ფეხსაცმელები სიონის ეკლესიასთან პატარა ბარი რომ არის, იქ მომიტანე, მე ცურვით დაგეწევიო
ეს ამბავი, კომუნისტების დროს, თბილისში მოხდა...
ოთხი წყალბურთელი ძმაკაცი რესტორნიდან გამოვიდა. ძველ თბილისში რესტორანი „ნადკუროი“ განთქმული იყო. მოკლედ, იქ მაგრად დათვრნენ ძმაკაცები და გამოვიდნენ. თებერვალია, მტკვარს მოაქვს დამდნარი თოვლი, ხე, ბუჩქი...
ერთმა თქვა, ვინც არ გადახტეს ახლა ამ წყალშიო. სხვები ხომ არ ჩამორჩებოდნენ და დაეთანხმნენ, მოდიო. ტანსაცმლიანებმა ისკუპეს წყალში. ერთი გადახტა, მეორე მიჰყვა, მესამე მიჰყვა. მეოთხე დგას, ფიქრობს, გადავხტე, არ გადავხტე. თან წყალი ცივია, დახრჩობის დიდი საფრთხეა.
ბიჭები წყლიდან უქნევენ ხელ-ფეხს, გადმოხტიო უყვირიან. ამ ტიპმა მიაძახა, ბიჭებო „ინსპექტორები“ მაქვს ახალი ნაყიდი, სამასი მანეთი მივეცი, დღეს პირველად მაცვია და როგორ გავიმეტო ამხელა ფასიანი ფეხსაცმელიო.
ისინი გადაირივნენ, დაგინებულია ბიჭო, არ შეიწერო, რა გჭირს, ვაჟკაცი არ ხარო. ერთი სიტყვით, ნამუსზე შეაგდეს.
ამ ტიპმა იფიქრა, იფიქრა და ბოლოს გააჩერა ტაქსი. გაიხადა ფეხსაცმელები, ჩაუწყო ტაქსის მძღოლს მანქანაში, ფული გაუწოდა და უთხრა: აჰა, ძმაო, ფული და ეს ფეხსაცმელები სიონის ეკლესიასთან პატარა ბარი რომ არის, იქ მომიტანე, მე ცურვით დაგეწევიო.
მძღოლი გამოშტერდა. სანამ ის აზრზე მოვიდა, ამან ისკუპა წყალში. ფეხსაცმელები კულტურულად ტაქსით გაუშვა, თვითონ კი გაყინულ, ბინძურ მტკვარში გადახტა და მოუსვა.
ტაქსისტმა მიასწრო დათქმულ ადგილას მოცურავეებს. გააჩერა ტაქსი, გადავიდა, ხელში ფეხსაცმელები უჭირავს. მივიდა ბართან და ბარმენს უთხრა, თუ ძმა ხარ, ოთხი პატარა სირჩა არაყი ჩამოასხიო.
ბარმენი გაშტერდა თურმე, ერთი კაცია, ოთხი ჭიქა რად უნდა, ან ფეხსაცმლის ხელში დაჭერა და ასე სიარული რაწესიაო. უკითხავს, ხომ არ მაშაყირებო?! რა ოთხი ჭიქა დაგისხა თუ ძმა ხარ, თან მანქანით ხარო. ტაქსისტს ჩაუცინია, მე არ მინდა ძმაო, ახლა მტკვრიდან ოთხი ბიჭი ამოვა და მათ უნდა დავახვედროო. სულ შეშლილა ბარმენი. არ გასულა ცოტა ხანი და ის ოთხი გაწუწული ძმაკაციც მოსულა. ის არაყიც უხუხიათ და ფეხსაცმელებიც საღ-სალამათი რომ დახვდათ, მადლობა გადაუხდიათ მძღოლისთვის. კარგა ხანი საუბრობდნენ თბილისში ამ ამბავზე"...
კომენტარი