სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანკი „ქართუ“ 822 040 ლარის ჯარიმას გადაიხდის, მაგრამ გაასაჩივრებს

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, "კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტზე", სს "ქართუ ბანკი" უკანონო შემოწირულობების ათმაგი ოდენობით - 822 040 ლარით დააჯარიმა.

როგორც კონტროლის პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კორუფციული სქემის მიხედვით, სს "ქართუ ბანკმა" თავის თანამშრომლებს ჩაურიცხა დიდი ოდენობით პრემია - 82 204 ლარი, ამ თანხის აიპ საზოგადოებრივი მოძრაობა – "ქართული ოცნებისთვის" შემდგომი გადარიცხვის მიზნით.

"ამ ფაქტს ადასტურებენ სს "ქართუ ბანკის" თანამშრომლები - რ. ქურდაძე და ზ. ხუხუნეიშვილი. რ. ქურდაძემ პრემიის სახით მიიღო - 44 400 ლარი, ხოლო ზ. ხუხუნეიშვილმა - 37 804 ლარი, თუმცა, შემდგომ უკანონო გარიგებაში მონაწილეობის მიღებაზე მათ უარი განაცხადეს", - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.

"ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი კონტროლის პალატის მიერ ბანკის დაჯარიმების გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა, "ქართუ ბანკთან" დაკავშირებული პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის არც ერთი გადაწყვეტილება სამართლიანობასა და კანონიერებასთან მიახლოებულიც არ ყოფილა.

"დღევანდელი გადაწყვეტილებაც იყო აბსურდული და ძველ სტილში განხორციელებული. აქ არც ლოგიკაა, არც კანონი და არც სამართალი. კანონში წერია, რომ პარტიას ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის უფლება არ აქვს – არც ჩარიცხვია; ჩვენ გვეკრძალება გადარიცხვა – არც გადაგვირიცხავს. თუ გაცემული პრემიები გადაირიცხებოდა, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა რამეზე საუბარი. გვაჯარიმებენ იმ თანხების გამო, რომლებზეც ქალბატონ მოგელაძეს ეჭვი გაუჩნდა, რომ შეიძლება მომავალში გადარიცხულიყო, თუმცა, ერთი თვეა ამ ხალხს თანხა მიღებული აქვს და ჯერ არავის არაფერი გადაურიცხავს",- აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა, თუმცა, მას გამორჩა ქურდაძისა და ხუხუნაიშვილის განმარტებები, სადაც ისინი მიუთითებენ (და ეს მედიასთან საუბარშიც დაადასტურეს), რომ დავალება თანხის ნაწილის „ქაღთულ ოცნებაში“ გადარიცხვის სესახებ უშუალოდ, ბანკის ხელმძღვანელობისგან მიიღეს.

ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ეს ბრალდება აბსურდულია და ამის დასტურად ერთი ფაქტი მოჰყავს: „პრემია 19 ადამიანს ჩავურიცხე, დანარჩენები უარყოფენ რაიმე მოთხოვნის არსებობას და რაღა ამ ორს დავავალებდი?“. - ამბობს იგი და ამატებს: „ეს ორი ადამიანი კონტროლის პალატამ გამოიჭირა და ის ათქმევინა, რაც თვითონ უნდოდა“. სხვათა შორის, ნოდარ ჯავახიშვილს ისიც გამორჩა, რომ იგივე წარმატებით, შეიძლება ის და „ქართუ ბანკიც“ დაადანაშაულონ იმაში, რომ 17 კაცი გამოიჭირა და იმას ათქმევინებს, რაც თვითონ უნდა.

მისივე განმარტებით, "ქართუ ბანკი" ჯარიმას გადაიხდის, თუმცა, სასამართლოში იჩივლებს და საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგშიც წავა.

(მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100