სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის ქართველი ლობისტი ამერიკაში და რუსული პოლიტიკური ინტერესები

ცნობილია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამოდენიმე დიდ ლობისტურ კომპანიასთან დადო ხელშეკრულება, რომლებიც გულმოდგინედ მუშაობენ საქართველოს იმიჯის ნეგატიურად წარმოჩენისათვის.

ამერიკაში „ქართული ოცნების“ ლობისტურ ოპერაციებს თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობს. მან გააფორმა ხელშეკრულება ვაშინგტონის დიდ ლობისტურ კომპანიასთან - „პატონ ბოგგსთან“.

სწორედ ამის მერე დაიწყო ამერიკულ გაზეთებში საქართველოს პრეზიდენტის შესახებ ნეგატიური ინფორმაციების მთელი კასკადის გამოქვეყნება.

ვინ არის „ქართული ოცნების“ ლობისტური მანქანის წარმმართველი ძალა ამერიკაში? ამ მიზნით ჩვენ მცირე ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარეთ და ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ.

ცოტა ხნის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიით განაცხადა (ზოგიერთ პოლიტიკოსს უსაყვედურა პოლიტიკური აქტიურობა), რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლური ორიენტაცია აქვს. მან ნინო ბურჯანაძესა და სხვა პოლიტიკოსებს მიუთითა იმაზე, რომ რუსეთთან კავშირის დამყარება არ შეიძლება.

ახლა ვნახოთ რა როლს ასრულებს ბატონი ივანიშვილის ლობისტურ საქმიანობაში რუსეთი და რუსული პოლიტიკური ინტერესები. კერძოდ, რა კავშირშია თინა ხიდაშელი და ხომ არ ფარისევლობს „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ლიდერი, როდესაც ლაპარაკობს დასავლურ ორიენტაციაზე?

როგორც ჩვენ ვაშინგტონში გვითხრეს, ბიძინა ივანიშვილის პიარ კომპანიას პერსონალურად ხელმძღვანელობს ორი ადამიანი: ესენი არიან ჟურნალისტი სტეფანია მანსფილდი და მისი მეუღლე, ასლან აბაშიძის პარტიის ყოფილი ლიდერი, ცოტნე ბაკურია. ისინი ლობისტურ კომპანია PCI Communications, Inc. წარმოადგენენ.

„რესპუბლიკელები“ ყოველთვის ამაყობდნენ იმით, რომ ისინი ებრძოდნენ ასლან აბაშიძის რეჟიმს... თუმცა, დღეს მათი და ბიძინა ივანიშვილის ლობისტურ კამპანიას ვაშინგტონში, აჭარელი ფეოდალის, ასლან აბაშიძის პარტიის ხელმძღვანელი უდგას სათავეში.

მეტიც, ცოტნე ბაკურია ცოტა ხნის წინ რუსული ტელევიზიით გამოდიოდა და ქართულ-რუსულ ომში საქართველოს საჯაროდ ადანაშაულებდა.

ეს არ არის 2003 წლის ჩანაწერი... 2009 და 2010 წელს ბაკურია ხშირად ახმოვანებდა ოკუპანტ პუტინის პოზიციას. მისი და მისი მეუღლის კომპანია კი პუტინის ახლო მეგობარი ოლიგარქების მომსახურებით იყო დაკავებული.

სწორედ ამიტომაა, რომ დღეს, თინა ხიდაშელი გულმოდგინედ მალავს მათ მონაწილეობას ამ ლობისტურ კომპანიაში. არადა ვაშინგტონში ყველამ იცის, რომ ბატონი ივანიშვილის პოლიტიკური ლობისტების უკან ბაკურია და მისი ცოლი დგანან.

„პრესა.ჯი“-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ბაკურიას და მისი მეუღლის მიერ წარმოებული პიარ კამპანიის უკან პუტინთან დაახლოებული კიდევ ერთი ოლიგარქი დგას - სერგეი ვერემეენკო.

სწორედ მისი დამხარებით მოხდა ბიძინა ივანიშვილის „ფორბსთან“ დაკავშირება, რომელიც რატომღაც ამ ჟურნალის მოსკოვის ოფისიდან განხორციელდა, მაშინ როდესაც „ფორბსს“ ოფისი თბილისშიც აქვს.

ვერემეენკო ახდენს ქალბატონი ხიდაშელის და ბატონი ბაკურიას ფარული პიარ–ხარჯების ანაზღაურებასაც. გარდა ივანიშვილის მიერ გაწეული პირდაპირი ხარჯებისა, ვერემეენკოს საშუალებით პუტინი ფარავს საქართველოს საწინააღმდეგო ლობისტური საქმიანობის „შავი ბუღალტერიის“ დაფინანსებას.

ვაშინგტონში ამჟამად მიმდინარე პიარ–კამპანია საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ რუსული სახელმწიფო კაპიტალის მიერ არის დაფინანსებული. ივანიშვილის უშუალო თანხების გარდა, აქ მონაწილეობს სხვადასხვა რუსი ოლიგარქების კაპიტალიც.

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ბაკურიას და მანსფილდის კომპანია უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს რუს ოლიგარქთან და მის უშუალო „ბიზნეს“ დავალებებს ასრულებს.

ამიტომაა რომ რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ინგლისურენოვან არხზე ბაკურია დროდადრო გამოდის და საქართველოს ხელისუფლების დამხობას ითხოვს.

საინტერესოა, იზიარებს თუ არა, თინა ხიდაშელი მისი და ბიძინა ივანიშვილის მთავარი ლობისტის, ცოტნე ბაკურიას პოზიციას ქართულ-რუსული ომის შესახებ?

აპირებენ თუ არა, „რესპუბლიკური“ პარტიის წევრები, საქართველოში ასლან აბაშიძის რეჟიმის რეანიმაციას? ვიმედოვნებთ, რომ ამ შეკითხვას ქალბატონი ხიდაშელი დასაბუთებულ პასუხს გასცემს.

ასევე ვიმედოვნებთ, რომ ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, ბატონი ივანიშვილი განმარტავს - რატომ საყვედურობდა ნინო ბურჯანაძეს პუტინთან ღიად შეხვედრას მაშინ, როცა ოლიგარქის ემისრებს ვაშინგტონში, ასლან აბაშიძის ნარჩენები პატრონობენ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100