სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) და თიბისი სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) და თიბისის შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, თიბისი BTU-ს ფინანსური მხარდამჭერი გახდა როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო პროექტების ფარგლებში. თიბისი იზრუნებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნის გამრავალფეროვნებასა და მათ ჩართულობაზე თიბისის როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებით, ასევე კულტურულ პროექტებსა და ღონისძიებებში, ლექციებში, სემინარებსა და ვორქშოპებში. თიბისის მხარდაჭერით, უნივერსიტეტში მოეწყობა და ტექნიკურად აღიჭურვება სტუდენტური სივრცეები.

პარტნიორობის შედეგად, თიბისისთან ერთად განვითარდება უნივერსიტეტში არსებული გლობალური სტარტაპ ფონდის ქსელი, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობით; გაიზრდება სტარტაპების ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობები; თიბისის პროგრამა „სტარტაპერისა“ და უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიზნით, დაიგეგმება არაერთი ღონისძიება და აქტივობა. ასევე, „სტარტაპერი“ BTU უნივერსიტეტის ყოველწლიური დემო დღის მხარდამჭერი იქნება.

BTU-ს სტუდენტები ისეთ პროექტებში ჩაერთვებიან, როგორებიცაა:

„თიბისი კემპი“ - „თიბისი კემპი“ ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტური პროგრამაა და მსურველებისთვის მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. პროგრამის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის რეალური სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობის მიცემა და მათთვის საინვესტიციო საბანკო საქმის უკეთ გაცნობაა. პროგრამა საჯარო ლექციებთან ერთად, ბიზნეს-ქეისების განხილვასა და რეალური საინვესტიციო სიტუაციების განხილვას გულისხმობს.

სტარტაპერი - „სტარტაპერი“ თიბისის პროგრამაა, რომლის მიზანი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაა. სტუდენტებისთვის სტარტაპკურსი ლექცია-სემინარებს, პრაქტიკულ დავალებებსა და ფინასნურ მოტივაციას მოიცავს. „სტარტაპერი“ BTU უნივერსიტეტის ყოველწლიური დემო დღის მხარდამჭერი იქნება.

თიბისი IT აკადემია - თიბისი IT აკადემია კომპანიის CSR პოლიტიკის ნაწილია და ის საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას სრულიად უფასოდ სთავაზობს.

თაობა XXI - პროგრამის ფარგლებში, ბაკალავრიატის III და IV კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ თიბისიში სხვადასხვა მიმართულებით სტაჟირება გაიარონ. სტუდენტები 6 თვიდან 1 წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებს გაივლიან და მათ ლექციებზე მორგებული გრაფიკი ექნებათ.

,,BTU-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თიბისისთან მჭიდრო თანამშრომლობის დაწყებას. როგორც ქვეყნის მოწინავე ფინანსური ინსიტიტუცია, თიბისი ქვეყანაში სხვადასხვა ბიზნეს სექტორისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების აქტიური კონტრიბუტორია. ეს ხედვა BTU-ს მისიას პირდაპირ პასუხობს და გვჯერა, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტები, სასიკეთო ცვლილებების მომტანი იქნება საქართველოს საგანმანათლებლო და ინოვაციურ ეკოსისტემაში’’, - მიხეილ ბატიაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

„ახალი თაობა და ახალგაზრდებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზიარება, თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიეტეტია. ასევე, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია განათლებასთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერა. ამ მიმართულებით თიბისი რამდენიმე წელია არაერთ პროექტს ახორციელებს და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას აქტიურად ეთანამშრომლება. ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიხარულოა გავხდეთ იმ უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორები, რომელიც სრულ თახნვედრაშია თიბისის ფასეულობებთან. BTU უნივერსიტეტი თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამებითა და ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებით, საქართველოში დასავლური სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო სივრცეს წარმოადგენს“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პროექტ ,,სილიკონ ველი თბილისის’’ ფარგლებში, 2016 წელს დაარსდა და ის ორიენტირებულია ახალი თაობისთვის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ცოდნის მიცემაზე, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებაზე, ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100