სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნება მომეცით, ამ სულელურ ჭორთან დაკავშირებით კომენტარი არ გავაკეთო"

მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე საუბარი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტმა რამდენიმე მინისტრს საყვედური ტელე-ეთერით გამოუცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში ჩატარებულ მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი უმოქმედობაში დაადანაშაულა.
პრესაში არაერთხელ დაიწერა შესაძლო სამთავრობო კარუსელის შესახებ, თუმცა გაკრიტიკებული მინისტრები კვლავ თანამდებობებზე რჩებიან.
პრეზიდენტის კრიტიკას შედეგი მხოლოდ ერთი მინისტრისთვის მოჰყვა. სანდრო კვიტაშვილმა განცხადება თანამდებობიდან წასვლის დაწერა. თანამდებობის დატოვებიდან ერთ საათში კი ის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე წარადგინეს.
უნივერსიტეტის 12 კაციანმა აკადემიურმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩია.
კვიტაშვილს დროებით მისი პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი შეცვლის, თუმცა კულუარებში გიორგობიანის კანდიდატურა მინისტრის პოსტზეც განიხილება.
ელოდნენ, რომ კვიტაშვილის ბედს სამი მინისტიც გაიზიარებდა, თუმცა სუბელიანი კვეზერელი ხაჩიძის ტრიოს სექტემბრამდე დაკავებულ თანამდებობზე მოუწევთ ყოფნა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსის ნიკო მჭედლიშვილის განცხადებით მთავრობაში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება.
მისი თქმით, აღნიშნული განცხადება სპეციალურად პრემიერ-მინისტრის დავალებით გააკეთა, რათა გაქარწყლდეს მითქმა-მოთქმა, რომელიც ბოლო კვირის განმავლობაში მედიაში ვრცელდება.
"ჩემი განცხადების მიზანია მასმედიაში გავრცელებული მითქმა-მოთქმის გაქარწყლება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მინისტრმა უკვე დაწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. არ იქნება არანაირი საკადრო გადაადგილება",-აღნიშნა მჭედლიშვილმა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამთავრობო ცვლილება ნიკა რურუასაც შეეხო, თუმცა კულტურის მინისტრი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას სულელურ ჭორს უწოდებს.
"ნება მომეცით, ამ სულელურ ჭორთან დაკავშირებით კომენტარი არ გავაკეთო"- აცხადებს კულტურის მინისტრი.
მოკლედ, მორიგი სამთავრობო კარუსელის დატრიალება შემოდგომის ბოლომდე არ იგეგმება.
რაც შეეხება სანდრო კვიტაშვილს, ის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მხოლოდ დეკემბრის დასაწყისში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ გახდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100