სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II ახალციხეს ეწვევა

დღეს, 13 ივნისს, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II ახალციხეს ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, გარეგინ II-სა და სომხეთის დელეგაციას რაიონის შესასვლელში ეპარქიის სასულიერო პირები და ადგილობრივი მთავრობის წევრები დახვდებიან.
ახალციხეში სტუმრებს საზეიმო დახვედრას მოუწყობენ თამარ მეფის ძეგლთან; მოინახულებენ ამაღლების სახელობის ტაძარს.
დღესვე იგეგმება სტუმრობა სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სახელობის სომხურ ეკლესიაში, ახალციხის ჰოვანეს თუმანიანის სახელობის №3 საჯარო სომხურ სკოლაში.
უკვე ხვალ, 14 ივნისს კი, სომხეთის დელეგაცია ეწვევა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის რეზიდენციას. იმავე დღეს სტუმრები გაემგზავრებიან ასპინძაში, სადაც გაიმართება საზეიმო შეხვედრა რაიონულ ცენტრში, შეხვედრა ასპინძის სომხურ მოსახლეობასთან და დამალის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან.
იმავე დღეს უწმინდესი გარეგინ II, თანმხლებ პირებთან ერთად ლოცვას აღავლენს ახალქალაქის სურბ ხაჩის სახელობის ეკლესიაში, შედგება ხაჩქარის'' გახსნა ეკლესიის ეზოში. დელეგაციის წევრები შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას.
14 ივნისს ახალქალაქში სტუმრები მოინახულებენ მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ქართულ ეკლესიასა და ტურინის სუდარის მუზეუმს; ეწვევიან ახალქალაქის დერენიკ დემირჩიანის სახელობის #4 და #2 საჯარო სომხურ სკოლებსა და ასევე წმიდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის ქართულ სახელობო სასწავლებელს.
15 ივნისს სომხეთის ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ნინოწმინდაში, სადაც ქალაქის ცენტრში შეხვდება ადგილობრივ მოსახლეობას; ესტუმრება ხოჯაბეგის სურბ სარგისის სახელობის ეკლესიას, მოინახულებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლს.
იმავე დღეს სომხეთის ეკლესიის დელეგაციას მოუწყობენ საზეიმო დახვედრას წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, სადაც სტუმრები შეხვდებიან ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას.
15 ივნისს სომხეთის ეკლესიი დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ყოველთა სომეხთა კათალიკოსი, გარეგინ II საქართველოს ვიზიტით 10 ივნისს ეწვია. საზღვართან მას საზეიმოდ დახვდნენ: სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. 13:30 საათზე სტუმრებმა ილია II-სთან ერთად დაათვალიერეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი. 11 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა სომხეთის ეკლესიის დელეგაციის ოფიციალური მიღება, რის შემდეგაც გაიმართა შეხვედრა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-სთან დახურულ ფორმატში. გარეგინ II საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100