ინგა გრიგოლია გლდანის მაჟორიტარ კანდიდატად რჩება
ინგა გრიგოლიას ადგილსამყოფელის დადგენას მისი მეგობრები და კოლეგები ცდილობენ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს გრიგოლიას მეგობარმა გაზეთ „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელმა თამარ ფხაკაძემ განუცხადა, ინგასთან ბოლო 6 დღეა არ უსაუბრია.
„ნამდვილად არ ვიცით სად არის ინგა. მეც თქვენთან ერთად ველოდები მის გამოჩენას. ამბობენ, რომ ქალაქში არ იმყოფება“,- განაცხადა თამარ ფხაკაძემ.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება გრიგოლიას გაუჩინარება პოლიტიკური სახის სპეკულაციას, მით უფრო რომ „ქდმ“-ს გლდანის მჟორიტარობის კანდიდატს საოლქო კომისიაში განცხადება კანდიდატურის მოხსნის შესახებ ამ დრომდე შეუტანია, ფხაკაძე აცხადებს, რომ ეს გამორიცხულია.
„ინგა არ არის ეგ ტიპაჟი, ნამდვილად არ ვიცი რა იყო რეალურად მისი წასვლის მიზეზი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ინგა პოლიტიკურ სპეკულაციას არ ჩაიდენდა“,- განმარტა გრიგოლიას მეგობარმა.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ უკვე ხუთი დღეა კანდიდადტურა მოხსნა, თუმცა ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რომ იგი მაჟორიტარობის კანდიდატად რჩება. მისი თქმით, ინგა გრიგოლიას კანდიდატურის მოხსნის შესახებ საოლქო კომისიაში განცხადება არ შეუტანია, შესაბამისად, ის რჩება აღნიშნულ პოზიციაზე და გლდანის მოსახლეობას საშუალება ეძლევა მას ხმა მისცენ.
კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატს უფლება აქვს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 დღისა.
გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ინგა გრიგოლია კვლავ მაჟორიტარობის კანდიდატად რჩება. მისივე თქმით, მიღებული ხმების რაოდენობა გრიგოლიას მიმართ ჩვეულებრივ დაფიქსირდება.
შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლიამ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ საზოგადოებას 24 სექტემებრს სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო.
კომენტარი