სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარტიის ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები არის ღია და გამჭვირვალე - „ენმ“ განცხადებას ავრცელებს

პარტიის ფინანსები და ხარჯები - „ენმ“ განცხადებას ავრცელებს.

მთავარი ოპოზიციური პარტიის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები არის ღია და გამჭვირვალე.

განცხადებაში ხაზგასმითა აღნიშნული, რომ თანხა, რომელიც გადახდილია სოციალურ ქსელში კამპანიის საწარმოებლად, გაღებულია უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის პირადი ხარჯებიდან.

ასევე, პარტია ხსნის, რომ ნიკა მელიაზე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ის რაიმე სახის ანაზღაურებას იღებს, არის სიცრუე.

„ენმ“ წერს, რომ ნიკა მელია სარგებლობს მხოლოდ დაცვის ერთი თანამშრომლითა და მძღოლით და რომ მიმდინარე წელს, საზღვარგარეთ მან სამი ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა, რომლებიც პოლიტპატიმრების, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ინტერესებს ემსახურებოდა

"ბოლო რამდენიმე დღეა, საზოგადოება თვალ-ყურს ადევნებს სიცრუეზე აგებულ კამპანიას, რომლის მიზანს, ერთის მხრივ წარმოადგენს ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა’’ და პარტიის ცალკეული ლიდერების დისკრედიტაცია, მეორეს მხრივ კი, ჩვენი თანამოქალაქეების, პარტიის ერთგული მხარდამჭერების შეცდომაში შეყვანას, ხელოვნურად დაპირისპირების გაჩენასა და მთავარი მიზნიდან გადახვევას.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები არის ღია და გამჭვირვალე, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გაეცნოს.

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თითქოს საზოგადოებას აცნობენ პარტიისა და პარტიის თავმჯდომარის ხარჯებს.
თავს ვალდებულებად ვთვლით, საზოგადოებას სიმართლე გავაცნოთ. პირველ რიგში, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. ხოლო, თანხა, რომელიც გადახდილია სოციალურ ქსელში კამპანიის საწარმოებლად, გაღებულია უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის პირადი ხარჯებიდან. საყურადღებოა ისიც, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს პარტია არ სარგებლობდა ფასიანი სატელევიზიო რეკლამებით.

ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ პარტიის თავმჯდომარეზე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ის რაიმე სახის ანაზღაურებას იღებს, არის სიცრუე.
ნიკა მელია სარგებლობს მხოლოდ დაცვის ერთი თანამშრომლითა და მძღოლით. აღნიშნული ინფორმაცია არის საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, აუდიტის სამსახურის საიტზე, გაეცნოს მას, რაც დაადასტურებს ბოლო დღეებში გააქტიურებული კამპანიის სიყალბეს.

მიმდინარე წელს, პარტიის თავმჯდომარეს, საზღვარგარეთ, სამი ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა - ვილნიუსში, როტერდამსა და ბრიუსელში. აღნიშნული ვიზიტები ემსახურებოდა საქართველოს ინტერესების დაცვას, პოლიტპატიმრების - მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას. ბრიუსელში აქტიური მუშაობის შემდეგ ევროპარლამენტის მიერ გამოიცა რეზოლუცია, რომელშიც ნათლად და მკაფიოდ იყო ნახსენები ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები, ასევე დეოლიგარქიზაცია.

ნიკა მელია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის აგრესიის ადრესატ უკრაინაში, სადაც მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და უკრაინელი ხალხის სამართლიან ბრძოლას თავისუფლებისთვის. უკრაინაში ენმ-ს წევრები შეხვდნენ და მოინახულეს ქართველი მებრძოლებიც. გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ზემოხსენებული ვიზიტების ხარჯები პარტიის მიერ არ იყო გაწეული.

სიცრუეზე აგებული მსგავსი ქმედებები აზიანებს არა მხოლოდ ცალკე აღებულ პარტიას ან რომელიმე ლიდერს, არამედ ჩვენს საერთო ბრძოლას და გვაშორებს ჩვენი ეროვნულ მიზანს." ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100