"პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, ჩემს შვილს უთხრა, იცოდე, აქ ქურდი მე ვარო" - ლაზარე აროშვილის საქმეზე სააპელაციოს განაჩენი ცნობილია
ლაზარე აროშვილის საქმე - სააპელაციომ 5-წლიან პატიმრობაზე საქალაქოს განაჩენი ძალაში დატოვა.
ინფორმაციას 27 წლის ლაზარე აროშვილის დედა, რუსუდან კობახიძე ავრცელებს. დედა ამბობს, რომ მოსამართლემ უგულებელყო ყველა სამართლებრივი არგუმენტი, მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა.
მისი თქმით, გუშინდელი გადაწყვეტილება პოლიციის მაშინდელ უფროსთან არის კავშირში, დედის მტკიცებით, ჯონი კოშაძემ მის შვილს უთხრა - "იცოდე, რომ აქ ქურდი მე ვარო!“
"როცა ამ ორიოდე თვის წინ ქალაქის პროკურატურაში დამიბარეს და თავად ქალაქის პროკურორი შემხვდა საქმის პროკურორთან ერთად, შემომთავაზეს საპროცესო გარიგება.
ლაპარაკი თავად ქალაქის პროკურორმა დაიწყო რევერანსებით: აი, ჩვენ ვხვდებით, რომ არამართლზომიერი სასჯელი დადგა, რომ საქმეში ბევრი საეჭვო ფაქტია და ა. შ. ბევრი ვიფიქრეთ, რით შეგვიძლია შეგიმსუბუქოთ ეს სასჯელი და მოვიფიქრეთო: 2 წელზე ჩამოვიყვანთ, მერე ყველაფერში დაგეხმარებით, განახევრება იქნება ეს თუ შეწყალებაო და მოკლედ, რამდენიმე თვეში გამოვაო.
რატომ უკუვაგდეთ ეს წინადადება მეც და ლაზარემაც (არც კი განგვიხილავს):
1. საპროცესო გულისხმობს დანაშაულის აღიარებას. ე. ი. ლაზარეს და დათოს უნდა ეღიარებინათ დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენიათ;
2. პიროვნული ღირსება, სამართლიანობისკენ სწრაფვა უნდა გაეცვალათ თავისუფლებაზე;
3. როგორი იქნებოდა ეს "თავისუფლება"? - გატეხილი, სისტემის წინაშე მოკუნტული და თავჩაღუნული ადამიანის ყოფა, რომელსაც ვერ დავარქმევთ თავისუფლებას (ამას ემატება საფრთხე დაინტერესებული პოლიციელების მხრიდან, ან "ნასედკად" აქციონ, ან უკან შეაბრუნონ)
4. მე ჩემი შვილი ასეთი ყოფისთვის არ გამიზრდია, არ გამიზრდია იმისთვის, რომ თავწახრილმა და წელში გატეხილმა გაატაროს წუთისოფელი;
ახლა შევხედოთ "გულაჩვილებული" პროკურატურის საქციელს. როგორც კი უარი მიიღეს, დაივიწყეს სასჯელის არამართლზომიერებაც, საეჭვო გარემოებებიც და ისევ იგივე შემართებით გააგრძელეს ბრალდებების წაყენება.
შევხედოთ მოსამართლის განაჩენს. მას არც კი აუხსნია, რის საფუძველზე უარყო დაცვის მხარის მოთხოვნები, ბათილად ეცნო პროცესუალური დარღვევებით შედგენილი ჩვენებები (საქმეში არსებული ერთადერთი, ვიმეორებ, ერთადერთი მტკიცებულება) და გაეთვალისწინებინა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ტელეფონთან ბრალდებულების არანაირი შემხებლობა არ დასტურდება.
რატომ მოვისმინეთ გუშინ ასეთი სასტიკი, დაუსაბუთებელი დასკვნა, რომელიც ჩაქუჩის ერთი დარტყმით ძალაში შევიდა?
ყველა მათი ქმედება მიუთითებს ერთ რამეზე, რაც საკმაოდ მკაფიოდ განუმარტა ლაზარეს პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, ჯონი კოშაძემ: იცოდე, რომ აქ ქურდი მე ვარ!
ესაა რუსული მართვის სტილი, თავში ჩაქუჩი, ზურგში - როზგი. მიზანი ერთია: რაც შეიძლება მეტ ადამიანში გადავტეხოთ პიროვნული ღირსება და მივიღოთ ბევრი ჩვენნაირი მონა. ალბათ ასე უფრო მშვიდად უყურებენ თავიანთ თავს სარკეში". - წერს რუსუდან კობახიძე.
ცნობისთვის, 27 წლის ახალგაზრდა საქალაქო სასამართლომ 22 მარტს ძარცვასა და თავდასხმაში დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თავად მსჯავრდებული და მისი ოჯახის წევრები დაკავებას ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსთან, ჯონი კოშაძესთან მომხდარ უთანხმოებას უკავშირებენ.
კომენტარი