თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - “ლარის კურსი: ზომიერად ოპტიმისტური”
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება - “ლარის კურსი: ზომიერად ოპტიმისტური” - გამოაქვეყნა. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ლარის მიმდინარე გამყარება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, გაძლიერებული წმინდა სავალუტო შემოსავლებისა და თავად ლარის სტაბილურობის/გამყარების შედეგია, რადგანაც ხშირად სწორედ თავად დოლარი/ლარის კურსი განსაზღვრავს მოლოდინებს. ბოლო პერიოდში სახეზეა უფრო მეტი ინვესტირება ლარის დეპოზიტებში და ამავდროულად მეტი სავალუტო დაკრედიტება, განსხვავებით იმ პერიოდებისაგან, როდესაც ორივე შემთხვევაში საპირისპირო ტენდენცია ლარის გაუფასურებას იწვევდა. წმინდა შემოდინებების მხრივ, აღსანიშნავია დეკემბრის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ისევე როგორც, თიბისის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, იანვარში ტურიზმის აღდგენის დაჩქარება. ამასთან, მართალია ჯერჯერობით არარეზიდენტების მიერ დეკემბერსა და იანვარში ლარში ინვესტირების მაჩვენებლები არაა ხელმისაწვდომი, თუმცა, როგორც ჩანს, ამ მიმართულებითაც აქტივობა მაღალი იყო. ფისკალური კომპონენტი კი, იმის გათვალისწინებით, რომ დეკემბერში დეფიციტი ტრადიციულად მაღალი იყო, ლარის გამყარების განმსაზღვრელი ფაქტორი ვერ იქნებოდა.
ინფლაციის მხრივ, იანვრის თვიური მაჩვენებელი სამიზნეს აღემატებოდა. თუმცა, ეს სავარაუდოდ უფრო გამონაკლისია ბოლო თვეების საერთო დინამიკისგან, როდესაც წლიური ინფლაცია მაღალი იყო, თუმცა მხოლოდ 2021 წლის პირველ 7 თვეში დაფიქსირებული მაღალი თვიური ინფლაციის შედეგად. სადღეისოდ, როგორც დოლარის, ასევე განსაკუთრებით ეფექტური კურსის მხრივ, უფრო ძლიერი ლარისა და იმის გათვალისწინებით, რომ თიბისი კაპიტალის ინფლაციის წინა პროგნოზით დაშვებული მაჩვენებლები დაახლოებით იმავე დონეზეა, 2022 წლის ბოლო პერიოდის ინფლაცია უფრო სამიზნეზე დაბლაა, ვიდრე მასთან ახლოსა. ამდენად, ლარის მიმართ სენტიმენტებისა და წმინდა შემოდინების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, თიბისი კაპიტალის აზრით, ლარის შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ამ სცენარში გუნდი ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ რეზერვს შეისყიდის, ვიდრე ეს 2022 წლის საგადამხდელო ბალანსის თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზშია ასახული. დამატებით, გასათვალისწინებელია შესაძლო რეგიონული სამხედრო კონფლიქტის თიბისი კაპიტალის აზრით ძალზედ მცირე, თუმცა მაინც გარკვეული ალბათობა. დოლარის მხრივ, მართალია აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთების საკმაოდ მკვეთრი აწევა უკვე საბაზო სცენარია, თუმცა თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ არაა აუცილებელი ამან დოლარის შემდგომი მატერიალური გამყარება გამოიწვიოს. უფრო მეტიც, წინა კვირაში ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის კომენტარი მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთის აწევის არ გამორიცხვის შესახებ, ბაზრებისათვის სიურპრიზი იყო და ევრომაც დოლართან პოზიციები მცირედით გაიმაგრა. ლირის კუთხით, თიბისი კაპიტალის წინა შეფასებასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი რწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ლირის შემდგომი შედარებით ზომიერი დასუსტების შემთხვევაშიც, ეს ფაქტორი ეკონომიკის ზრდისა და ლარისათვის ძირითადი გამოწვევა არაა.
ლარის განაკვეთების მხრივ, თიბისი კაპიტალის წინა პროგნოზი, სადაც 2022 წლის განმავლობაში 2 პროცენტული პუნქტით შემცირება ივარაუდებოდა, უცვლელია. პირველი, 50 საბაზისო პუნქტიანი შემცირება კი უკვე მარტშია მოსალოდნელი. ამასთან, ლარის შემოსავლიანობის მრუდი და ეროვნული ბანკის შედარებით მკაცრი ტონი, შესაძლოა განაკვეთის უფრო მომდევნო პერიოდში კლების არგუმენტი იყოს.
შეჯამების სახით, თიბისი კაპიტალის აზრით, ლარის მიმდინარე კურსი ზომიერად ოპტიმისტურია და სამომავლოდ მისი დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნება ან გარკვეული დასუსტებაა უფრო მოსალოდნელი, ვიდრე გამყარების ბოლო პერიოდში არსებული დინამიკის გაგრძელება.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 7 თებერვლის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.
კომენტარი