ხუდონჰესი ქვეყნის ენერგეტიკაში არსებულ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხებს
სპეციალისტები ხუდონჰესს ქართული ენერგეტიკის საბაზისო პროექტად მიიჩნევენ. მათი ნაწილი თვლის, რომ ამ რესურსის აუთვისებლად ქვეყანა ეკონომიკურად წინ ვერ წავა, ხოლო მის გარეშე ენერგოდამოუკიდებლობაზე ფიქრიც კი ზედმეტია.
ხუდონჰესის პროექტის ირგვლივ დღეს აზრი ორადაა გაყოფილი. რას მოუტანს ქვეყანას ხუდონჰესის მშენებლობა? რას დავკარგავთ, თუ ჰესი არ აშენდება? შესაძლებელია თუ არა მცირე ჰესებით „ხუდონჰესის“ ჩანაცვლება? რას ფიქრობენ ამ პროექტის შესახებ სხვადასხვა პარტიის წევრები და როგორია მათი არგუმენტები:
მალხაზ წერეთელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
მხარს ვუჭერ, რომ საქართველოს ჰქონდეს ენერგოდამოუკიდებლობა, რაც გიგანტური ჰესის მშენებლობის გარეშე ვერ მიიღწევა. თუმცა, არ ვიცი, ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინაშე რეალურად რა პრობლემები დგას. წმინდა ადამიანური გადასახედიდან, პოზიციების დაფიქსირება მიჭირს. სასურველი იქნება, თუ ამ პროექტის შესახებ მეტი მეცოდინება. არ ვარ მომხრე, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობა საქართველოს ახირებად იქცეს, მაგრამ ერთი-ორი ასეთი ჰესი ნამდვილად უნდა გვქონდეს. ვფიქრობ, ენგურთან ერთად, ხუდონჰესი ქვეყნის ენერგეტიკაში არსებულ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხებს.
მთავარია, პროექტი საერთაშორისო პარამეტრებით აშენდეს და გარემოზე ნეგატიური გავლენა არ გამოიწვიოს.
დავით ებრალიძე, ყოფილი ენერგოომბუდსმენი: ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ქვეყნისთვის უკეთესი პირობებით. ის პირობები, რაც დღესაა ცნობილი, არ არის ქვეყნისთვის მთლად სასარგებლო. ხუდონჰესი ისე უნდა აშენდეს, რომ მან საქართველოს მეტი ეფექტი მოუტანოს, მეტი ენერგია და მეტი შემოსავლები.
ჯონდი ბაღათურია, ,,ქართული დასის” ლიდერი:
ჩემი დამოკიდებულება ნებისმიერი გიგანტური ჰესების მიმართ უარყოფითია. ამდენად, ხუდონჰესის მშენებლობის მიმართ დადებითად განწყობილი ვერ ვიქნები. მიმაჩნია, რომ დიდი ჰესები გარემოზე უარყოფითად მოქმედებენ, განაპირობებენ ეკოკლიმატის ცვალებადობას და ქრისტიანულ ძეგლებს ანადგურებენ. თუმცა, მხარს ვუჭერ მცირე ჰესების მშენებლობას და ვთვლი, რომ ხელისუფლებამ სწორედ ამ მიმართულებით უნდა აიღოს კურსი, რომ ენერგეტიკული განვითარება არ შეფერხდეს. ამისთვის მცირე ჰესებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. იაფი ელექტროენერგია ნამდვილად გვჭირდება, მაგრამ არა გიგანტური ჰესების მიერ გამომუშავებული. ძალიან ფაქიზი თემაა, რომელიც სწორ ანალიზს და დასკვნებს მოითხოვს, ამაზე პროფესიონალთა მთელი გუნდი უნდა მუშაობდეს.
კომენტარი