How are you? ანუ ვირუსული მოკითხვა Facebook-ით
თუ თქვენ გყავთ ფბ-მეგობარი, რომელსაც ხშირად არ ეკონტაქტებით და, მაინცდამაინც, არც ის იწუხებს თავს, უცებ კი ჩატში ან PM-ში გიგზავნით ინგლისურენოვან მოკითხვას და ინტერესდება, როგორ ხართ - შეგიძლიათ საერთოდ არ გახსნათ მისი მოკითხვის ფანჯარა და თუ გულმა არ მოგითმინათ, იმ ბმულს მაინც ნუ გახსნით, რომელიც მოკითხვას მოჰყვება და ვიდეობმულის სახითაა წარმოდგენილი - წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კომპიუტერი ბმულის გახსნიდან ათიოდ წუთში გამოირთვება და, შესაძლოა, ვეღარც ჩართოთ.
ვირუსის ახალი სახეობა, რომელიც, ძირითადად, ფბ-ში გავრცელდა, კომპიუტერს გამანადგურებელ დარტყმას აყენებს: სპობს ფაილებს, რომლებიც საიმედოდ დაცული გგონიათ, მისი მსახვრალი ხელი წვდება პროგრამულ უზრუნველყოფებს, მყარი დისკის არქივებს - მოკლედ, ყველაფერ ფასეულს, რაც კომპიუტერში გაქვთ დავანებული.
სხვათა შორის, თუ ანკესზე წამოეგეთ და ბმული მაინც გახსენით, იმ ფბ-მეგობარს ნუ დაადანაშაულებთ, ვინც ვირუსულად მოგიკითხათ: ვირუსის გასაგზავნად აუცილებელი სულაც არ არის, გამომგზავნმა თვითონ შეასრულოს ის მოქმედებები, რომელთა შემდეგაც შეტყობინება თქვენს ჩატში ან pm-ში აისახება: ვირუსი თვითნებურად „გადაადგილდება“ და, გამორიცხული არ არის, გამომგზავნიც, თქვენს მსგავსად, სიტუაციის მსხვერპლი იყოს ან მეტიც - თქვენზე იყოს გაბრაზებული, რადგან გუშინ ანალოგიური სპამი თქვენ „გაუგზავნეთ“...
მოკლედ, ფრთხილად იყავით: ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამ ვირუსმა ფბ-ს მომხმარებელთა 40 პროცენტი მეტნაკლებად დააზარალა და, რასაკვირველია, ვირუსზე აცრილები არც ჩვენ, ქართველი მომხმარებლები ვართ -ანტივირუსი კი ასეთ შემთხვევებში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უძლურია.
კომენტარი