დააკავეს მეან-გინეკოლოგი, რომლის გულგრილობასაც ნამშობიარები ქალი ემსხვერპლა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ი.მ.-ს თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2013 წლის იანვარში, დუშეთში შპს „ჯეოჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი ი.მ. ახლად ნამშობიარებ დ.დ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც სეფსისი განუვითარდა, გულგრილად მოეპყრო. მან დროულად ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დადგენა, ასევე არ უზრუნველყო პაციენტის სწორი სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა, რამაც დ.დ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა, რის შედეგადაც იგი 2013 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა.
2019 წლის 26 ივლისს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ი.მ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 3 წელი პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მას ასევე, 3 წლით ჩამოერთვა საექიმო საქმიანობის უფლება.
ბრალდების მხარემ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა, რაც პროკურატურამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
უზენაესმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში დაფიქსირებული გარემოებები და ი.მ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 წელი და 6 თვე პირობითი მსჯავრი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე მას 3 წლით ჩამოერთვა საექიმო საქმიანობის უფლება.
სასამართლოს განაჩენის აღსრულება შესაბამისმა სამსახურმა დაუყოვნებლივ უზრუნველყო და სასამართლო დარბაზში მყოფი მსჯავრდებული ი.მ. ადგილზე დააკავეს.
კომენტარი