ვაშინგტონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა (ვიდეო)
ვაშინგტონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-ის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,8 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ვაშინგტონიდან 92 კილომეტრის დაშორებით, ვირჯინიაში მდებარეობდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
"როიტერის" ინფორმაციით, კონგრესის შენობიდან და პენტაგონიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა. "სი-ენ-ენ"-ის ინფორმაციით კი, ნიუ-იორკში, სადაც ასევე იგრძნობოდა მიწისქვეშა ბიძგები, დროებით გაითიშა მობილური კავშირი. ამის გამო მანჰეტენის ნაწილში ევაკუაცია მოხდა.
მიწისძვრის გამო მუშაობა შეწყვიტეს აეროპორტებმა. ავიაციის სამსახურის ცნობით, მუშაობა შეაჩერეს საავიაციო კოშკებმა. აეროპორტები მუშაობას მანამდე არ განაახლებენ, ვიდრე არ შემოწმდება საავიაციო კოშკები და ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები. პოლიციისა და სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთი შენობა დაზიანდა. მუშაობა შეწყვიტა ასევე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამაც.
აღსანიშნავია, რომ დღეს დაახლოებით 6 ბალამდე მიწისძვრა ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები ვირჯინიიდან ბოსტონამდე იგრძნობოდა.
კადრები, სადაც ასახულია, როგორ შეწყდა მიწისქვეშა ბიძგების გამო ოფიციალური პრესკონფერენცია და როგორ მიაშურეს მისმა მონაწილეებმა გასასვლელს, "ნიუ-იორკ პოსტმა" საკუთარ ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ვიდეო: NY Post
კომენტარი