რა არის ჰისტეროსკოპია და რომელი პათოლოგიების გამოვლენისთვის იყენებენ მას?
კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში“ სხვადახვა ტიპის გამოკვლევები უახლესი მეთოდიკით ტარდება. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ჰისტეროსკოპია, რომელსაც უამრავი უპირატესობა აქვს და თანამედროვე კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
რა მეთოდია ჰისტეროსკოპია და კონკრეტულად რა დაავადებების დიაგნოსტირებისთვის მიმართავენ მას, ამის შესახებ „ჯანმრთელობის სახლის“ დირექტორი, გინეკოლოგი შალვა ქორიძე გვესაუბრება:
- რა არის ჰოსტეროსკოპია და რა უპირატესობები აქვს მას?
- ჰისტეროსკოპია ენდოსკოპიური დიაგნოსტიკური და საოპერაციო მეთოდიკაა, რომელიც გულისხმობს საშვილოსნოს ღრუს დათვალიერებას და მასში მანიპულაციების ჩატარებას სპეციალური ოპტიკური სისტემის მეშვეობით.
ჰისტეროსკოპიის უპირატესობები არის: საშვილოსნოს ღრუს პირდაპირი ვიზუალიზაცია, ობიექტურობა და მიღებული მონაცემების სიზუსტე, შედეგების დაფიქსირების საშუალება ფოტო ან ვიდეო გადაღებით.
დიაგნოსტიკური პროცედურის დახმარებით ვლინდება არამარტო პათოლოგია, არამედ მისი ლოკალიზაცია და გავრცელებულობა, შესაძლებელია საკვლევი მასალის აღება უშუალოდ პათოლოგიური კერიდან.
ოპერაციული ჰისტეროსკოპია არის მიკროქირურგიული ჩარევა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სრულფასოვანი ალტერნატივა ლაპარატომიული ან ლაპარასკოპიული გინეკოლოგიური ოპერაციის.
- რა შემთხვევაში არის ჰისტეროსკოპიის ჩატარება საჭირო?
- ჰისტეროსკოპიის ჩატარება საჭიროა თუ არის ეჭვი შემდეგ დაავადებებზე: ენდომეტრიოზი, სუბმიკოზური მიომა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, საშვილოსნოს პოლიები, ენდომეტრიუმის კიბო, საშვილოსნოს ღრუში უცხო სხეულის არსებობა.
ჰისტეროსკოპია თითქმის შეუცვლელი სადიაგნოსტიკო საშუალებაა საშვილოსნოს განვითარების ანომალიების აღმოსაჩენად: საშვილოსნოს შიდა შეხორცებები (სინექიები), საშვილოსნოს შიდა ტიხარი, უნაგირა საშვილოსნო და სხვა.
- რა პროცედურები ტარდება ოპერაციული ჰისტეროსკოპიის დროს?
- ოპერაციული ჰისტეროსკოპიის დროს ტარდება: ენდომეტრიუმის აბლაცია, საშვილოსნოს პოლიების მოცილება, სუბმიკოზური მიომის ამოკვეთა, საშვილოსნოსშიდა შეხორცებების მოხსნა, საშვილოსნოსშიდა ტიხარის მოცილება, შეხორცებული სპირალების და სხვა უცხო სხეულის მოცილება.
კომენტარი