მაშინ როცა ხანძარს რადიოაქტიური ნარჩენების საცავამდე ცოტაღა აშორებდა ცეცხლი წვიმამ ჩააქრო
ჩერნობილის მახლობლად, ხანძარი ლიკვიდირებულია. მაშინ როცა ხანძარს რადიოაქტიური ნარჩენების საცავამდე 2 კილომეტრი აშორებდა ცეცხლი წვიმამ ჩააქრო.
11 დღის მანძილზე სტიქიას 300-ზე მეტი მეხანძრე და ათობით ვერტმფრენი ებრძოდა. სპეციალისტთა ნაწილის განცხადებით, დაფიქსირდა რადიაციის დონის მატებაც. თუმცა ინფორმაციას კიევის ოლქის ხელმძღვანელობა დღემდე კატეგორიულად უარყოფს. ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.
ჩერნობილის რეგიონში ხანძრის კერებთან დაკავშირებით პირველი განცხადება დღეს უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რადიაციული ფონის შესაძლო მატებასა და ხანძრის კერებთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებების ანგარიშს ხვალისთვის ელოდება.
ჩერნობილში ხანძარმა 30 ჰექტარზე ფლორა და ფაუნა თითქმის სრულად გაანადგურა. ცხოველების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა.
ჩერნობილის აფეთქებიდან 34 წლის შემდეგ რადიოაქტიურ სადგურს ისევ საფრთხე შეექმნა. ჩერნობილის რეაქტორზე აფეთქება 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. ამჟამად რეაქტორში 200 ტონა რადიოაქტიური მასალაა დარჩენილი, რაც ნებისმიერი სტიქიის დროს კვლავ საფრთხეს ქმნის. სადგურის უსაფრთხოდ გამოცხადება, სპეციალისტების ვარაუდით დაახლოებით 100 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
კომენტარი