორიაზე დაიწყო, სადაც ლიზა დელ ჯოკონდა უნდა იყოს დაკრძალული.

პროექტს პროფესორი სილვანო ვინჩეტი ხელმძღვანელობს, რომლის განცხადებითაც, სამარხის აღმოჩენის შემთხვევაში ძვლებს დნმ–ის ექსპერტიზაზე გაგზავნიან, რომელსაც ჯოკონდას შვილების დნმ–ს შეადარებენ. ლიზა დელ ჯოკონდას შთამომავლობის საფლავები ცნობილია. თავის ქალის აღმოჩენის შემთხვევაში კი თანამედროვე მეცნიერება ქალბატონის სახის აღდგენას ეცდება.

მიუხედავად ყველაფრისა, და ვინჩის მეორე მკვლევარი, ჯუზეპე პალანტი ამტკიცებს, რომ გათხრებს აზრი არა აქვს, რადგან ჯოკონდას ნაწილები მიწიდან 30 წლის წინ ამოიღეს, როცა მონასტრის ქვეშ, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. მკვლევარის თქმით, ნაპოვნი ნეშტის ნაწილები ქალაქის ნაგავსაყრელზე გადაყარეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100