სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: "საქართველო სახელმწიფოებრიობის ტრადიციას ახლა ქმნის"

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "საქართველო სახელმწიფოებრიობის ტრადიციას ახლა ქმნის".

როგორც პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზი არსებობს, თუმცა ქვეყანა შეუქცევადად ვითარდება".

"მე-20 წელია, ამ დღეს ვხვდებით, როგორც სუვერენული სახელმწიფო და თავისუფლება არის არა მიზანი, არამედ რეალობა. ისტორიული თვალსაზრისით, 20 წელი ერთი პატარა გაელვებაა, მაგრამ თავად განსაჯეთ, ბოლოს საქართველო ზედიზედ 20 წელი თავისუფალი 1465 წელს იყო. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რამდენად დიდი მონაპოვარი და ამავდროულად, რამდენად გასაფრთხილებელია ეს თავისუფლება. რეალურად, ქართული სახელმწიფოებრიობის ტრადიციას ჩვენ მხოლოდ ახლა ვქმნით. ახლა ვაცნობიერებთ, რომ სისტემა, რომელსაც ვაშენებთ, ჩვენს მიერ იქმნება და სხვა სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ და ხარვეზები არსებობს, საამაყოა ის უსაზღვრო ნიჭი და მონდომება, რომელიც ქართველმა ერმა გამოიჩინა. ჩვილი ბავშვივით უსუსურ სუვერენიტეტს მუდმივად თავს ესხმის გაცილებით დიდი და ძლიერი მეზობელი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, თავისი იმპერია აღადგინოს და ამას საქართველოში ჩაუყაროს საფუძველი. ამ პერიოდის განმავლობაში გამოვიარეთ სამოქალაქო ომის, შიმშილის, განუკითხახობის, ქაოსის წლები, გამოვცადეთ არასწორი ნაბიჯები, შეცდომები, არარეალური მოლოდინები, მაგრამ შევძელით ფეხზე წამოდგომა და ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოდ ვაშენებთ სახელმწიფოებრიობას. მტკიცედ მივყვებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის კურსს და საგარეო პოლიტიკური არჩევანი ურყევია", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ "20 წელი ერთდროულად ძალიან ცოტა და ძალიან ბევრია".

"ჩვენ არ ვართ იმ უფსკრულში, სადაც ვიყავით, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია, სანამ გავივაკებდეთ. საქართველოს სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ უზრუნელყოფს თავისი ყოველი მოქალაქის კეთილდღეობას, ჯერ კიდევ იბრძვის თავის ადგილის დასაკავებლად დასავლურ ცივილიზაციაში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, "ახლა სახელმწიფოს უპირველესი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და დეოკუპიაციაა".

სამხედრო აღლუმზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისა და პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულებს, ასევე სამხედროების ფიცის მიღების ცერემონიალი გაიმართა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100