კახი კალაძე ფეხბურთში მეტოქეს ვერა, მაგრამ ხელისუფლებას მედგრად შეებრძოლება
ცნობილი ფეხბურთელი კახი კალაძე "არსებული რეჟიმის დასასრულებლად ყველა კონსტიტუციური საშუალებით ბრძოლისთვის" მზადყოფნას გამოთქვამს.
შესაბამისი განცხადება კალაძემ "facebook"-ის ოფიციალურ გვერდზე განათავსა.
"ჩვენ ყველა ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას! ჩემო თანამემამულენო, მე - კახა კალაძე, ისევე, როგორც თქვენ, მილიონობით ჩემი თანამემამულე, ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას მივესალმები. ივანიშვილის ქველმოქმედება ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს გადასწვდა და ეს ჩვენ ყველამ მხოლოდ ბოლო პერიოდში გავიგეთ. იგი წლების მანძილზე უანგაროდ, ყოველგვარი საზღაურის და რეკლამის გარეშე საერო საქმეს აკეთებდა. მქონდა პატივი, პირადად შევხვედროდი ბატონ ბიძინას. შედგა გულთბილი და მეგობრული შეხვედრა მასთან და მის ვაჟიშვილ ბერასთან. გავიცანი მისი ტრადიციული ქართული ოჯახი. შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ჩვენი ღირებულებები და მიდგომები ერთმანეთს სრულიად ემთხვევა. ისევე, როგორც თქვენ, სამშობლოს უკეთესი და ღირსეული მომავლის მოსურნე ჩემო თანამემამულენო, მეც გამოვთქვამ მზადყოფნას, ყველა კონსტიტუციური საშუალებით ვიბრძოლო დამამცირებელი რეჟიმის დასასრულებლად", - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი